გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირა კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო გამორჩეული. პიკასოს ფერწერული ტილო, რომელიც ერთ დროს მსახიობ შონ კონერის ეკუთვნოდა, აუქციონზე $22 მილიონად გაიყიდა. ლუვრში გამოფენილ ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ კი გარემოს დამცველმა აქტივისტმა ტორტი ესროლა. ასევე, 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ კონკურსის ჯილდო გაყიდა და, როგორც გაირკვა, მიღებული თანხით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონებს ყიდულობს.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს, კინოთეატრებში ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „Top Gun: Maverick“-ი გამოჩნდა, რომლის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $124 მილიონი შეადგინა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი კინომწარმოებლებს ხარჯების 40%-ს ბიუჯეტიდან დაუფარავს.

გასული კვირის კულტურის სფეროს მიმოხილვაში ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

პიკასოს ფერწერული ტილო, რომელიც ერთ დროს შონ კონერის ეკუთვნოდა, აუქციონზე $22 მილიონად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ფერწერული ტილო, სახელწოდებით „Buste d’homme dans un cadre“, რომელიც ერთ დროს შოტლანდიელ მსახიობს, შონ კონერის ეკუთვნოდა, ჰონგ-კონგში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე 22 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

მუშკეტერის ეს აბსტრაქტული პორტრეტი პიკასომ 1969 წელს დახატა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი მხატვარი გარდაცვალებამდე ბოლო ათწლეულში საკუთარ შემოქმედებაში ამ თემატიკას დიდ ყურადღებას უთმობდა. მუშკეტერებს ასევე ხშირად ხატავდნენ რემბრანდტი და დიეგო ველასკესი.

ფოტო: CHRISTIE’S

Christie’s-ის სააუქციონო სახლის თანახმად, „Buste d’homme dans un cadre“ პიკასოს ერთადერთი ტილო არ არის, რომელსაც შონ კონერი ფლობდა. თუმცა, როგორც ცნობილია, შოტლანდიელი მსახიობი უპირატესობას მხატვრის შემოქმედებითი კარიერის ადრეულ ეტაპზე შექმნილ ნამუშევრებს ანიჭებდა.

ცნობისთვის, Christie’s-ი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას 19 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებდა, თუმცა საბოლოოდ მასში 3 მილიონი აშშ დოლარით მეტი გადაიხადეს.

„Top Gun: Maverick“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $124 მილიონი შეადგინა

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას, გასული პარასკევიდან კვირის ჩათვლით, 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

2022 წელს გამოსული ფილმებიდან საშინაო დებიუტისას, შემოსავლების თვალსაზრისით, ამ დრომდე საუკეთესო შედეგი ფილმს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ეკუთვნის, რომელმაც პირველ უიკენდზე აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში 187 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. კინოსურათის საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მოცემული დროისთვის 877 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

მეორე ადგილს რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული „ბეტმენი“ იკავებს, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას ბილეთების გაყიდვებით 134 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, ის, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 770 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზე კი $124-მილიონიანი შემოსავლით სწორედ „Top Gun: Maverick“-ია, რომლის გადაღებაც 170 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმის მთავარი გმირი პიტ მიტჩელია – საზღვაო ძალების ერთ-ერთი წამყვანი მფრინავი. კინოსურათი, რომლის რეჟისორიც ჯოზეფ კოსინსკია, სწორედ მის თავგადასავალზე მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ „Top Gun“-ის პირველი ნაწილი 1986 წელს გამოვიდა. ტონი სკოტის რეჟისორობით გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარია, შემოსავალმა კი საერთო ჯამში $357.3 მილიონს მიაღწია.

ლუვრში გამოფენილ „მონა ლიზას“ გარემოს დამცველმა აქტივისტმა ტორტი ესროლა

ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ ფერწერულ ტილოს, „მონა ლიზას“, რომელიც საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, გარემოს დამცველმა აქტივისტმა ტორტი ესროლა. აღსანიშნავია, რომ მანამდე შენიღბულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც თავს მოხუც ქალად ასაღებდა და ეტლს იყენებდა, ხელოვნების ნიმუშის წინ განთავსებული ტყვიაგაუმტარი მინის ჩამსხვრევა სცადა.

ინციდენტში მონაწილე პირი ლუვრის დაცვამ მალევე შეაჩერა და შენობა დაატოვებინა. თვითმხილველებმა ამ პროცესის კადრზე აღბეჭდვა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში აქტივისტი საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „იფიქრეთ პლანეტაზე… არიან ადამიანები, რომლებიც პლანეტას ანადგურებენ, დაფიქრდით ამაზე… ასე ამიტომ მოვიქეცი“.

ფოტო: nbc

როგორც Forbes-თან საუბარში ლუვრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შემთხვევის დროს ხელოვნების ნიმუში არ დაზიანებულა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირს, ის 36 წლის მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და სპეციალურ ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. The Guardian-ის ცნობით, პარიზის პროკურატურამ გამოძიება კულტურის ძეგლისადმი ვანდალური მოპყრობის  მცდელობაზე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, „მონა ლიზას“ ფერწერულ ტილოებს შორის ყველაზე მაღალი სადაზღვევო შეფასება აქვს. ჯერ კიდევ 1962 წელს ლეონარდო და ვინჩის შედევრი $100 მილიონად იყო დაზღვეული, ახლა კი ეს თანხა $172 მილიონს უტოლდება.

„მონა ლიზას“ პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის 1911 წელს, ლუვრის გახმაურებული ძარცვის დროს მოიპარეს. ხელოვნების ნიმუშს ორი წლის შემდეგ ფლორენციაში მიაკვლიეს და კვლავ ლუვრში დააბრუნეს. მას შემდეგ „მონა ლიზა“ თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 1956 წელს მამაკაცმა ხელოვნების ნიმუშს ქვა ესროლა და დააზიანა, რის გამოც მუზეუმის თანამშრომლებმა ტილოს წინ ტყვიაგაუმტარი მინის საფარი დაამონტაჟეს. 2009 წელს, კიდევ ერთი ინციდენტის დროს ქალმა „მონა ლიზას“ ჩაის ფინჯანი ესროლა.

„Stranger Things 4“-მა Netflixზე დებიუტისას ნახვების რეკორდი დაამყარა

Netflix-ის განცხადებით, პლატფორმაზე „Stranger Things“-ის მეოთხე სეზონის პირველ ნაწილს წარმატებული დებიუტი ჰქონდა. კომპანიის თქმით, სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა მას გასულ უიკენდზე საერთო ჯამში 286.7 მილიონი საათი დაუთმეს, რაც ინგლისურენოვან სატელევიზიო შოუებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

აქამდე Netflix-ზე საუკეთესო შედეგი „Bridgerton“-ს ჰქონდა ნაჩვენები. მას მარტში, ერთ-ერთ უიკენდზე პრემიერისას სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა საერთო ჯამში 193 მილიონი საათი დაუთმეს.

აღსანიშნავია, რომ „Bridgerton“-ის მეორე სეზონის ყურებაში Netflix-ის გამომწერებმა 28 დღის განმავლობაში საერთო ჯამში 656.2 მილიონი საათი გაატარეს, რაც პლატფორმაზე ინგლისურენოვანი სატელევიზიო შოუებისთვის საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ მეორე ადგილზე „Bridgerton“-ის პირველი სეზონია, რომელსაც სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა, ზემოხსენებულ პერიოდში, 625.4 მილიონი საათი დაუთმეს, მესამე ადგილს კი „Stranger Things 3“ იკავებს, რომლის ნახვის ხანგრძლივობამაც მთლიანობაში 582.1 მილიონი საათი შეადგინა.

ზოგადად კი, სხვადასხვაენოვანი სატელევიზიო შოუებიდან, გაშვებიდან პირველ 28 დღეში, Netflix-ზე საუკეთესო შედეგი და შესაბამისად, რეკორდი „Squid Game“-ს ეკუთვნის, რომლის ნახვაშიც პლატფორმის გამომწერებმა 1,6 მილიარდი საათი გაატარეს.

აქვე გეტყვით, რომ „Stranger Things 4“-ის მეორე ნაწილი 1-ელ ივლისს გამოვა.

კლოდ მონეს ნამუშევარი „ვატერლოოს ხიდი“ შესაძლოა, აუქციონზე 30 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს

ფრანგი ფერმწერის, კლოდ მონეს ნამუშევარი „ვატერლოოს ხიდი“ შესაძლოა, ივნისში, ლონდონში დაგეგმილ Christie’s-ის აუქციონზე 24 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ანუ დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. აღსანიშნავია, რომ ფერწერული ტილო უკვე 70 წელია, რაც ერთი ოჯახის მფლობელობაშია.

ფოტო: Christie’s

ნამუშევარი, სრული სახელწოდებით „Waterloo Bridge, Effet de Brume“ კლოდ მონეს მიერ 1899-1904 წლებში დახატული 41 ხელოვნების ნიმუშიდან ერთ-ერთია, რომელზეც ლონდონში მდებარე მდინარე ტემზაზე გადებული ხიდია ასახული. ეს ტილო მონემ 1904 წელს დახატა, როდესაც Savoy-ის სასტუმროში ცხოვრობდა. ცნობისთვის, ფრანგის მხატვრის მიერ შესრულებული, ვატერლოოს ხიდის თემატიკაზე შექმნილი 41 ნამუშევრიდან 26 სხვადასხვა მუზეუმში ინახება.

აღნიშნულ ფერწერულ ტილოს თავდაპირველად ფრანგი დილერი, პოლ დურან-რუელი ფლობდა. 1951 წელს ნამუშევარი ნიუ-იორკში დაფუძნებული საათების მწარმოებელი კომპანიის, Bulova-ს ხელმძღვანელმა შეიძინა და ფერწერული ტილო მისი ოჯახის საკუთრებაში გადავიდა.

უკრაინულმა ჯგუფმა ევროვიზიის ჯილდო გაყიდა და თანხით ომისთვის დრონებს შეიძენს

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ კონკურსის ჯილდო, ბროლის მიკროფონი ონლაინაუქციონზე 900,000 აშშ დოლარად გაყიდა. როგორც ცნობილია, თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის PD-2-ის სახელწოდებით ცნობილი დრონების შეძენას მოხმარდება, რომლებსაც ისინი რუსეთის შეტევებისგან თავის დასაცავად გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kalush Orchestra-ს ბროლის მიკროფონი კრიპტოვალუტის ბირჟა Whitebit-მა შეიძინა, რომელსაც ესტონეთიდან და უკრაინიდან, ვლადიმირ ნოსოვი და ოლეგ კაინი ფლობენ.

უკრაინული ჯგუფი 2022 წლის ევროვიზიის ფინალში, რომელიც 14 მაისს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა, მსმენელის წინაშე სიმღერით „Stefania“ წარდგა, 631 ქულა დაიმსახურა და საკუთარ ქვეყანას ევროვიზიის ისტორიაში მესამედ გაამარჯვებინა.

მალევე, Kalush Orchestra-ს კონკურსში გამარჯვებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთ დღეს ევროვიზიის სტუმრებსა და კონკურსანტებს მარიუპოლში უმასპინძლოს. შეგახსენებთ, ტრადიციის შესაბამისად, ევროვიზიის მომდევო ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული სახელმწიფო მასპინძლობს.

საუდის არაბეთი კინომწარმოებლებს ხარჯების 40%-ს ბიუჯეტიდან დაუფარავს

საუდის არაბეთმა ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: მთავრობა კინოწარმოების ხარჯების 40%-ს ბიუჯეტიდან დაფარავს.

სახელმწიფო პროგრამა – Film Saudi საერთაშორისო და ადგილობრივი კინოსტუდიების  დახმარებაზეა ორიენტირებული. პროგრამით სარგებლობისთვის კი აუცილებელია, რომ კინოპროექტში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობდნენ, ფილმი გადაღებული იყოს საუდის არაბეთში და ღირსეულად იყოს წარმოჩენილი ქვეყნის ისტორია, კულტურა და მოსახლეობა.

„კინოწარმოების წახალისება საშუალებას მოგვცემს: მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი კინოინდუსტრიის პოტენციალი და უკეთესად წარმოვაჩინოთ საუდის არაბეთის უნიკალური და თვალწარმტაცი პეიზაჟები“, – განაცხადა Saudi Film Commission-ის დირექტორმა, აბდულა ალ ეიაფმა.

საუდის არაბეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა მასშტაბებითა და ამბიციით მნიშვნელოვნად აჭარბებს მეზობელი სახელმწიფოების გეგმებს. 2030 წლამდე Film Saudi-ის ფარგლებში 100 ფილმის გადაღება იგეგმება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კინოსტუდიების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან კინოწარმოების წასახალისებელ პროგრამას „აწარმოე საქართველოშიც“ ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის სახელწოდებაა „გადაიღე საქართველოში“ და ის ხარჯების 20-25%-ის უკან დაბრუნების საშუალებას იძლევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *