ივანიშვილის ფინანსურმა მრჩეველმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლოს ჩვენება მისცა

ივანიშვილის ფინანსურმა მრჩეველმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლოს ჩვენება მისცა

მიმდინარე კვირაში სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ორშაბათს ჩვენება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, გუშინ კი Bloomberg-ის თანახმად, სასამართლოზე ჩვენება მისცა ივანიშვილის ფინანსურმა მრჩეველმა გიორგი ბაჩიაშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი ქმედებები შეცდომებსაც მოიცავდა, თუმცა ისინი მთლიანობაში მიზანმიმართული ქმედებების ნაწილს წარმოადგენდა. ბაჩიაშვილის თქმით, ლესკადრონის მიერ მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებებში განგებ დაშვებული შეცდომები იყო და ისინი დაყოვნებებით ახლდებოდა.

ბიძინა ივანიშვილის დავები:

ექს-პრემიერის მტკიცებით, ბანკისგან მიყენებული ზარალი $1.28 მილიარდია, უშუალოდ სინგაპურში კი დავა $818 მილიონის კომპენსაციაზეა. საქმე ეხება Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქვეშ არსებულ Mandalay Trust-ს, რომლიდანაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაკარგა.

ივანიშვილი სინგაპურში აქამდეც დავობდა. 2019 წლის იანვარში სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მილიარდერსა და ბანკს შორის მიმდინარე დავის ის ნაწილი, რომელიც Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს ეხებოდა შინაარსობრივად არ წარმოადგენდა საქმეს, რომელიც სინგაპურის სასამართლოს უნდა განეხილა. საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისის ჩართულობაზე. 2020 წლის 3 ივლისს კი სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეაბრუნა. შედეგად, ივანიშვილს Credit Suisse-ის სინგაპურული შვილობილის წინააღმდეგ დავის დაწყების უფლება მიეცა.

2022 წლის 22 ივნისს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $607 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს თანხა, ჯერჯერობით, გადახდილი არაა.

დავები სინგაპურსა და ბერმუდაში:

სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.