ჯანეტ იელენი: ინფლაციასთან დაკავშირებით შევცდი, არასწორი აღმოვჩნდი

ჯანეტ იელენი: ინფლაციასთან დაკავშირებით შევცდი, არასწორი აღმოვჩნდი

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა CNN-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გასულ წელს გაკეთებული განცხადებები ინფლაციის დონის ზრდასთან დაკავშირებით არასწორი იყო და ფასების ზრდის რეალურმა დონემ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფედერალური რეზერვისა და ხაზინის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

„იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდებოდა ინფლაცია, არასწორი აღმოვჩნდი. მოვლენების მოულოდნელი განვითარება, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, ეკონომიკური შოკები და ენერგეტიკული რესურსებისა თუ სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ნეგატიურად აისახა ჩვენს ეკონომიკაზე, მაშინ [2021] ჩემთვის არ იყო ცნობილი და ბოლომდე ვერც გავიაზრეთ, თუმცა ახლა უკვე ამას ვაღიარებთ“, – განაცხადა იელენმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ინფლაციის წლიურმა დონემ აშშ-ში 8.3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ქვეყნის ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდა, რაც Dow Jones-ისა და S&P-ის ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევი ყველაზე ნეგატიური სცენარებითაც კი არ იყო გათვალისწინებული.

2021 წელს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი და ხაზინადარი იელენი ირწმუნებოდნენ, რომ ინფლაცია დროებითი, გარდამავალი პრობლემა იყო და ის მნიშვნელოვან ზეწოლას ვერ მოახდენდა მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, თუმცა 2022 წლიდან ინფლაციის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ახლა კი პაუელიცა და იელენიც აშშ-ის უმთავრეს გამოწვევად მაღალ ინფლაციას ასახელებენ.

ექსპერტთა ნაწილი ფედერალურ რეზერვსა და ხაზინას რისკების არასათანადოდ შეფასებასა და კოვიდ-პანდემიის პერიოდში უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავს. პაუელის განცხადებით, ინფლაცია FED-ის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ის მზადაა, ყველაფერ გააკეთოს მის შესაჩერებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *