ფოტო: Matthew Busch/Bloomberg
ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციების ფასების ზრდის ფონზე, Dell Technologies-ის დამფუძნებლის, მაიკლ დელის ქონება ერთ დღეში $4.3 მილიარდით გაიზარდა. შედეგად, მან Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ორშაბათს, აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 13:15 საათისთვის, მაიკლ დელის ქონება დაახლოებით $241.3 მილიარდს შეადგენდა. ამავე დროს, ტექნოლოგიური აქციების ზრდის ფონზე Dell Technologies-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.
ტექნოლოგიური სექტორის გამოცოცხლება წინა კვირის ვარდნას მოჰყვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიების მზარდ ხარჯებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ განაპირობა. დელი ჩიპების მწარმოებელი Broadcom-ის მნიშვნელოვანი წილის მფლობელიცაა. ორშაბათს ამ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 2.4%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში Meta-ს აქციები დაახლოებით 1.1%-ით გაუფასურდა, რამაც მარკ ცუკერბერგის ქონებაზე იმოქმედა. შედეგად, მისი ქონება დაახლოებით $240.7 მილიარდამდე შემცირდა.
მაიკლ დელისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 1980-იან წლებში მის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის სერვერებზე მაღალი მოთხოვნის გამო. როდესაც Forbes-მა მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, დელის ქონება $141 მილიარდად იყო შეფასებული. მას შემდეგ მისი ქონება $100 მილიარდზე მეტით გაიზარდა.
სექტემბერში დელი მცირე ხნით მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანიც გახდა, თუმცა ბოლო კვირებში მისი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციების პერსპექტივასთან დაკავშირებით შეშფოთება გაძლიერდა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









