ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების ფასი 15.4%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების ფასი 15.4%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

ფოტო: unehasim.co

 

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,484 ერთეული შეადგინა. ეს გასული წლის ივნისთან შედარებით 34.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 53.9%-ით, 387 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 46.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (54.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (36.5%). Colliers Georgia-ს განმარტებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა გაზრდილ მიწოდებას ასახავს.

ტრანზაქციების რაოდენობა 2.3%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. „თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის ივნისში მხოლოდ 10% იყო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დროს, ივნისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 22.4%-ით, ხოლო გარეუბანში 10.1%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 18.9%-ით მოიმატა. Colliers Georgia-ს ცნობით, ძველ პროექტებში ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე გავლენას დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა ახდენს.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 11.7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.3%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 15.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.4%-ით გაიზარდა.