Baskin-Robbins-ში ცვლილებებია: ახალი არომატები, ბრენდირებული ველოსიპედები და ტანსაცმელი

Baskin-Robbins-ში ცვლილებებია: ახალი არომატები, ბრენდირებული ველოსიპედები და ტანსაცმელი

ნაყინების ქსელი Baskin-Robbins-ი, 2006 წლის შემდგომ პირველად, ძირითადი ცვლილებების გატარებას გეგმავს. 77-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია ბრენდის განახლებისთვის ლოგოს, დასაქმებულთა უნიფორმებისა და შეფუთვის ცვლილებას აპირებს. დაემატება ახალი არომატებიც.

აღსანიშნავია, რომ განახლების შემდგომ Baskin-Robbins-ის ქსელის საშუალებით ბრენდირებული ველოსიპედების, მაისურებისა და ქუდების გაყიდვაც დაიწყება. საწყის ეტაპზე, ახალი პროდუქციის ყიდვა მხოლოდ ონლაინმაღაზიიდან იქნება შესაძლებელი. ბრენდის ახალი სლოგანიც, “Seize the Yay”, პატარა, მხიარული მომენტების აღნიშვნას ემსახურება, რომლის გაზიარებაც კომპანიას საკუთარ მომხმარებელთან ერთად სურს. შესაბამისად, როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაძლოა, ველოსიპედების დამატება ბევრისთვის უცნაურ გადაწყვეტილებად აღიქმებოდეს, თუმცა პროდუქცია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილია, კომპანიისა და მომხმარებლის უკეთ დაახლოებას შეუწყობს ხელს.

წლების განმავლობაში Baskin-Robbins-ის ლოგო ვარდისფერ და ლურჯ ფერებში, ბავშვური შრიფტით იყო წარმოდგენილი. ახალ ვერსიაში მხიარული შრიფტი გაქრა და შედარებით მკვეთრი ვარიანტით ჩანაცვლდა. რაც შეეხება ფერებს, ბრენდი ახლა ყავისფერ და ვარდისფერ, ყავისფერ და ცისფერ, ვარდისფერ და თეთრ ფერებში იქნება გადაწყვეტილი. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მომხმარებელთა უმეტესობისთვის, მათი ნაყინი ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება, თუმცა მათთვის ამ სეგმენტის შენარჩუნებასთან ერთად ახალგაზრდა მომხმარებლის მოზიდვაც მნიშვნელოვანია.

პანდემიის პერიოდში Baskin-Robbins-ის ნაყინების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წელს ზრდამ – 3.5%, ხოლო გასულ წელს 10.9% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *