ისლანდიაში ნახშირორჟანგის მსოფლიოში უდიდესი გამწოვი ამუშავდა

ისლანდიაში ნახშირორჟანგის მსოფლიოში უდიდესი გამწოვი ამუშავდა

8 სექტემბერს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს ნახშირორჟანგის მსოფლიოში უდიდესი გამწოვი ქარხანა, სახელწოდებით Orca ამუშავდა – პროექტზე ნახშირორჟანგის გაწოვის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, შვეიცარიული Climeworks-ი და ისლანდიური Carbfix-ი მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ გამწოვი ჰაერის შთანთქმის (Direct Air Capture – DAC) ტექნოლოგიით ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ატმოსფეროდან გაიწოვება, ხოლო შემდეგ მიწის ქვეშ ინახება ან სინთეტიკური საწვავისა თუ გაზირებული სასმელებისათვის გადამუშავდება.

მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს მსოფლიოში ჰაერის შთანთქმის 15 ქარხანა ფუნქციონირებდა, რომლებიც, ჯამურად, ყოველ წელს, ცხრა ათას ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავენ. Orca-ს დამფუძნებლების განცხადებით, მათი ქარხანა, ყოველწლიურად, ოთხი ათას ტონა ნახშირორჟანგს გაიწოვს, რითაც ჰაერის გაწმენდის მსოფლიო ძალისხმევას 40%-ით გაზრდის. ისე კი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესების შესაჩერებლად, არც ეს ცამეტი ტონაა საკმარისი, რადგან მხოლოდ 2020 წელს ატმოსფეროში 31.5 მილიარდი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგი გამოიყო. Climeworks-ის დამაარსებლის, იან ვურცბახერის აზრით, მისი გამწოვის წარმადობა ზღვაში წვეთია მსოფლიოში არსებულ გამონაბოლქვთან შედარებით. თუმცა კი, მისი აზრით, ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს და მისი კომპანია ამის ნათელი მაგალითია.

მიუხედავად მისი გამოსადეგობისა, ჰაერიდან ნახშირორჟანგის გაწოვის ტექნოლოგია საკმაოდ ძვირად ღირებულია: Orca-ს დამაარსებლების თქმით, ქარხნის აშენება მათ 10-15 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდათ. Climeworks-ის ბიზნესმოდელი ნახშირორჟანგის კომპენსაციებს ეყრდნობა. ნახშირორჟანგის ერთი ტონის გადამუშავება კორპორაციულ კლიენტებს $600 უჯდებათ, ხოლო ინდივიდუალურ კლიენტებს $1200 – კერძო კლიენტებს ყოველთვიური პაკეტების შეძენაც შეუძლიათ. ამჟამად კომპანიას რვა ათასი კერძო და ორმოცდაათი კორპორაციული კლიენტი ჰყავს, მათ შორის Microsoft-ი, Stripe-ი და Shopify. დროთა განმავლობაში, Climeworks-ი მისი ტექნოლოგიის გამოყენების საფასურის $100-$150-მდე დაწევას ვარაუდობს.

აღსანიშნავია, რომ ჰაერიდან ნახშირორჟანგის გაწოვის ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. გასულ თვეს ამერიკის კონგრესმა ინფრასტრუქტურის მასიური ორპარტიული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის $8.5 მილიარდი არის გამოყოფილი. ამავდროულად, კომპანიები Occidental-ი და Carbon Engineering-ი ისეთი ქარხნებისთვის  მუშაობენ, რომელთაც წელიწადში ერთი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის გაწოვა შეეძლებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *