ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტის გარშემო პრობლემები არ წყდება. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა პლატფორმა გასული წლის ოქტომბერში $44 მილიარდად შეიძინა, კომპანიიდან თანამშრომელთა დიდი ნაწილი მალევე გაათავისუფლა და პოლიტიკის ცვლილების გადაწყვეტილებაც არაერთგზის მიიღო.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის სამართლებრივი დავებია, რომელთა სამიზნეც Twitter-ი, სწორედ მასკის მფლობელობისას აღმოჩნდა.
ერთ-ერთი იურიდიული დავა სწორედ მასკის მიერ გათავისუფლებულ 5,000-მდე დასაქმებულს შეეხება. ოთხშაბათს წარდგენილ ჯგუფურ სარჩელში Twitter-ის ყოფილმა თანამშრომელმა, კომპანია გათავისუფლებული მუშაკებისთვის დაახლოებით $500 მილიონის ანაზღაურების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. ივლისის დასაწყისში შეტანილი კიდევ ერთი სარჩელი კომპანიას თანამშრომლების 891 საარბიტრაჟო საქმის განხილვის უარყოფას ედავება.
თანამშრომელთა გარდა, Twitter-ს მუსიკის შემქმნელთა ჯგუფმაც უჩივლა და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად $250 მილიონის გადახდა მოითხოვა. მუსიკოსთა მტკიცებით, პლატფორმა საავტორო უფლებების მასობრივ დარღვევაში მონაწილეობდა და მომხმარებელს, აუდიო- და აუდიოვიზუალურ მასალაში, საავტორო უფლებებით დაცული მუსიკის გამოყენების უფლებას აძლევდა.
თავის მხრივ, Twitter-ის მფლობელი კომპანია X Corp-ი, პლატფორმის ყოფილი მენეჯმენტის მიერ დაქირავებულ იურიდიულ ფირმა Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ს უჩივის. მასკის კომპანიის მტკიცებით, თვის დასაწყისში გადახდილი $90 მილიონი, რომელიც უკან უნდა დაბრუნებულიყო, არ ანაზღაურებულა.
კიდევ ერთი სამართლებრივი დავა Twitter-ს კერძო თვითმფრინავების კომპანიასთან აკავშირებს. დეკემბრის სარჩელში, კერძო თვითმფრინავების ფირმა მასკის კომპანიას ფრენების საფასურის, $197,725-ის გადაუხდელობას ედავება, რომლითაც კომპანიის ყოფილმა მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლესლი ბერლანდმა ისარგებლა.
ბოლო პერიოდში, Twitter-ისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საოფისე გადასახადებიც იქცა. ავსტრალიური კომპანია მასკის ფირმას სხვადასხვა ქვეყანაში, ოფისების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის $600,000-ის გადაუხდელობას ედავება. გასულ კვირას შეტანილი სარჩელი ოფისებთან დაკავშირებით, მასკის მფლობელობის ქვეშ, Twitter-ის წინააღმდეგ შეტანილი რიგით მეშვიდე სარჩელია.
ერთ-ერთი გახმაურებული დაპირისპირება კი, რომელიც მომავალში შესაძლოა სასამართლო დავად იქცეს, მარკ ცუკერბერგის მიერ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაციის შექმნას უკავშირდება. ცუკერბერგის Meta-მ Threads-ი ოფიციალურად გასულ კვირას გაუშვა. აპლიკაციის გაშვებიდან მალევე, ილონ მასკი Meta-ს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა და ის „კომერციული საიდუმლოების მოპარვაში“ დაადანაშაულა.
ცნობისთვის, გასულ თვეში ამერიკულმა საფინანსო კომპანია Fidelity-მა სოციალური მედიაპლატფორმა Twitter-ის ღირებულება მხოლოდ $15 მილიარდად შეაფასა. თავად მასკმა სოციალური ქსელი გასული წლის ოქტომბერში $44 მილიარდად შეისყიდა. აპრილის მონაცემებით, აშშ-ში, Twitter-ის სარეკლამო შემოსავლები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59%-ითაა შემცირებული და $88 მილიონს უტოლდება.
ილონ მასკი კი, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $245.6 მილიარდს აღწევს.