ინტერვიუ საერთაშორისო ფონდ Curatio-ს დირექტორთან, გიორგი გოცაძესთან.
გლობალური ჯანდაცვის სისტემები” (HSG) პირველი საერთაშორისო საზოგადოებაა, რომლის მიზანია, იკვლიოს ჯანმრთელობის სისტემები და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყოს ხელი. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1900 წევრს: მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
2015 წლის მარტამდე HSG-ის სამდივნო კოპენჰაგენში იყო განთავსებული. 2015 წლის მარტიდან კი თბილისში გადმოინაცვლა და გიორგი გოცაძე სამდივნოს საერთაშორისო ფონდ Curatio-ს გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს.
ამ გუნდს პირველი სერიოზული გამოწვევა შარშან ნოემბერში ვანკუვერში, კანადაში ჰქონდა, როცა მეოთხე გლობალური სიმპოზიუმი ჩაატარა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პროფესიონალი შეიკრიბა და ყველაზე მწვავე პრობლემებზე იმსჯელა – მათ შორის აღმოჩნდა Forbes Georgia-სთვის საინტერესო თემატური საკითხები: მაგალითად, ჯანდაცვა და ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემები ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ; ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანი მართვა და ინოვაციების როლი ჯანდაცვაში.
კონფერენციას სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გასდევდა ლაიტმოტივად: პირველი, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა გააჩნდეს შოკების აბსორბციისა და უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნების უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ათწლეულების მანძილზე ამ სფეროში ჩადებული ინვესტიციები შეიძლება უკვალოდ აორთქლდეს; მეორე, ჯანდაცვის სისტემების ადეკვატურობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა შეეძლოს მომავლის საჭიროებების განჭვრეტა და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინება. სისტემა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უნდა ცდილობდეს, იქნება ეს სოციალური მედია თუ ახალი საინფორმაციო თუ ბიოტექნოლოგიები. დაბოლოს, ჯანდაცვის სისტემები უნდა განვიხილოთ, როგორც ინოვაციების ინკუბატორი – ეს იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საჭიროებებისთვის თვალის გასწორება, რაც ერთნაირად ეხება ცალკეულ ინდივიდებს, მთავრობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ვერც ერთი ეს სამი მიზანი ვერ მიიღწევა, თუკი არ არსებობს კვლევები, თუკი არაფერი დათვლილა, გაანალიზებულა, თუკი მხოლოდ კერძო შემთხვევებს ვაკვირდებით და არსად ჩანს სისტემური ტენდენცია, თუკი ეფექტის გაზომვა და დროში შედარება შეუძლებელია.
გიორგი გოცაძე ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
– მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მსურს, ჩვენი საუბარი გლობალური ჯანდაცვის სისტემების მთავარი გამოწვევებით დავიწყოთ. რა დგას დღეს ყველაზე მწვავედ გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგში?
პირველი გამოწვევა ტექნოლოგიური ინფლაციაა, ანუ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც, ერთი მხრივ, არის სრულიად ფანტასტიკური, იმიტომ რომ ყოველი ახალი მიღწევა- გამოგონება აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობას, უფრო მეტ და მეტ დაავადებას ვამარცხებთ და უფრო მეტ ადამიანს ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. მაგრამ ამავე დროს, ეს გამოწვევაც არის, რადგან მნიშვნელოვნად აძვირებს ჯანდაცვის მომსახურებას. მეორე გამოწვევა მთელ მსოფლიოში დემოგრაფიული ცვლილება – მოსახლეობის დაბერებაა, რაც პირდაპირ კავშირშია პირველ გამოწვევასთან – მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამდენად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა ჯანდაცვის მომსახურებაზე, ამას კი მეტი თანხა და რესურსი სჭირდება ეკონომიკიდან. მესამე გამოწვევა პოლიტიკურ ამბიციას უკავშირდება, რომელიც ბევრ ქვეყანას – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს – საკმაოდ მწვავედ უდგას: ეს ჯანდაცვის საყოველთაობის მიღწევაა, რომ მოსახლეობის დიდ ფენას ან სრულად ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის მომსახურებაზე. მაგრამ რადგან ჯანდაცვა ყოველდღიურად სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება, ამიტომ ეს უკვე დიდი გამოწვევაა: შეძლებენ კი ქვეყნის ეკონომიკები ამ ფინანსური ტვირთის ზიდვას?
– ეს დღის წესრიგი საქართველოს შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, თუ გვაქვს სპეციფიკური გამოწვევები?
აბსოლუტურად ყველა გამოწვევა ვრცელდება საქართველოზე. მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ყველაზე დიდ გამოწვევას ალბათ მაინც დავარქმევდი იმ დისბალანსს, რაც საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ამბიციასა და იმ ეკონომიკურ რეალობას შორის შეიმჩნევა, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა არის.
– საყოველთაობის მიღწევა იმაზე მალე, ვიდრე ამას გაწვდება ჩვენი ეკონომიკა – სწორად გაგიგეთ?
დიახ – საყოველთაობის მიღწევა შედარებით მწირი რესურსებით. და რაც სამწუხაროა, საქართველოსთვის საყოველთაობა უფროა მთავარი მიზანია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი და მისი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს პრიორიტეტი – ადამიანის ჯანმრთელობა და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება – ნაკლებად ისმის საჯარო განცხადებებში, ნაკლებად იკითხება დოკუმენტებში და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნაკლებად იზომება იმისთვის, რომ ითქვას, რა მივიღეთ საბიუჯეტო დანახარჯების შედეგად.
– “საერთაშორისო ფონდი კურაციო” ატარებს კვლევებს. თქვენ რა წვლილი შეგაქვთ ამ პრობლემის გადაჭრაში?
ჩვენ ვცდილობთ, გავცეთ ინფორმაცია, ის ცოდნა, რაც გაგვაჩნია; ის, რაც დაგროვილია მსოფლიო მასშტაბით. ეს ცოდნა არსებობს, ის ქაღალდზეა დატანილი – უბრალოდ ამ ცოდნას გადაცემა და გავრცელება ჭირდება და, რაც მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როგორ გამოიყენო ეს ცოდნა. აქ ჩვენი წვლილი ნამდვილად არის, მაგრამ მეორეა – კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
– რას გულისხმობთ?
არ შეიძლება უდაბნოში მარტო იდგე და ღაღადებდე რაღაცას, როცა არავინ გისმენს. აზრი არა აქვს ასეთ ღაღადს.
– “საერთაშორისო ფონდი კურაციო” 2012 წლიდან აქვეყნებს ჯანდაცვის ბარომეტრს, სადაც დარგის სპეციალისტები აანალიზებენ პოლიტიკას და არა მარტო. ეს კვლევა ასევე აჩვენებს იმ მოლოდინებს, რაც დარგის სპეციალისტებს აქვთ ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. თქვენ ლოგიკას რომ მივყვეთ – ბარომეტრიც ღაღადი გამოდის?
მე რომ მკითხოთ, ბარომეტრი გარკვეულწილად ღაღადი გამოდის. არა საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. მაგრამ ზოგადად მაინც ღაღადია. ბარომეტრის არსი ის ხომ არ არის, რომ ვინმე აკრიტიკოს. ბარომეტრის არსი ის არის, რომ დარგში მიმდინარე მოვლენებს მუდმივად აკვირდებოდეს. ანუ ეს არ იყოს ერთჯერადი დაკვირვება…
– არამედ ტენდენციის მაჩვენებელი…
დიახ, ტენდენციის მაჩვენებელი. იმიტომ რომ ღირებულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ტენდენციას. ბარომეტრი კარგა ხანია, ასახავს იმ ტენდენციებს, რაზეც, მაგალითად, წელს წინასაარჩევნოდ ძალიან აქტიური საუბარი იყო. ბარომეტრის მიზანი იყო, რომ როგორც კი პრობლემური ტენდენცია თავს იჩენდა, აწეულიყო წითელი ან ყვითელი ალამი. ამ ყველაფერს კი შემდეგ უკვე ადეკვატური ქმედება უნდა მოჰყოლოდა.
– მე მახსოვს თქვენი ფონდის კრიტიკა გაურგენტულების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. არჩევნების შემდეგ მთავრობა უკვე საუბრობს იმაზე, რომ ხარჯები ეფექტიანად უნდა კონტროლდებოდეს. საყოველთაობის პრინციპი კი ყველა კლინიკაზე აღარ გავრცელდება.
ჩვენ ნამდვილად არ დაგვირქმევია ამ კლინიკებისთვის საამქროები, როდესაც ეს კვლევა ჩავატარეთ. უბრალოდ აღვნიშნეთ, რომ დარგში პრობლემაა და თანაც მზარდია და კანონზომიერებაში ვერ ეტევა. ამისთვის ჩვენ დიდი კრიტიკა დავიმსახურეთ: მილიონი ახსნა მოუძებნეს, ზოგჯერ ჭ-კლასის მტკიცებულება უწოდეს – მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყვითელი ალამი უკვე აწეული იყო 2013-2014 წელს და არ იყო აუცილებელი, 2016 წლის არჩევნებისთვის დაგვეცადა.
– ხშირად ჯანდაცვის სექტორს არ უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ბიზნესს. თქვენი დამოკიდებულება როგორია? ჯანდაცვა ჩვეულებრივი ბიზნესი ვერ იქნება, რადგან თუ ჩვეულებრივი ბიზნესი პროდუქციასა და სერვისს აწვდის ბაზარს და ფასს ბაზარზე არსებული მოთხოვნა განსაზღვრავს, ჯანდაცვის შემთხვევაში ეს ასე არ არის. მოთხოვნა წარმოიშვება ადამიანის კონტროლს მიღმა, ხოლო მიწოდება ისეთივე ფორმით ხდება, როგორითაც კომერციულ ბიზნესსექტორში. აქედან გამომდინარე, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვეულებრივ ბიზნესსა და ჯანდაცვას შორის.
– და თქვენ ამბობთ, რომ ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან მიწოდების რეგულირება – აქეთკენ მიგყავთ ჩვენი საუბარი?
მე ხაზს გავუსვამ, რომ მე წინააღმდეგი არ ვარ, როდესაც სამედიცინო მომსახურებას აწვდის ბიზნესსუბიექტი. ეს ნამდვილად მინდა, რომ ასე დარჩეს. უბრალოდ, მე ჯანდაცვის ბაზრის სპეციფიკას გავუსვი ხაზი.
– თუმცა, იგივე ლოგიკა რატომ არ ვრცელდება, მაგალითად, საკვებზე. საკვებზე მოთხოვნა ადამიანის კონტროლს მიღმაა, ასევე, საკვები თუ არ მივიღე, ჩემთვის ყველაფერი ბევრად უარესად იქნება – ნიშნავს ეს იმას, რომ საკვების მიწოდებაზე სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი?
არა. სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს სურსათის უვნებლობაზე. თუმცა პარალელი ჯანდაცვასა და კვებას შორის ვერ გაივლება. რადგან საკვების ფასის კუთხით თქვენ შეზღუდული არ ხართ, არჩევანი გაქვთ – ერთი და იგივე საკვები შეგიძლიათ ბაზარში ან უფრო ძვირად, ან უფრო იაფად ნახოთ. რაც შეეხება ჯანდაცვას – აქ ასე არ არის, რადგან ჯანდაცვაში მდიდარს თუ ღარიბს თუ დასჭირდა, მაგალითად, გულის ოპერაცია, ეს ოპერაცია ერთი და იგივე ფასი ღირს მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. ფასი ერთია ყველასთვის. მეორე მხრივ, ადამიანი არ წყვეტს, ესა თუ ის მომსახურება მიიღოს თუ არა, მას ამას საჭიროება უწყვეტს. ამიტომ ნამდვილად არის განსხვავება და სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მაგრამ აუცილებელია განიმარტოს, რა არის სახელმწიფოს ჩარევის ფუნქცია და როლი ამ შემთხვევაში.
– განვმარტოთ.
სახელმწიფოს ადგილი და როლი გამომდინარეობს საზოგადოების ღირებულებებიდან. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა არსებობს და ჩემს გვერდით არ მინდა იყოს ჩემი მეგობარი, რომელიც ვერ მკურნალობს, რადგან ღარიბია – შესაბამისად, მე ვთანხმდები იმას, რომ ჩემი ჯიბიდან გარკვეული თანხა მის ჯანმრთელობას მოხმარდეს. სოლიდარობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებულია, რადგან ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტიდან გაიცემა. თუმცა ამას გარდა, სახელმწიფო უნდა იყო პასუხისმგებელი, ადამიანმა მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. თქვენ დიდი ხანია, ჯანდაცვის სფეროს აშუქებთ და ნახავდით, რომ ხარისხს დიდი მნიშვნელობა არც საჯარო გამოსვლებში, არც დოკუმენტებში, არც პროგრამულ ნაწილში არ ექცევა. ხშირად გვესმის, რომ რაღაც კეთდება, მაგრამ არავინ იცის, კონკრეტულად რა კეთდება. დაბოლოს, კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ასევე სახელმწიფოს ეკისრება – ადამიანი დაიცვას უკიდურესი გაღატაკებისგან, ან თუნდაც გაღატაკებისგან მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდება. დღეს არსებული მონაცემებით ვხედავთ, რომ ეს მიზანიც – ფინანსური დაცულობა – ბოლომდე მიღწეული არ არის, იმიტომ რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უფრო ნეგატიურად იმოქმედა ღარიბი მოსახლეობის ფენაზე, რომლისთვისაც გაღატაკების მაჩვენებელი გაიზარდა, არათუ შემცირდა.
– ჯანდაცვაზე, როგორც ბიზნესზე ვსაუბრობთ და მოდი, კონკურენციაზეც ვთქვათ. ფარმაცევტულ სექტორში ბოლო პერიოდია, დიდ გამსხვილებებს ვადევნებთ თვალს. რა გავლენა ექნება ამას საბოლოო ჯამში მთლიანად ბაზარზე?
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი არის, იყო და რჩება ოლიგოპოლიურად. ჯიპისი ფარმადეპოს შერწყმა ერთ კომპანიად და მისი შეძენა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ, რეალურად ეს ძალიან კარგია, რადგან სამი სოლიდური მოთამაშე იქნება ერთ ბაზარზე, რომლებიც ერთმანეთს ადეკვატური კაპიტალით ან მსგავსი კაპიტალით დაუპირისპირდებიან. მოსალოდნელია, რომ ამის საფუძველზე უნდა გაიზარდოს კონკურენცია, მაგრამ, სად უნდა გაიზარდოს კონკურენცია, GHG-ის მიერ ფარმაცევტული კომპანიების შეძენა ხმარდება კორპორაციულ ინტერესებს, რომ მოამარაგოს მათი სამედიცინო დაწესებულებები უფრო ხარისხიანი, მაგრამ უფრო იაფი მედიკამენტებით, თუ ეს არის აქცენტი იმაზე, რომ მხოლოდ სამომხმარებლო ფასებით გაუწიოს კონკურენცია დანარჩენ მოთამაშეებს – ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მთავარ გამოწვევებს თუ პრობლემებს შორის ათეულში, მეექვსე ადგილზე მოხვდა ჯანდაცვა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ყველა კვლევით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის კმაყოფილების დონე მაღალია.
საინტერესო შეკითხვაა. ძალიან თამამად და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ის კვლევები, რომლებზეც საუბრობენ და რომლებზე აპელირებითაც გვიყვებიან წარმატების ისტორიებს, ჩვენ თვალით არ გვინახავს – არათუ კვლევა, სლაიდებიც კი არსად გამოქვეყნებულა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის კმაყოფილებაზე ჩემთვის ძნელია თქმა თუ რაზე ხდება აპელირება. რა თქმა უნდა, მოსახლეობა კმაყოფილია. მე არ მიკვირს. არც შეიძლება, რომ მოსახლეობა კმაყოფილი არ იყოს. მაგრამ კმაყოფილებას თავისი ზღვარი გააჩნია. წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, ღარიბთა დაზღვევამ, როგორც წინასაარჩევნო დაპირებამ, ფანტასტიკურად იმუშავა მოსახლეობის კმაყოფილებაზე 2007-2008 წელს. მაგრამ 2012 წლისთვის მას უკვე ამოწურული ჰქონდა თავისი კმაყოფილების ხარისხი. ხალხმა ეს მიიღო. გავიდა წლები და მას უფრო მეტი მოუნდა. და ეს ბუნებრივია. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. იგივეა საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც გაეშვა 2013 წელს. 2016 წელს ეს სიკეთე ადამიანს უკვე აქვს. ამიტომ კმაყოფილებისთვის კიდევ რაღაც არის საჭირო. და საჭიროა ის, რაც 2014 წლიდან ისმის: დაპირების შესრულება, რომ ხარისხი გაუმჯობესდება; დაპირების შესრულება, რომ პროგრამას დაემატება მედიკამენტების კომპონენტი; საჭიროა ის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, წამალი გაიაფდეს, რასაც ადამიანი საკუთარი ჯიბიდან ყიდულობს. წამლის გაიაფება, როგორც დანაპირები, ჩვენ 2013 წლიდან გვესმის.
– და გვესმის გამუდმებით. სულ ბოლოს ბაზარზე ერთი კომპანიის შემოყვანით გვპირდებოდნენ, რომ წამლები გაიაფდებოდა. კონკურენციაზე ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ და ამ კონტექსტში საინტერესოა — რამდენად რეალისტური შეიძლება ყოფილიყო ეს მოლოდინი?
შესაძლებელი ყველაფერია. არ ვიცი, მიგიქცევიათ თუ არა თქვენ ყურადღება, რა გავლენა იქონია თქვენს ბიუჯეტზე iPhone-მა, რომელშიც შეიძლება საკმაოდ ძვირს იხდით. სამაგიეროდ, თქვენ აღარ გჭირდებათ ფოტოაპარატი, ვიდეო, მუსიკის მოსასმენი აპარატურა, ბევრი ისეთი მოწყობილობა, რაც ცალ- ცალკე უფრო ძვირი დაგიჯდებოდათ, ახლა კი ყველა ეს ფუნქცია ამ ბრენდის მობილურმა შეითავსა. ასე რომ, შესაძლებელი ყველაფერია. მაგრამ თქვენ თუ “ჰუმანითი ჯორჯიას” გულისხმობთ – ეს კომპანია ეფემერულად გაჩნდა და ეფემერულად გაქრა. რატომღაც აღარავინ ამყარებს მასზე ისეთ იმედებს, როგორსაც ადრე ამყარებდნენ; რატომღაც აღარც ის ქარხანა შენდება, რომელსაც ჩვენ – გადასახადების გადამხდელებმა თანხა მივეცით თუ ვასესხეთ; რეალურად რა დაემართა ამ პროექტს; ვის აქვს ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ ეს პროექტი არ შედგა; ან თუ შედგა, მაშინ სად არის შედეგები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ — მოკლედ, ასეთი კითხვა ბევრია ზოგადად მთელ დარგში და მცდელობა, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცეს – ნაკლები.
——————————–
ინტერვიუ სრულდება. ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორი იყო “საერთაშორისო ფონდ კურაციოსთვის” საქმიანობის დაწყება 22 წლის წინათ – მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჯერ კიდევ თვითგამორკვევის ფაზაში იყვნენ და მაშინ, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა. ქარტეხილების მიუხედავად, “საერთაშორისო ფონდი კურაციო” დღესაც აქტიურად მუშაობს, იკვლევს და ადგენს ტენდენციებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორი აღიარებს, ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ადამიანური რესურსია. სწორედ ამიტომ, სანამ კვლევას ხელს მოკიდებს, “საერთაშორისო ფონდ კურაციოს” თანამშრომელი 3–5 წლის განმავლობაში აქტიურად სწავლობს და გადის სხვადასხვა ტრენინგს. შემდეგ უკვე აქ დაგროვილი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს იმას, რომ ისეთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც HSG-ია, სამდივნოს კოპენჰაგენიდან საქართველოში, თბილისში გადმოიტანს. გიორგი გოცაძეს მორიგ ინტერვიუმდე იმ იმედით ვემშვიდობებით, რომ Forbes Georgia-ს მარტის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ ცარიელ ღაღადად არ დარჩება და ხელისუფლება ისწავლის, როგორ გაუსწოროს თვალი ყვითელ ალამს, სანამ ის წითლად შეიფერება.