პირველობის 30-წლიანი გზა - ინტერვიუ გალტ & თაგარტის გენერალურ დირექტორთან

პირველობის 30-წლიანი გზა - ინტერვიუ გალტ & თაგარტის გენერალურ დირექტორთან

როცა ფინანსური ინსტიტუტი 30 წელს ითვლის ისეთ ახალგაზრდა და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა, ერთი შეკითხვა ბუნებრივად იჩენს თავს – რა მოიტანა ამ სამმა დეკადამ?

გალტ & თაგარტისთვის, რომელიც სულ ახლახან Global Finance-მა საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა და იგივე ტიტული გასულ წელს Euromoney-სგანაც ერგო, პასუხი კონკრეტულია – დიდ ნაწილს იმისა, რასაც ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ვხედავთ, სწორედ ამ გალტ & თაგარტმა ჩაუყარა საფუძველი.

1995 წლიდან, გალტ & თაგარტი, არერთი საზომით ქართული ფინანსური ბაზრის სიმბოლოდ იქცა – სწორედ მას უკავშირდება პირველი კორპორაციული ობლიგაციების გამოშვება, პირველი მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, ლარში დენომინირებული უდიდესი ობლიგაცია ბაზარზე, პირველი საინვესტიციო კვლევა და მრავალი სხვა სიახლე.

როგორ იქმნება ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი,  როგორ იქცა „პირველობა“ მის ფილოსოფიად და როგორ გრძელდება კომპანიის 30 წლიანი გზა? – ამაზე გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი საუბრობს.

30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანიის გზავნილია „N1 საინვესტიციო ბანკი — 30 წელი“. რა უდევს ამ გზავნილს საფუძვლად?

ამ ფრაზას უკან მონაცემები და კონკრეტული მოვლენები დგას. 2005 წელს გალტ & თაგარტი იყო პირველი კომპანია ქვეყანაში, რომელმაც საჯარო კორპორატიული ობლიგაციის განთავსებას უხელმძღვანელა. ამ ემისიის მოცულობა 2 მილიონი ლარი იყო, რაც ახლა, შესაძლოა, მოკრძალებულად ჟღერს, მაგრამ იმ დროისთვის, ნამდვილად უცხო ტერიტორია იყო. პრაქტიკულად, არ არსებობდა გზამკვლევები, არც სამაგალითო ტრანზაქცია, ან ინვესტორთა ბაზა, რომელმაც ეს ადრე გააკეთა. გალტ & თაგარტს თავად უნდა შეექმნა გარიგების ლოგიკა ბაზარზე.

მას შემდეგ ყველა მსხვილი და თვისებრივად პირველი ტრანზაქცია იმავე პრინციპს დაეფუძნა – ჩვენ არ ვიმეორებთ არსებულს; ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ახლის დანერგვა ბაზარზე სავსებით შესაძლებელია.

გალტ & თაგარტთან დაკავშირებულ არაერთ მოვლენას ახლავს წინ ფრაზა  – “პირველი კომპანია, რომელიც…” – როგორი იყო ეს გზა?

2014 წლიდან, პირველ $10 მილიონიან ემისიას პირველი $20 მილიონიანი მოჰყვა, შემდეგ იყო პირველი $30 მილიონიანი ემისია, ევროში დენომინირებული პირველი ობლიგაცია და მრავალი სხვა „პირველი“.  ამ პროგრესისადმი კი გვიბიძგეს ჩვენმა მომხმარებლებმა, რომელთა მიზანი ზრდა და განვითარება იყო; რომლებიც გვენდნენ და დაფინანსების მოზიდვის ტრადიციული ინსტრუმენტებისგან განსხვავებული პროდუქტების გამოყენება დაიწყეს.

ამასთანავე, გალტ & თაგარტის გუნდი თავიდანვე აკვირდებოდა პროცესებს საერთაშორისო ბაზრებზე,  სადაც ერთი რამ ცხადი გახდა – გლობალური ინვესტორები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებოდნენ მაშინდელი ადგილობრივი ბაზრისთვის იშვიათი საინვესტიციო ინსტრუმენტებით,  როგორიც, მაგალითად ESG ობლიგაციებია. ეს კი ის შესაძლებლობა იყო, რომელიც როგორც გალტ & თაგარტს, ისე მთლიანად ადგილობრივ ბაზარს, აუცილებლად უნდა აეთვისებინა.

მხოლოდ 2013 წელს, გალტ & თაგარტის ჩართულობით, სხვადასხვა კომპანიამ ქვეყანაში პირველი მწვანე, გენდერული და გარემოსდაცვითი ობლიგაციები გამოსცა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო გაცნობიერებული არჩევანი იმ ტრაექტორიისა, რომლისკენაც კაპიტალის ბაზარი ვითარდებოდა.

ამ გზის ლოგიკური განვითარება აღმოჩნდა გასულ წელს განხორციელებული უმსხვილესი, $82 მლნ-ის ოდენობის მწვანე ობლიგაციის პროგრამაც აიჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან ერთად, რამაც ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული პრეცედენტი შექმნა.

აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი ტრანზაქცია: გალტ & თაგარტი გასულ წელს იყო EBRD-ის სამი ემისიის ერთადერთი ორგანიზატორი ადგილობრივ ბაზარზე, რომლის საერთო ოდენობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენდა. 500 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ტრანში კი ამ დრომდე წარმოადგენს ადგილობრივი ბაზრის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის განთავსებას.

