ისწავლე „არას“ თქმა დამატებით სამუშაოზე

ისწავლე „არას“ თქმა დამატებით სამუშაოზე

როგორ ვაქციოთ დამსაქმებლისთვის უარის თქმის ხელოვნება იმ აქტივად, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარება?

ეტ კრონინმა იურიდიულ ფირმა Trenam Kemker-ში იურისტის თანაშემწედ მუშაობა 2008 წელს დაიწყო. „იმ დროს ვცდილობდი არ მეთქვა პარტნიორებისთვის, რომ ძალიან დაკავებული ვარ და ახალ პროექტს ხელს ვერ მოვკიდებ”, – იხსენებს ბეტი. მაგრამ ამავე დროს უმცროსი იურისტი უარის სწორად თქმასაც სწავლობდა.

უპირველესად სერიოზული და პასუხისმგებლიანი თანამშრომლის რეპუტაცია შევიქმენი, – იხსენებს კრონინი. – ყოველთვის, როდესაც რაღაცას მავალებდნენ, მე პროექტის ჩაბარების ბოლო ვადას ვეკითხებოდი და ამის მიხედვით ვწყვეტდი, შევძლებდი თუ არა ახალი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას. როდესაც რაღაცას გავალებენ, არ უნდა უპასუხოთ „ვერ მოვასწრებ” ან „ძალიან დაკავებული ვარ”. დღეს ბეტ კრონინი Trenam Kemker-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობებზე აგებს პასუხს

დამსაქმებლების უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ მათმა თანამშრომლებმა მეტი იმუშაონ, მაგრამ ამავე დროს ნაკლები დრო დახარჯონ. და ბევრი პროფესიონალი, ვისაც წარმატების მიღწევა და ძლიერი გუნდის წევრობა სურს, ამ პირობებს თანხმდება.

მაგრამ სწორედ უარის თქმის ხელოვნება შეიძლება იქცეს იმ აქტივად, რომლის წყალობითაც თქვენ კარიერულ წინსვლას მოახერხებთ. დაიმახსოვრეთ, რომ არაა აუცილებელი, ყოველთვის ყველას დაეთანხმოთ და ნებისმიერ სამუშაოს მოჰკიდოთ ხელი, – გვიხსნის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სიუზენ ნიუმანი, სოციოფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა The Book of No – „არას” თქმისას საშუალება გეძლევათ უკვე აღებულ სამუშაოზე გაამახვილოთ ყურადღება, ხოლო ჩვევამ, რომელიც ყოველთვის „დიახს” გათქმევინებთ, შესაძლოა თქვენს რეპუტაციასა და კარიერას ავნოს. კრონინი დარწმუნებულია, რომ „ხელმძღვანელები, რომლებიც დავალებას გაძლევენ, იმედოვნებენ, რომ თქვენ მას დროულად და გულდასმით შეასრულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისეთ ადამიანად ჩაგთვლიან, რომლის ნდობაც არ შეიძლება”.

უარი თქვით სასწრაფოდ შესასრულებელ პროქტებზე

სანამ ახალ პროექტზე მუშაობას დათანხმდებოდეთ, კარგად დაფიქრდით. ის ახალბედები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დავალებას ეჭიდებიან, ძირითადად საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ, ხოლო უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფმა მუშაკებმა უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან ის პროექტები, რომელთა შესრულება მხოლოდ მათ შეუძლიათ და ისინი, რომელთა განხორციელება სხვასაც ძალუძს.

„წარმატებულ კარიერაზე მეოცნებე ადამიანების უმრავლესობა იწყებს იმით, რომ უფროსების თითქმის ყველა დავალებას ასრულებს, თუკი ამ დავალებას სულ ოდნავი კავშირი მაინც აქვს მათ სამუშაოსთან”, – ამბობს ფსიქოლოგი ნანეტ გარტრელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ავტორი წიგნისა My Answer is No… If That’s Okay With You. – მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, თუკი ისინი სამუშაოს წარმატებით გაართმევენ თავს, ჩნდება იმის რისკი, რომ მათ ერთდროულად ბევრ საქმეს „შეაწერენ”. აი, სწორედ ამ დროს უნდა ისწავლოთ მტკიცე „არას” თქმა. „თუკი თქვენ შუალედური რგოლის მენეჯერი ხართ და უფროსებმა პრინტერში კარტრიჯის გამოცვლა დაგავალეს, შეგიძლიათ უარი თქვათ, – გვირჩევს გარტრელი, – მაგრამ თუკი სტაჟიორი ხართ ან უმცროსი მუშაკი, მაშინ ალბათ დათანხმება ჯობია”.

გამოკვეთეთ პრიორიტეტები

სანამ უარს იტყოდეთ, ჩამოთვალეთ ის საქმეები, რომლებიც ახლავე უნდა შეასრულოთ და სთხოვეთ უფროსს, განსაზღვროს პრიორიტეტები. „თქვენ უნდა აუხსნათ მას, რომ პროექტზე კი არ ამბობთ უარს, არამედ ცდილობთ რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები”, – გვირჩევს კრონინი.

აუხსენით მას, რომ იძულებული ხართ, არჩევანი ორ დავალებას შორის გააკეთოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია, ამ არჩევანის დროს შეცდომა არ დაუშვათ. თუ თქვენ უკვე დაკავებული ხართ რაიმე საქმით და უფროსი ახალ დავალებას გაძლევთ, ასეთი პასუხის ნუ მოგერიდებათ: „სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ სამშაბათს N პარტნიორის N პროექტი უნდა მქონდეს მზად. რამდენ დროს მომცემთ თქვენი დავალების შესასრულებლად?” და ეცადეთ ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლედ და აუღელვებლად აუხსნათ. როდესაც თქვენ ამბობთ „არას”, ეცადეთ შეარბილოთ თქვენი უარით გამოწვეული შთაბეჭდილება და დაეხმაროთ თქვენს უფროსს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში. თუ შესაძლებელია, მას საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზა შესთავაზეთ.

„შესთავაზეთ თქვენს უფროსს სხვა ვარიანტები, – გვირჩევს მაიკლ რობერტო, ბრაიანტის უნივერსიტეტის ლექტორი და ავტორი წიგნისა Why Great Leaders Don’t Take Yes for an Answer. – უთხარით: „ახლა ამის შესრულება არ შემიძლია, მაგრამ იქნებ სხვაგვარად დაგეხმაროთ?”

როგორ უნდა ვთქვათ „არა“

უარი მხოლოდ პირადი საუბრისას თქვით და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს ელექტრონული ფოსტით. „მეილში გამოთქმული „არა” შეიძლება არასწორად იქნას აღქმული, – გვიხსნის ნიუმენი. – წერილში ვერ გაიგონებთ დახმარებისთვის მზადყოფნის გამომხატველ იმ ინტონაციას, რომელიც საუბრის დროს ისმის”. თუკი თქვენ რომელიმე შემოთავაზებას არ თანხმდებით, ეცადეთ უფროსს სხვა თანამშრომელი შესთავაზოთ, ამით თქვენს კოლეგასაც კარგ სამსახურს გაუწევთ, ოღონდ მანამდე ის თანამშრომელი ჩააყენეთ საქმის კურსში და მისგან თანხმობა მიიღეთ, თორემ შესაძლოა თქვენც და თქვენი კოლეგაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

და რაც მთავარია, თქვენი პროფესიული და პირადი ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნის ნუ შეგეშინდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისეთ კომპანიაში მუშაობთ, რომლის თანამშრომლებიც სამუშაოს შემდეგაც ხშირად ურთიერთობენ. საუკეთესო მიზეზი – ოჯახია. არ მგონია, ვინმემ გისაყვედუროთ, თუკი ზეგანაკვეთურ სამუშაოზე იმიტომ იტყვით უარს, რომ ამ დროის გატარება სახლში, ოჯახთან ერთად გსურთ.

(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).