ღამით ირანმა ისრაელზე 200-მდე ბალისტიკური რაკეტით შეტევა მიიტანა. რაკეტების უმეტესობა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა, თუმცა ნაწილმა მიზანს მიაღწია და ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მიმდინარე წელს ეს ირანის ისრაელზე განხორციელებული მეორე მასიური შეტევაა. შეგახსენებთ, რომ ირანმა რამდენიმე ასეული რაკეტისა და დრონის გამოყენებით ისრაელზე თავდასხმა აპრილშიც განახორციელა.
ირანის თავდასხმის შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ისრაელი რამდენიმე ათეული ადამიანის დაშავების შესახებ აცხადებს. ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სარაკეტო თავდასხმის პარალელურად ისრაელში განხორციელებულ ტერაქტს საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა 180 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით კი რაკეტების 90% სამიზნეს მოხვდა. მათივე განმარტებით, შეტევისას პირველად გამოიყენეს ჰიპერბგერითი რაკეტა Fattah-1 და მისი მოდიფიცირებული ვარიანტი Fattah-2, რომელთა ფრენის მანძილიც 1,400 კილომეტრია, სიჩქარე კი 13-15 მახი. თუმცა უმეტესად შეტევისას Kheibar Shekan-ისა და Shahab-3 ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
ირანიდან გასროლილი რაკეტების მოგერიებაში ისრაელს დახმარებას აშშ და მოკავშირეები უწევდნენ. საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს იორდანიამ და ერაყმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემამაც ჩამოაგდო, ერთი კი იორდანიის დედაქალაქ ამანში დაეცა.
ირანის ისრაელზე თავდასხმას ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მსოფლიო ელოდა. ისრაელის მიერ ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებისა და მოკავშირეთა ლიდერების მკვლელობის გამო ირანის თავდასხმა თითქოს გარდაუვალი იყო, თუმცა პასუხი რამდენიმე თვე დაყოვნდა.
ცნობისათვის, ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას, „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაურის აბას ნილფორუშანისა და სხვა ათობით მაღალი რანგის ოფიცრის ლიკვიდაცია მოახდინა. რამდენიმე დღის წინ კი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციების შესასუსტებლად რამდენიმე ასეული სარაკეტო თავდასხმაც განახორციელა. სწორედ ასეთ მასირებულ სარაკეტო თავდასხმას 27 სექტემბერს ბეირუთში ემსხვერპლა შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ჰასან ნასრალაც. გუშინ კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „შეზღუდული“ სახმელეთო სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალების 98-ე და 36-ე დივიზიები მონაწილეობენ. ისრაელის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მიზანი „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
შესაბამისად, დარგის ექსპერტების მოსაზრებებით, ირანის „შურისძიება“ გარდაუვალი იყო და საზოგადოების ანტი-ზიონისტური განწყობების შესანარჩუნებლად სხვა გამოსავალი ნაკლებად ჰქონდა.
ირანის პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით, გუშინდელი თავდასხმა ისრაელის ბოლოდროინდელ ქმედებებზე პასუხს წარმოადგენდა და ის დასრულებულია. თუმცა ისრაელის მხრიდან საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში, შეტევის განმეორებით იმუქრებიან. თავის მხრივ ისრაელის მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის გუშინდელ თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს და ირანი „საფასურს გადაიხდის“.
გუშინვე ისრაელმა საპასუხო საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში და სირიის ტერიტორიაზე. კონკრეტულად რა სახის იქნება და როდის განხორციელდება ირანზე ისრაელის საპასუხო იერიში, ჯერჯერობით უცნობია.