ჯაშუშების საწინააღმდეგოდ ევროკავშირი შეხვედრებისთვის ახალ ბუნკერს აშენებს

ჯაშუშების საწინააღმდეგოდ ევროკავშირი შეხვედრებისთვის ახალ ბუნკერს აშენებს

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბრიუსელში ახალ €8-მილიონიან ბუნკერს აშენებს, რომელიც EU-ს ლიდერებს მაღალი რანგის მოლაპარაკებების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მისცემს.

EUobserver-ის ინფორმაციით, ბუნკერის ძირითადი დანიშნულება თვალთვალისა და მიყურადების რისკების შემცირება იქნება და მისი საშუალებით ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიღებს უსაფრთხო სივრცეს, სადაც გარანტირებული იქნება გაზიარებული ინფორმაციის დაცულობა და პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სხვადასხვა ტიპის სათვალთვალო-ჯაშუშური მოწყობილობებით ინფორმაციის გაჟონვა.

ბუნკერის ძირითადი საკონფერენციო სივრცე 100-მდე პირს იტევს, ის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც უმაღლესი რანგის, სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებისთვის, ასევე შედარებით დაბალი, დიპლომატიური შეხვედრებისთვის.

ბუნკერი დაცული იქნება NATO-ს მიერ სერტიფიცირებული უსაფრთხოების სისტემებით, ელექტრონული მოწყობილობებითა და საკომუნიკაციო არხებით, რაც ინფორმაციული დაცულობის უმაღლესი გარანტია.

ბრიუსელში ახალი ბუნკერი 2024 წელს აშენდება – მისი შექმნის იდეა პირდაპირ კავშირშია რუსული და ჩინური სადაზვერვო სამსახურებისგან მომავალ საფრთხესთან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში ევროკავშირის სტრუქტურულ სისტემებში არაერთი სათვალთვალო მოწყობილობისა და პროგრამის აღმოჩენის შემთხვევა დადასტურდა. მიმდინარე წლის აპრილში კი ბრიუსელიდან ორი რუსი ჯაშუში გააძევეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *