იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი, ევროკაშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სტრატეგიული გაზის რეზერვების ერთობლივი შენახვის სისტემების შექმნის გეგმაზე.
ევროკავშირის სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დრაგიმ აღნიშნა, რომ ბრიუსელს გაზის მარაგების შედგენა სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის იქნება ხელმისაწვდომი.
„ენერგეტიკასთან დაკავშირებით იტალიამ ევროპულ დონეზე დაუყოვნებლივი ჩარევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს, ერთი მხრივ, მიწოდების დეფიციტის, მეორე მხრივ კი მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ – იტალიამ, საბერძნეთმა და ესპანეთმა – ევროკავშირის ქვეყნებს გაზის ერთობლივი შესყიდვის ახალი სტრატეგიული რეზერვის შექმნის ინიციატივით მიმართეს.
გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. წევრი ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალმა მწვანე პოლიტიკამ შესაძლოა მომხმარებელთა გადასახადები კიდევ უფრო გაზარდოს.
დრაგიმ აღნიშნა, რომ სამიტზე ბირთვული ენერგიის საკითხიც განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოკლევადიან პერიოდში გაზის გამოყენებაზე უარის თქმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის რთული იქნება. მისი თქმით, წევრ ქვეყნებს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
დრაგიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრიუსელი კარგი წინადადებებით გამოვიდა – ღარიბი ოჯახების დახმარებით დაწყებული, წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის, ბაზრებისა და გაზის საწყობის ინტეგრირებით დამთავრებული.
ფოტო: Andrew Medichini/Pool via REUTERS