ფოტო: Getty Images
ჩიპების მწარმოებელი NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა. ამის მიზეზი Nvidia-ს აქციების ღირებულების მკვეთრი ზრდა გახდა. ეს კი, თავის მხრივ, ჩინეთთან შესაძლო გარიგებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.
Forbes-ის შეფასებით, ჰუანგის ქონება ხუთშაბათს დაახლოებით $203 მილიარდამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში Nvidia-ს აქციები 4%-ზე მეტად გაძვირდა და ერთ აქციაზე დაახლოებით $235-ს მიაღწია.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა Nvidia-ს H200 ჩიპების 10 ჩინური ტექნოლოგიური კომპანიისთვის მიყიდვა დაამტკიცა. სწორედ ამ ცნობამ გამოიწვია ბაზარზე ოპტიმიზმი და კომპანიის აქციების ღირებულების მორიგი მკვეთრი ზრდა.
ჯენსენ ჰუანგი მსოფლიოში მეშვიდე ადამიანია, რომლის ქონებაც ამჟამად $200 მილიარდს აღემატება. იგი Nvidia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია 1993 წელს ვიდეოთამაშებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორების მწარმოებლის სტატუსით შეიქმნა, თუმცა მისი სწრაფი ზრდა განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ბუმის შემდეგ დაიწყო, როდესაც Nvidia AI-ინფრასტრუქტურის მთავარი მოთამაშე გახდა.
ჰუანგი Nvidia-ს დაახლოებით 3%-ს ფლობს. კომპანიის წარმატებამ მისი ქონება ბოლო წლებში მკვეთრად გაზარდა – 2020 წელს დაახლოებით $4.7 მილიარდიდან Forbes 400-ის ბოლო რეიტინგის პერიოდში უკვე $151 მილიარდამდე.
შეგახსენებთ, ჯენსენ ჰუანგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტს სხვა ტექნოლოგიურ ლიდერებთან ერთად შეუერთდა. დელეგაციაში არიან ილონ მასკი და ტიმ კუკიც. ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ამერიკელ ტექ-ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთის ბაზარი „უფრო მეტად გაიხსნება“ და ამერიკულ კომპანიებს ქვეყანაში „უფრო ფართო შესაძლებლობები“ ექნებათ.
ბოლო პერიოდის აღმასვლის ფონზე Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $5.7 ტრილიონს გადააჭარბა, რაც საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მნიშვნელოვნად უსწრებს მის უახლოეს მდევარ Alphabet-ს, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4.8 ტრილიონია, ასევე Apple-ს, რომლის კაპიტალიზაციაც $4.3 ტრილიონს შეადგენს.









