იტალიამ, ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდის შესახებ, ალჟირთან შეთანხმება გააფორმა

იტალიამ, ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდის შესახებ, ალჟირთან შეთანხმება გააფორმა

იტალიამ, ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდის შესახებ, ალჟირთან ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმებას ხელი იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ორშაბათს, ალჟირში ვიზიტისას მოაწერა. იტალია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ალტერნატიულ გზებს ეძებს.

დრაგი ალჟირს დელეგაციასთან, მათ შორის იტალიური ენერგეტიკული ჯგუფის Eni-ის ხელმძღვანელთან ერთად ეწვია. იტალია, რომლის გაზის იმპორტის 40%  რუსეთზე მოდის,  უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის კვალდაკვალ, ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას ცდილობს. ალჟირისა და იტალიის ახალი ხელშეკრულება ორი ქვეყნის დომინანტ ენერგოკომპანიებს, Eni-სა და Sonatrach-ს შორის გაფორმდა. შეთანხმების დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც ცნობილია, ხელშეკრულება განახლებადი ენერგიის პროექტებში თანაინვესტირებასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ალჟირი იტალიისთვის გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია. Transmed-ის მილსადენის საშუალებით, იტალიას ალჟირის ბუნებრივი აირი 1983 წლიდან მიეწოდება. ზოგადად, მიწოდებული გაზის დღიური მოცულობა 110 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება, თუმცა ამჟამად ტრანსპორტირება 60 მილიონ კუბურ მეტრზე ნაკლებია. შიდა მოხმარების ზრდამ, არასაკმარისმა ინვესტიციებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, მათ შორის მაროკოსთან დავის გამო ესპანეთში მილსადენის დახურვამ, ალჟირის ექსპორტის შეზღუდვა გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს ალჟირიდან იტალიის იმპორტი 76%-ით, 21,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და მთლიანი ნაკადის 29% შეადგინა. გასულ კვირაში ეკოლოგიური ტრანზაქციის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანიმ განაცხადა, რომ იმ დროისთვის იტალია გაზის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს შვიდ ქვეყანასთან აწარმოებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *