(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)
იმისდა მიუხედავად, გასულ ნოემბერს ჟენევაში ირანთან მიღწეული შეთანხმება აიძულებს თუ არა მას ხელი აიღოს ბირთვული იარაღის შექმნაზე, ერთი კითხვა მაინც რჩება: საერთოდ, რაში სჭირდება ირანს ბირთვული იარაღი?
ბირთვული ბომბისა და ბირთვული შესაძლებლობის ქონა ერთი და იგივე რამ არ არის. პაკისტანს უკვე დაახლოებით 20 წელია, რაც ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი ეფექტიანი გამშვები სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებდა ადგილობრივ, მცირე ზომის სამიზნეებზე უფრო მეტად შორ მანძილზე მის გაშვებას და მიზანში მოხვედრას. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეოთხედი მუდმივად ამ იარაღის შინაური თუ გარეული ტერორისტებისგან დაცვით არის დაკავებული. პაკისტანის მიერ ბირთვული იარაღის ქონის მთავარი შედეგი ის არის, რომ მისი ისედაც მტრული ურთიერთობა ინდოეთთან კიდევ უფრო გაუარესდა. პაკისტანი ფლობს საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც ინდოეთისთვის ერთი ან ორი შემაძრწუნებელი დარტყმის მიყენებას შეძლებდა, მაგრამ საკუთარი არსებობის საფასურად. ასე რომ, ატომური ბომბის ქონა ერთგვარი თვითმკვლელობის აბის ტოლფასია ისეთი მეორე რიგის ქვეყნისთვის, როგორიც პაკისტანია.
გერმანიასა და იაპონიას, მსოფლიოს ორ უმსხვილეს და ყველაზე ეფექტიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არასოდეს აზრადაც არ მოსვლიათ ბირთვული იარაღის შექმნა. ორივე ქვეყანა ნამდვილად დარწმუნდა იმაში, რომ ამით ბევრი ფულიც დაზოგეს და საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაც არაჩვეულებრივად გაამარტივეს ისე, რომ მათი როგორც ზესახელმწიფოების პოზიციები სულაც არ შესუსტებულა. უნივერსალური პოლიტიკური კონსენსუსი ორივე ქვეყნის შემთხვევაში შემდეგია – ბირთვულ იარაღზე დადებული ვეტო განუსაზღვრელი დროით უნდა დარჩეს დაფიქსირებული.
ისეთი აქტიური ზესახელმწიფოების გარდა, როგორიცაა აშშ და ჩინეთი, ძნელია ქვეყნის პოვნა, რომელსაც სარგებლობას მოუტანდა ბირთვული შესაძლებლობა. გამონაკლისი შეიძლება რუსეთი იყოს. მისი 8 500 ან დაახლოებით ამდენი ატომური ქობინი და სარაკეტო სისტემები ვლადიმირ პუტინის დაშინებისა და კუნთების თამაშის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურება. მხედველობაში თუ არ მივიღებთ რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეს, მისი ეკონომიკური სისტემა არაშთამბეჭდავია. ქვეყანა უკეთეს სამსახურს გაუწევდა საკუთარ თავს, თუ რესურსებს თავისივე დეფექტურ ინფრასტრუქტურაში დააბანდებდა და არა საკუთარი თავის სამხედრო ზესახელმწიფოდ წარმოჩენაში. სამწუხაროდ, ასეთი გლობალური რევოლუცია აზროვნებაში წარმოუდგენელია ისეთი შეზღუდული პიროვნებებისთვის, რომლებიც ამჟამად ქვეყნის სათავეში დგანან. ისინი ამჯობინებენ შეინარჩუნონ რომელიმე სხვა ქვეყნის დასანგრევი და გასანადგურებელი საშუალებები, ვიდრე შექმნან ნამდვილად თანამედროვე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც სარგებლობას მოუტანდა საკუთარ ხალხს.
სასურველი აზროვნება
ის მიზეზები, რომელთა გამო ირანს ბირთვული იარაღის ქონა სურს, მეტაფიზიკასთან ან თეოლოგიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მკაცრ სამხედრო პოლიტიკასთან. თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს ამ არგუმენტს: თუ ირანი ასეთ უმნიშვნელო სარგებელს იღებს ბირთვული იარაღიდან, მაშინ რატომ არის ისრაელი და საუდის არაბეთი, მისი ორი მთავარი მტერი, ასე შეშინებული ჟენევაში მიღწეული პაქტის გამო? რატომაა ასეთი ძლიერი წინააღმდეგობა?
პასუხი ნათელია – ისრაელისა და საუდის არაბეთის (ისევე, როგორც ამ რეგიონის სხვა ქვეყნების, კერძოდ, კატარის) სამხედრო, ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსების გეოგრაფიული კონცენტრაციის გამო, ორივე სახელმწიფო განსაკუთრებით მგრძნობიარე/მოწყვლადია თუნდაც ერთი, გამანადგურებელი დარტყმის მიმართ. პრაქტიკული რეალობის ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, საეჭვოა, რომ ირანმა უახლოეს მომავალში თუნდაც ერთი ბირთვული იარაღის აფეთქება შეძლოს ამ ორი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მაგრამ ისრაელისა და საუდის არაბეთის სამხედრო დაგეგმვის ორგანოებს არა აქვთ ისეთი შეცდომის დაშვების უფლება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მათი ერების სიცოცხლეს. ირანის მიმდინარე ბირთვული საქმიანობა წარმოადგენს როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემას.
რა უნდა გააკეთონ ისრაელმა და საუდის არაბეთმა, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ? ირანმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ საგარეო პოლიტიკაში დასახულ ძირითად მიზნებზე, რომელთა შორისაა ებრაული სახელმწიფოს და სუნიტური სამეფოს დანგრევა და ყველა მათი ბირთვული დანადგარის განადგურება, იმ დანადგარების ჩათვლით, რომლებიც სრულიად მშვიდობიან ენერგეტიკულ მიზნებს ემსახურება. ეს მეტისმეტად დიდი მოთხოვნაა, რთული ამოცანაა და ნაკლებად შესაძლებელია, რომ ოდესმე შესრულდეს. თუმცა, ვინაიდან როგორც ისრაელი, ისე საუდის არაბეთი რეალისტები არიან, ალბათ, 100%-იან უსაფრთხოებაზე ცოტათი ნაკლებზე მაინც ეცდებიან შეთანხმებას. მთავარი საკითხია ჟენევის შეთანხმება, რომელიც სავსეა ირანის სასარგებლოდ მოქმედი ხარვეზებით და დამოკიდებულია – საერთაშორისო ოქმებისთვის უჩვეულოდ დიდი ხარისხით – ხელმომწერი მხარეების კეთილსინდისიერებასა და პირადი სიტყვის შესრულებაზე.
მას შემდეგ, რაც ირანში ერთი თაობის წინ ძალაუფლება მოლებმა ჩაიგდეს ხელში, ქვეყანამ ველური და სისხლიანი მუქარების დიდი გამოცდილება დააგროვა. მას, დაახლოებით იგივე პოზიცია უკავია, რაც ჰიტლერულ გერმანიას ეკავა წინა საუკუნის 30-იან წლებში. არავინ ენდობა ირანს და მის ლიდერებთან გარიგება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რა დადგება რისკის წინაშე. თუკი თქვენ საფრთხეს მთელ ქვეყანას და ხალხს უქმნით – როგორც ისრაელელები და საუდის არაბები, – მაშინ, თუ საოცრება არ მოხდა, გარიგება არ შედგება.