ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯები, ანუ რა თანხა იხარჯება სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. სასურველია, აღნიშნული მიმართულებით რაც შეიძლება ნაკლები თანხა იხარჯებოდეს, რადგან, ნებისმიერ სფეროში, ეფექტიანი მუშაობა ნიშნავს საქმის ისე კეთებას, რომ ხარჯი სარგებელზე ნაკლები იყოს.
გაცილებით იოლია კერძო ბიზნესში დასაქმებულთა ეფექტიანი მუშაობა შეაფასო, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა, რადგან ამ უკანასკნელში სარგებელს ყოველთვის მატერიალური ფორმა არა აქვს და პოლიტიკურად სწორი და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებები ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპიროა. თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მაღალია დღეს საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯები და მათი მატება შეინიშნება თუ კლება. ამის საშუალებას გვაძლევს ხარჯვის ტენდენციებისა და ფარდობითი მაჩვენებლების ნახვა.
ფართო გაგებით, ბიუროკრატიული ხარჯი იგივე ადმინისტრაციული ხარჯია და მოიცავს როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, ასევე მათი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შეძენას (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, საწვავი, ავტომობილები, კომუნალური მომსახურება და ა.შ.). როდესაც ფართო გაგებით ბიუროკრატიულ ხარჯებს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათში არ შედის მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა და სამინისტროების ცენტრალურ აპარატში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეთა შრომის ანაზღაურება და მათთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შეძენა. ის ასევე მოიცავს პოლიციელებისთვის, ჯარისკაცების, მოსამართლეების, მებაჟეების, მეცნიერებისა და ყველა სხვა კატეგორიის დასაქმებულებისთვის გაწეულ ხარჯებს – ანუ მათთვის, ვინც ხელფასს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან იღებს.
სახელმწიფო ბიუჯეტსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (მუნიციპალიტეტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ბიუჯეტებს აერთიანებს ე.წ. საქართველოს ნაერთი (კონსოლიდირებული) ბიუჯეტი. შესაბამისად, ნაერთ ბიუჯეტში უნდა ვნახოთ, რამდენია ბიუროკრატიული ხარჯები, რომლებიც ნაერთი ბიუჯეტის ორ მუხლშია გაწერილი: შრომის ანაზღაურების და საქონლისა და მომსახურების შეძენის მუხლებში.
2015 წელს ბიუროკრატიული ხარჯი 2.7 მილიარდ ლარამდე იყო, ხოლო 2016 წელს 2.9 მილიარდ ლარამდე იზრდება. აქედან, 90 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა, ხოლო 110 მილიონი ლარით – საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის გამიზნული თანხა.
2012 წელთან შედარებით (ხელისუფლების შეცვლის შემდეგ) 2016 წელს ბიუროკრატიული ხარჯი 410 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნულ ზრდას თუ არ გავაანალიზებთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბიუროკრატიის შენახვის ტვირთი იზრდება, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ როგორ იცვლება ბიოროკრატიული ხარჯი, როგორც ტვირთი ეკონომიკაზე და აქედან გამომდინარე მისი ეფექტიანობა, ამას უჩვენებს არა ნომინალურ სიდიდეში (მილიონ ლარებში) ზრდა, არამედ ფარდობით მაჩვენებლებში ცვლილება. პირველ რიგში უნდა ვნახოთ, ბიუროკრატიული ხარჯი პროცენტულად რამდენია ქვეყნის ეკონომიკის – მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ამ მხრივ კი დადებითი ტენდენცია გვაქვს 2009 წლიდან 2016 წლამდე. მხოლოდ ერთ წელს, 2014 წელს მოხდა აღნიშნული მაჩვენებლის მცირედით გაუარესება. 2008 წელს ბიუროკრატიული ხარჯები მშპ-ის მიმართ 13.7% იყო, 2012 წელს 9.6%-მდე შემცირდა, 2016 წელს კი 8.5%-მდე მცირდება.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2015-2016 წლებში ბიუროკრატიული ხარჯი დაახლოებით 100 მილიონი ლარით ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხების გადაადგილების გამო გაიზარდა. კერძოდ, თუ ადრე კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტის სუბსიდიების მუხლში იყო შეტანილი, 2015-2016 წლებიდან ეს ხარჯები შრომის ანაზღაურების და საქონლისა და მომსახურების შეძენის მუხლებში გადავიდა. ეს გამართლებული ცვლილებაა და, შეიძლება ითქვას, ამით ბიუჯეტში გარკვეული ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუროკრატიული ხარჯი დაახლოებით 310 მილიონი ლარით გაიზარდა და არა 410 მილიონით. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ წინა წლებში ბიუროკრატიული ხარჯები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში ეწერა.
ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა წილი უჭირავს მას ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში, ე.წ. ბიუჯეტის საოპერაციო ხარჯებში. საოპერაციო ხარჯები არ მოიცავს არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მოიცავს მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, რომლებიც ერთჯერადია და გრძელვადიანი აქტივების შექმნას არ ემსახურება. რაც უფრო ნაკლებია ბიუროკრატიული ხარჯის წილი მთლიან ხარჯებში, მით მეტია მისი ეფექტიანობა. ეს უჩვენებს, თუ რამდენად იაფი გვიჯდება მოსახლეობას ხელისუფლების ფუნქციების დაფინანსება. 2011 წლიდან 2016 წლამდე აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვითაც დადებითი ტენდენცია გვაქვს, ბიუროკრატიული ხარჯის წილი მცირდება 2011 წელს 40.6% იყო, 2016 წელს კი 34.1%-ია.
თუმცა ბიუროკრატიული ხარჯის ეფექტიანობის განსაზღვრისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ტენდენციის ნახვა, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებაც. ამ მიზნით, საქართველოს 2014 წლის მაჩვენებელი (36.2%) შევადარეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საშუალო მაჩვენებელი აქვს. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია, აშშ, პოლონეთი, ირლანდია და ჩამორჩება აზერბაიჯანს, ხორვატიას, ჩეხეთს. ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობა აქვს იაპონიას, რომელიც ბიუროკრატიაზე მთლიანი ხარჯების მხოლოდ 17.6%-ს ხარჯავს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ბიუროკრატიული ხარჯების წილის შემცირების ტენდენცია აქვს და რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში 30%-ს ჩამოსცდეს.
ცალკე განხილვის თემაა პირდაპირი (ვიწრო) გაგებით ბიუროკრატიული ხარჯები, რომლებიც არ მოიცავს, მაგალითად, ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: პოლიციელების, ჯარისკაცების, მოსამართლეებისა და ა.შ. ხელფასები და ცალსახად უკავშირდება აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობას (მაგ, სახელმწიფო კანცელარია, სამინისტროები, პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო ურთიერთობები და ა.შ.). სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით (არ მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯებს) 2016 წელს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის დაფინანსებაზე დაიხარჯება 410 მილიონი ლარი, რაც 2 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 2012 წელთან შედარებით კი 71 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები (მშპ-თან, მთლიან ხარჯებთან) არ იზრდებოდეს, ხოლო ნომინალური მაჩვენებლების ზრდა ბუნებრივია და საგანგაშო არ არის. მეტიც, წლების სვლასთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იზრდებოდეს, ეს კი ხარჯების ნომინალურ გამოსახულებაში ზრდას გამოიწვევს. თუ სახელმწიფო სექტორში ხელფასები თანდათანობით არ გაიზრდება, ეს სექტორი დასაქმების მხრივ კონკურენტუნარიანობას დაკარგავს და მას მაღალკვალიფიციური კადრები დატოვებენ.
დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასები კონკურენტუნარიანია, რადგან 2015 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, სახელმწიფო მმართველობაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (პრემიებისა და დანამატების ჩათვლით) 1313 ლარი იყო და ჩამორჩებოდა მხოლოდ საფინანსო საქმიანობასა (1500 ლარი) და მშენებლობაში (1413 ლარი) დასაქმებულთა ხელფასებს.
რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე ბიუროკრატიის ხარჯები არაერთი მილიონი ლარით იზრდება და არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული პირები მაღალ პრემიებსა და დანამატებს იღებენ, აღნიშნული ხარჯის ტვირთი ბიუჯეტისა და ეკონომიკის მიმართ მცირდება და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამ მხრივ აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს.