ისრაელ-ირანის კონფლიქტის მეხუთე დღე - ტრამპი თეირანს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელ-ირანის კონფლიქტის მეხუთე დღე - ტრამპი თეირანს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო შეტევების დაწყებიდან მეხუთე დღეა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანელებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, კონფლიქტის ესკალაციას ხელი ირანის მთავრობის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების უარყოფამ შეუწყო.

კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა მოწინააღმდეგეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ირანი არასტაბილურობის წყაროა და მას ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, ლიდერებმა თქვეს, რომ ისრაელის უფლება აქვს, თავი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც სამიტი ნაადრევად დატოვა, განაცხადა, რომ მის კანადიდან წასვლას ისრაელსა და ირანს შორის შეთანხმებაზე მუშაობასთან „არანაირი კავშირი არ აქვს“. ცნობისთვის, ტრამპის ვაშინგტონში დაგეგმილზე ადრე დაბრუნებასთან დაკავშირებით ეს ვარაუდი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოთქვა. მისი განცხადებით, აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობა დაიწყო.

„[მაკრონი] ცდება! მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივდივარ ახლა ვაშინგტონში, მაგრამ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით ხდება“, – დაწერა ტრამპმა ორშაბათს, გვიან ღამით, Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად შეერთებულ შტატებთან შეთანხმებაზე უნდა მოეწერა ხელი. ამასთან, მან ირანელებს მოუწოდა, ქვეყნის დედაქალაქი დაეტოვებინათ. „მარტივად რომ ვთქვათ, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მე ეს არაერთხელ მითქვამს! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი!“ – განაცხადა ტრამპმა ორშაბათს.

ირანის „ნოურნიუსის“ ცნობით, დღეს, ქალაქ ქაშანში ისრაელის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ირანულმა მედიამ დღეს დილით ასევე გაავრცელა ინფორმაცია თეირანში აფეთქებებისა და ძლიერი საჰაერო თავდასხმის შესახებ, ხოლო ქალაქის აღმოსავლეთით ისრაელის მიერ ჭურვების ჩამოგდების შემდეგ დაკვამლიანება შეინიშნებოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა ნატანზში, სადაც 320 კილომეტრის დაშორებით ბირთვული ობიექტებია განთავსებული.

ისრაელის სამხედროებმა დღეს განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის იარაღის საწყობებსა და რაკეტების გამშვებ სადგურებზე.

ორშაბათს, გვიან ღამით, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას დაარტყა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს პირდაპირ ეთერში წამყვანი აფეთქების შემდეგ ადგილიდან გაქცევას. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელში, თელ-ავივში, შუაღამის შემდეგ და დილით ადრე საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა, ქალაქის თავზე კი რაკეტების აფეთქების კვალი გამოჩნდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქებების ხმა იერუსალიმსა და ჰერცლიაშიც გაისმა. მოგვიანებით, ამ ქალაქებში შენობების დაზიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ირანის ოფიციალური პირები 224 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. მათივე თქმით, დაღუპულებს შორის ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისრაელის ცნობით კი, მათ მხარეს 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა, განაცხადა, რომ ირანის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის გამო თითქმის 3,000 ისრაელელი იქნა ევაკუირებული.

Axios-ის ცნობით, თეთრი სახლი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის ამ კვირაში შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა კი Fox News-ს განუცხადა, რომ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმებისკენ კვლავ ისწრაფვის.

წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ თეირანმა ომანს, კატარსა და საუდის არაბეთს სთხოვა, ტრამპს მოუწოდონ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე დათანხმდეს. სანაცვლოდ, ასევე წყაროების ცნობით, ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში მოქნილობის გამოჩენის პირობას დებს.

იხილეთ ასევე: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა