ინდოეთმა მთვარისკენ ლენდერი და როვერი გაუშვა

ინდოეთმა მთვარისკენ ლენდერი და როვერი გაუშვა

ცოტა ხნის წინ, ინდოეთმა მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში მთვარისკენ ლენდერისა და როვერის წყვილი გაუშვა. ფრენა ქვეყნის სამხრეთით, კუნძულ შრიჰარიკოტაზე განლაგებული სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან აპარატით Launch Vehicle Mark-III-ით (LVM3) შესრულდა.

გაშვებიდან დაახლოებით 16 წუთის შემდეგ, Chandrayaan-3, დაგეგმილის შესაბამისად, LVM3-ისგან განცალკევდა და დედამიწის ორბიტაზე შევიდა. ამის შემდეგ ის ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაიღებს გეზს და, გეგმის მიხედვით, მთვარის ზედაპირზე აგვისტოში დაეშვება. თუ ყველაფერი დადებითად წარიმართება, ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე აპარატის დასმა წარმატებით მოახერხა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლო.

შეგახსენებთ, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ლენდერისა და როვერის წყვილის გაშვება ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) ოთხი წლის წინ, 2019 წლის 14 ივლისს სცადა, თუმცა $140-მილიონიანი მისია წარუმატებლად დასრულდა.

ცნობისთვის, Chandrayaan-ის პარალელურად, ISRO სადებიუტო ეკიპაჟიანი კოსმოსური ფრენის, Gaganyaan-ის განხორციელებაზე მუშაობს. მისიის ფარგლებში, სამი ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე სამ დღეს გაატარებს. ფრენა 2024 წლისთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება კი $1.8 მილიარდს შეადგენს.