ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ოთხშაბათს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ისრაელი გააფრთხილა და განაცხადა, რომ „ბრძოლა იწყება“. ხამენეიმ ეს განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვიდან რამდენიმე საათში გაავრცელა – ტრამპმა მისგან „უპირობო დანებება“ მოითხოვა. ამან ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შესახებ სპეკულაციები გამოიწვია.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა: „ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“. ამის შემდეგ ირანის ლიდერმა თავის ოფიციალურ ინგლისურენოვან გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია: „ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს… ჩვენ არ გამოვავლენთ სიონისტების მიმართ მოწყალებას“.
Axios-ის ცნობით, ტრამპი სამშაბათს საღამოს, უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა: „ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი““. აღსანიშნავია, რომ აიათოლა ალი ხამენეი სულ უფრო მეტად ცდილობს იზოლირებას მას შემდეგ, რაც ისრაელმა მისი რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი მოკლა.
ტრამპმა დასძინა, რომ ხამენეი უსაფრთხოდ იქნება და მის მოკვლას არ აპირებენ, „სულ მცირე, ახლა – არა“, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მათი „მოთმინება იწურება“. სამშაბათს დილით გამოქვეყნებულ პოსტში კი ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა.
ორშაბათს, ტრამპმა კანადაში G7-ის სამიტიდან აშშ-ში დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ირანის ბირთვული პროგრამის დასრულება სურდა და აღნიშნა, რომ „ამჟამად მოლაპარაკებებისთვის დიდად განწყობილი არ არის“.
ტრამპმა ასევე გააფრთხილა ირანი აშშ-ის პერსონალი და აქტივები მიზანში არ ამოიღოს, თორემ შეერთებული შტატებისგან ძლიერ პასუხს მიიღებენ.
იხილეთ ასევე: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა