Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა რუსეთს დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა, რაც ორ სანქცირებულ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. სამი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საუბარია Fateh-100-ის ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედ 400-მდე ერთეულ ბალისტიკურ რაკეტაზე. მოდიფიკაციების შესაბამისად, ზემოხსენებული ტიპის ბალისტიკური რაკეტების საცეცხლე მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდე მერყეობს.
აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ცნობებით, ბალისტიკური რაკეტების რუსეთისათვის მიწოდება იანვარში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ რუს და ირანელ კოლეგებს შორის გასული წლის ბოლოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თეირანსა და მოსკოვში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტების კრემლისათვის მიწოდების გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრებზე მიიღეს. წყაროების მიერ Ruters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტების ნაწილი კასპიის ზღვით, ნაწილი კი საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდეს.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აკრძალვას, ირანიდან კონკრეტული ტიპის რაკეტების, დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე, ვადა გასული წლის ოქტომბერში გაუვიდა. თუმცა, აშშ-მა და ევროკავშირმა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე სანქციები ძალაში დატოვა, რისი მიზეზიც სწორედ რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალებისათვის რაკეტების პოტენციურად მიწოდების საფრთხე გახლდათ.
ბალისტიკური რაკეტებით რუსეთს ირანის გარდა ჩრდილოეთი კორეაც ამარაგებს. თუმცა ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტების ეფექტიანობა ირანულზე ბევრად დაბალია.