საქსტატი: 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდა

საქსტატი: 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ 2021 წლის პირველი ნახევრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21,839 ბავშვი შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით 25,821 ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ, რაც გულისხმობს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, -3,982 კაცი მოიცვა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 717, ხოლო ქვემო ქართლში 195. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებლით იმერეთი გამოირჩევა, სადაც ბუნებრივი მატება -1,517 ადამიანს უტოლდება. თბილისის მონაცემებით კი ბუნებრივი მატება -675 კაცით განისაზღვრა.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებულ ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელს, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9,163  და განქორწინების 4,675 შემთხვევა.

2021 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი 2022 წლის მარტის ბოლოს იქნება.