დღეს კი  ჩვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ლარს აჭარბებს და ამით ძალიან ვამაყობთ.

კაპიტალის ბაზრის განვითრების პროგრამა – ეს კიდევ ერთი ინიციატივაა, რომლის სათავეში გალტ & თაგარტი დგას და ჯერ საქართველოს, შემდეგ კი სომხეთის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. როგორია პროგრამის დინამიკა?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გამოჩენის ხელშეწყობისთვის განვახორციელეთ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაა. იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით განხორციელდა წარმატებით ჯერ საქართველოში, შემდეგ კი სომხეთში, სადაც ადგილობრივ პარტნიორ Ameria Management Advisory-სთან ერთად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი ვებინარი და კონფერენცია ჩავატარეთ კაპიტალის ბაზრის მონაწილეებთან. იგი მოიცავდა საგრანტო მოდულსაც, რომლისადმი ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს ადგილობრივმა კომპანიებმა. ჩვენთვის ეს რეგიონალური მასშტაბირების დასაწყისია, რომელიც აგებულია იმავე მოდელზე, რომელიც საქართველოში გამოვიყენეთ – ესაა ცოდნის გაზიარება, ინსტიტუციური ურთიერთობებისა და ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

შეუძლებელია, ვისაუბროთ გალტ & თაგარტზე და არ შევეხოთ საბროკერო მიმართულებას, რომლის გუნდმა გასულ წელს არაერთი სიახლე გაგვაცნო, მათ შორის იყო ახალი საინვესტიციო პლატფორმის დანერგვა, თრეიდინგის პირველი ჩემპიონატის ორგანიზება და სხვა. როგორია ამ მიმართულებით თქვენი შედეგები და განვლილი გზა?

საბროკერო მიმართულება წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, ემსახურება რა ათობით ათას მომხმარებელს და ასრულებს ასეულობით ტრანზაქციას დღის განმავლობაში. გასულ წელს გავლილი ტრანსფორმაცით, ჩვენს ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე – G&T Trader – ხელმისაწვდომი გავხადეთ ვაჭრობა 50-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე. ამასთანავე, დავამატეთ ისეთი შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობით თრეიდინგი ბევრად უფრო ინტუიციური, მარტივი და მონაცემებზე დაფუძნებული გახდა. მათ შორის იყო 24-საათიანი ვაჭრობა, ანალიტიკური ფუნქციონალები, ალგორითმული დავალებები და სხვა – თითოეული ეს სიახლე ეფუძნებოდა ჩვენი მომხმარებლების ინტერესების მუდმივ კვლევას.

რაც შეეხება თრეიდინგის ჩემპიონატს – ამ გამოწვევის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი პლატფორმის დახმარებით უკეთ გაცნობოდნენ ბაზრის დინამიკას, შეემუშავებინათ უნიკალური სტრატეგიები, რეალურ ბაზრებზე გამოეცადათ საკუთარი ცოდნა და ამისთვის ჯილდოც მიეღოთ.

გალტ ენდ თაგარტი სანდო კვლევით ორგანიზაციადაც სახელდება. ეს სერიოზული განაცხადია ქვეყანაში, სადაც მონაცემთა სიმწირე თავისთავად ბაზრის პრობლემაა.

საქართველოში სანდო, დროული, სექტორული მონაცემები ნამდვილად მწირია – ამიტომ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ, როგორც კომპანია, რომელიც როგროც მაკროეკონომიკურ ისე სექტორულ კვლევებს მუდმივ რეჟიმში აწარმოებს,  რეალურ გავლენას ვახდენთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.

ჩვენი ყოველდღიურად ვაკვირდებით უძრავ ქონებას თბილისსა და აჭარაში, ჩვენი FMCG, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, IT-ის, ტურიზმისა სხვა არაერთი სექტორის განახლებები არ არის ანგარიშები, რომლებიც უკვე არსებულს იმეორებენ. ამას ადასტურებს ჩვენი კვლევების გამომწერთა შეფასებაც, რომელიც წლიდან წლამდე მზარდია. რაც მთავარია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ ათწლეულების წინ ჩამოყალიბებულ ტრადიციას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასულ წელს 200 კვლევა გამოვაქვეყნეთ და 15 სექტორი დავფარეთ.

როგორი იქნება გალტ & თაგარტი კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ?

თავისთავად ცხადია – უფრო დიდი და უფრო რეგიონული. მოველი, რომ კომპანიას უფრო დიდი წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოში და მის მიღმა. სომხეთში დაწყებული ინიციატივები სწორედ ამის ნიშანია. მჯერა, რომ კომპანია შეინარჩუნებს პირველობას ბაზარზე, დანერგავს ინოვაციებს, იქნება ბიზნესის ზრდის მხარდამჭერი, შექმნის უნიკალურ ანალიტიკურ ხედვებს ბაზრისთვის, თუმცა ის, რაც უცვლელი უნდა დარჩეს, გუნდის ფილოსოფიაა – ის, რამაც წელს ჩვენი, როგორც ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდოც განაპირობა – და ეს ფილოსოფია მარტივია: უნდა ვიპოვოთ ის, რაც ბაზარს სჭირდება,  მაქსიმალური სიზუსტით დავნერგოთ ინოვაცია და შევინარჩუნოთ მომხმარებლის ნდობა, რომელზე ზრუნვაც ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებაა.

S