ფოტო: AP
იტალიაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გასაპროტესტებლად დაწყებული დემონსტრაციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ცხოვრების გაძვირებას, საწვავის მაღალ ფასებს, საგადასახადო ტვირთსა და საჯარო მომსახურების გაუარესებას აპროტესტებენ. 17–18 ოქტომბერს გამართულ აქციებს სამართალდამცველებთან შეტაკებები, მაღაზიების დარბევა და ასობით ადამიანის დაკავება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უსაფრთხოების დამატებით ზომებზე მსჯელობს, საპროტესტო მოძრაობის ნაწილი კი ყოველკვირეული დემონსტრაციების გამართვას აანონსებს.
იტალიაში მიმდინარე არეულობის საფუძველი სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილებაა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებში ქუჩაში გამოსულ ჯგუფებს განსხვავებული მოთხოვნები და პოლიტიკური მიზნები აქვთ. საპროტესტო აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 16 ოქტომბერი იყო, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტებმა განათლების სფეროში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციები გამართეს. აქციები გაიმართა რომში, ტურინში, ბოლონიასა და სხვა ქალაქებში. ზოგიერთ ადგილას პროტესტს პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.
მდგომარეობა განსაკუთრებით 17 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც მოძრაობა „Italia in piazza“-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები ცხოვრების გაძვირების, საწვავის ფასებისა და საგადასახადო წნეხის წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.
თავდაპირველად მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობები მილანში, ტურინსა და ბოლონიაში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მედიისა და სამართალდამცველების ცნობით, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ როგორც მოქალაქეთა ჯგუფები და სტუდენტები, ისე უფრო რადიკალური გაერთიანებები. ზოგიერთ შემთხვევაში აქციების ნიღბიანმა მონაწილეებმა თავდაპირველი ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება.
იტალიაში მოვლენები საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციების პარალელურად ვითარდება, სადაც მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ ცხოვრების მაღალ ხარჯებსა და საჯარო მომსახურების გაუარესებას. მიუხედავად მსგავსებისა, იტალიისა და საფრანგეთის საპროტესტო მოძრაობები ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური გარემოებებით არის განპირობებული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები მხოლოდ ერთი საკითხით არ შემოიფარგლება, თუმცა მთავარი მოთხოვნა მაინც ცხოვრების ხარჯების შემცირებაა. დემონსტრანტები აპროტესტებენ საკვებზე, საწვავსა და ყოველდღიურ საჭიროებებზე გაზრდილ ფასებს. გარდა ამისა, ითხოვენ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასაც.
აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც. საპროტესტო ჯგუფები საჯარო მომსახურების ხარისხსა და მთავრობის პრიორიტეტებს აკრიტიკებენ. მოძრაობის უფრო რადიკალური ნაწილი პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
ყველაზე მძიმე მოვლენები მილანში განვითარდა, სადაც 17 ოქტომბრის დემონსტრაციაში, პოლიციის მონაცემებით, დაახლოებით 50,000 ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო მსვლელობის დროს ვითარება ქალაქის ისტორიულ ცენტრში გამწვავდა. განსაკუთრებით მძიმე შეტაკებები მოხდა პიაცა დელ დუომოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.
მილანის გარდა, შეტაკებები მოხდა ტურინში, ბოლონიაში, ბერგამოსა და ბრეშიაში. ტურინში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციას ქვები და ბოთლები ესროლეს, ხოლო ბოლონიაში დაპირისპირება განსაკუთრებით რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვავდა.
Euronews-ის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, ქალაქის საავადმყოფოებში 25 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის – ათი პოლიციელი. მატერიალური ზარალის საბოლოო ოდენობა ჯერ არ არის დადგენილი. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები, ქუჩის ინფრასტრუქტურა და კერძო საკუთრება. მილანის პროკურატურა დაკავებულთა ნაწილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ვანდალიზმსა და ძარცვას ედავება.
იტალიის ხელისუფლების რეაქცია თავდაპირველად ქუჩებში ძალადობის დაგმობაზე იყო მიმართული, თუმცა 18–19 ოქტომბერს დისკუსია უკვე უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებაზეც გადავიდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ დემონსტრაციის გამართვა მოქალაქეთა უფლებაა, მაგრამ ქალაქების დარბევა და ძალადობა ამ უფლებით ვერ გამართლდება. მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ძალადობა მკაფიოდ დაგმონ. 19 ოქტომბერს მელონიმ მთავრობისა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები მოიწვია. შეხვედრის მიზანი შექმნილი ვითარების შეფასება და დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების განხილვაა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ განაცხადა, რომ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, მათ შორის – არასრულწლოვნებიც. მინისტრმა გაამართლა პოლიციის მოქმედებები და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მცდელობები აღკვეთეს.
დღეს საპროტესტო მოძრაობის ახალმა ჯგუფმა, სახელწოდებით „17 ოქტომბრის მოძრაობა“, ყოველკვირეული მობილიზაცია დააანონსა. ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციები შაბათობით, 15:00 საათზე სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, მათ შორის – მილანშიც. ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები უკვე პირდაპირ მოითხოვს მელონის მთავრობის გადადგომას. პარალელურად, სტუდენტური ორგანიზაციები და პროფკავშირული ჯგუფები 30 ოქტომბრის საყოველთაო გაფიცვისა და ახალი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან.









