Mercedes-Benz-ი და Rivian-ი ელექტროფურგონებს ერთად დაამზადებენ

Mercedes-Benz-ი და Rivian-ი ელექტროფურგონებს ერთად დაამზადებენ

გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში საინტერესო გარიგება შედგა: ამიერიდან, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Rivian-ი და ავტომობილების გერმანული მწარმოებელი Mercedes-Benz-ი ელექტროფურგონებს ერთად დაამზადებენ, – სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანიებმა ხელი უკვე მოაწერეს. როგორც ჩანს, ერთობლივი ძალისხმევითა და სხვადასხვა სფეროში ექსპერტული ცოდნის ერთობლივ საწარმოში კონცენტრირებით, კომპანიებს ელექტროფურგონების თვითღირებულების მაქსიმალურად შემცირება სურთ.

როგორც ირკვევა, კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმება ელექტროფურგონების წარმოების ორი პარალელური ხაზის გახსნას ითვალისწინებს, როგორც Mercedes-Benz-ის VAN.EA-ის, ასევე Rivian Light Van-ის პლატფორმებზე. თუმცა, პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ კომპანიები სამომავლო სინერგიებსაც განიხილავენ.

დღევანდელი მოცემულობით, ელექტროფურგონების ქარხნის მოწყობას კომპანიები Mercedes-Benz-ის ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ რომელიმე ქარხანაში გეგმავენ, რამდენიმე წელიწადში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიულად სავალდებულო არ არის და თან, კომპანიებს სამართლებრივი ბერკეტების გადალახვაც მოუწევთ, ამ ეტაპზე, საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი.

„Mercedes-Benz-თან პარტნიორობა გვახარებს“, – განაცხადა Rivian-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. „Mercedes-Benz-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პატივსაცემი ავტომწარმოებელია და გვჯერა, რომ ერთად საოცარ ელექტროფურგონებს შევქმნით, რომლებიც გამოადგებათ არამხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ მთელ პლანეტას“.

Mercedes-Benz-ისა და Rivian-ის პარტნიორობა მოულოდნელი არ არის, რადგან ეს კომპანიები საკუთარი ინდუსტრიების ლიდერები არიან და ერთსა და იმავე საფასო სეგმენტის ავტომობილებს აწარმოებენ – თანაც, ორთავე კომპანია ელექტროფურგონებს დამოუკიდებლადაც აწარმოებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Rivian-ს შეთანხმება აქვს Amazon-თან, რომლის საფუძველზე ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ტექნოლოგიურ გიგანტს ასი ათასი ერთეული ელექტროფურგონი უნდა მიაწოდოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, Rivian-ი არაერთ სკანდალში გაეხვა, რადგან კომპანია ელექტრომობილების მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ცოტა ხნის წინ, Rivian-მა საკუთარი სამუშაო ძალის 6% გაათავისუფლა და შტატ ჯორჯიაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. ამგვარად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mercedes-Benz-თან პარტნიორობა Rivian-ს ძალიან გამოადგება.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ Mercedes-Benz-ი, რომელიც, ბოლო დროს, ელექტრომობილების წარმოებაზე გადაეწყო, რისთვისაც კომპანიამ საკუთარი ევროპული საწარმოების განახლება დააანონსა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *