ჯობს დაურეკოთ ვესს

ჯობს დაურეკოთ ვესს

ქადაგება — ადვოკატი ვეს კრისტიანი ეტყვის ყველას, ვინც უსმენს, რომ როდესაც კომპანიის აქციები ეცემა, დამნაშავე არიან “შიშველი მოკლე გამყიდველები.”

„შიშველი მოკლე გაყიდვები“ დიდი პრობლემაა. 
სინამდვილეში – სულაც არა.
მაგრამ ამას არ შეუფერხებია მეწვრილმანეთა ჯგუფი, ცინიკოსი იურისტით სათავეში, რომ ეს მემ-აქციების ჩამოშლის საბაბად დაესახელებინა – და ცეცხლი შეენთო დაუსაბუთებელი ანტიუოლსტრიტული კონსპირაციული თეორიებისთვის.

ვეს კრისტიანი, ისევე როგორც ჭეშმარიტი მორწმუნეების უმეტესობა, საუბრობს ისეთი შავ-თეთრი თავდაჯერებულობით, როგორიც იშვიათად გვხვდება ჩვენს რთულ სამყაროში. რელიგიისა და პოლიტიკის ნაცვლად, კრისტიანი ყურადღებას ამახვილებს უოლსტრიტზე, კონკრეტულად მემ-აქციებზე და სხვა მაღლა მფრენებზე, რომლებიც ციდან ცვივიან სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად ფინანსურ, უსიამოვნო მიზეზთა გამო.

ის სხვა დამნაშავეს ხედავს: დიდ სავაჭრო სახლებს, რომლებმაც „შენების ნაცვლად, კომპანიების მკვლელობით მეტი ფულის გამომუშავების გზას მიაკვლიეს“.

ეს ფარული მარიონეტებით მოთამაშენი, ამტკიცებს ის, იყენებენ სავარაუდო ბაზრის მანიპულირების ტაქტიკას, რომელიც ცნობილია როგორც „შიშველი მოკლე გაყიდვები“ – ნაბიჯი, რომლის დროსაც ადამიანები ყიდიან აქციებს, რომლებსაც არ ფლობენ (კლასიკური მოკლე გაყიდვები) ისე, რომ რეალურად საჭირო რაოდენობის აქციების სესხად აღებით თავს არ იწუხებენ, ფასის დაგდებამდე (ეს ნაწილი მას უკანონოს გახდიდა). ეს შესანიშნავი ნარატივია – ჩრდილოვანი ქსელი, რომელმაც, კრისტიანის თქმით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $100 ტრილიონი მოიტანა. რამდენიმე აღმასრულებელმა დირექტორმა დაიჯერა ეს ამბავი, ზოგჯერ კრისტიანის იურიდიული დახმარებით, აქციების ფასების დაცემის ფონზე.

როგორც ყველაზე სრულყოფილი ნარატივები, არც ესაა სიმართლე. საეჭვოა, „შიშველი მოკლე გაყიდვა“ საერთოდ თუ არსებობს. 2008 წელს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ შეცვალა წესი, სახელწოდებით Regulation SHO და „შიშველი მოკლე გაყიდვები” შეუძლებელი გახადა, – ამბობს ოკლაჰომის უნივერსიტეტის პროფესორი პრადიპ იადავი, რომელიც ფინანსურ ბაზრებს სწავლობს და ამბობს, რომ არ არსებობს საშუალება, „კონკრეტული მოკლე გაყიდვა კონკრეტულ შეუსრულებელ მიწოდებას დაუკავშირო“.

ასეთი რამ რომც არსებობდეს, მოსაზრება, რომ მოკლე გაყიდვებმა მოიზიდეს $100 ტრილიონი – ორჯერ მეტი, ვიდრე ყველა ამერიკული საჯარო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთად – სასაცილოდ აბსურდულია. „არ არსებობს ისეთი კომპანიის მაგალითი, კარგი, მყარი ბიზნესით, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავერკვეთ მის შეფასებაში და ფასის ვარდნა მხოლოდ შიშველი მოკლე გაყიდვებით ავხსნათ“, – ამბობს ჯ. ბ. ჰიტონი, ექსპერტ-მენეჯერი One Hat Research-ში, რომელიც უზრუნველყოფს ექსპერტულ ჩვენებებს სასამართლო საჩივრების, შეფასებებისა და გარიგებების დროს. – „ესაა ცუდი ადვოკატობა პოტენციურად ლეგიტიმური ზიანის ფონზე“.

სამწუხაროდ, კრისტიანის მსგავსი ადამიანების გამო მიღებული შედეგები სასაცილო არაა. ისევე როგორც ვაქცინებისა და არჩევნების შესახებ სიცრუეებმა შექმნა პოლიტიკური სპექტრის უკიდურესობებში მყოფი შეშლილი კლასი, და ძირს უთხრის იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც ამერიკა კეთილდღეობისა და დემოკრატიის გლობალურ შუქურად აქციეს, ფაქტებთან მწყრალად მყოფი აზროვნება ახლა უოლ-სტრიტზე იკიდებს ფეხს. ესაა Occupy Wall Street-ის დღეების ენთუზიაზმი – „ბაზრები გაყალბებულია!“, რომელსაც აბსოლუტიზმი, უმეცრება და QAnon-ის ციფრული ინსტრუმენტები აძლიერებს.

თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ქვაბი დუღს, როცა საცალო მოვაჭრეების ლეგიონი, რომლებსაც უჭირთ ზრდა ბუნებრივი მიზეზების გამო, ადანაშაულებენ და ფიზიკურად ემუქრებიან გამომძიებელ ჟურნალისტებს, რეპორტიორებსა და მარეგულირებლებს. „მარეგულირებლები შიშობენ საკუთარი სიცოცხლის გამო”, – სიცილით ამბობს კრისტიანი ინტერვიუში და საუბრობს იმ მოძრაობის შესახებ, რომელსაც მან ხელი შეუწყო. „მე ველაპარაკე კანადელ მარეგულირებელს, საბჭოს წევრს, რომელმაც თქვა: „ღმერთო ჩემო, შეიძლება საცხოვრებლის შეცვლა და ანონიმურად ყოფნა მომიწიოს, რადგან ხალხი ლინჩის წესით ჩემ გასამართლებას აპირებს“. საქმე იმდენად ცუდად წავიდა, რომ გასული წლის დეკემბერში Financial Industry Regulatory Authority-მ (FINRA) თავის თანამშრომლებს დროებით სახლიდან მუშაობა ურჩია.

70 წლის კრისტიანი ქვაბს ურევს. მიუხედავად იმისა, რომ მას ასევე მოჰყავს ჩვეულებრივი რუტინული მიზეზები, რის გამოც შესაძლოა აქცია ჩამოიშალოს – თაღლითობა, pump-and-dumpსქემები, ცუდი მენეჯმენტი – ის ყოველთვის უბრუნდება „შიშველი მოკლე გაყიდვების“ საფრთხობელას. ის მას ქარცეცხლში ატარებს ინტერვიუებსა და არაკრიტიკულ დოკუმენტურ ფილმებში, მათ შორის HBO-ს Gaming Wall St-ზე, რომლის პრემიერაც გასულ წელს შედგა.

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში, – თქვა მან მაამებლურად Gaming Wall St-ში, – ერთ-ერთი ადგილი, სადაც მე გულმოდგინედ და განუწყვეტლივ ვჩხუბობდი, ეს სივრცეა, რადგან მჯერა, რომ ესაა ყველაზე დიდი კომერციული თაღლითობა აშშ-ის ისტორიაში“.

კრისტიანის ბრძენკაცური მანერა მას ძლიერ მესინჯერად აქცევს. იმის ნაცვლად, რომ ზეცაში მუშტი აქნიოს, ის იმედგაცრუებული მწვრთნელის სახით უხსნის თავის მოთამაშეებს, თუ როგორ არ არიან დამნაშავენი წაგების გამო, რადგან ლიგაში თამაშები ჩაწყობილია. მეოთხე თაობის ტეხასელი კრისტიანი ამტკიცებს, რომ მან „აღმოაჩინა“ „შიშველი მოკლე გაყიდვები“ დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ და 2000 წლიდან შექმნა იურიდიული პრაქტიკა მის გარშემო. აქ კრისტიანის თავდაპირველი თანაგუნდელი იყო ჰიუსტონელი ადვოკატი, სახელად ჯონ ო’ქუინი, რომელიც ცნობილი გახდა 1998 წელს თამბაქოს დიდი კომპანიების წინააღმდეგ $17.3-მილიარდიანი გარიგებით. როდესაც Forbes-მა პირველად შეამჩნია კრისტიანი 2002 წელს, ო’ქუინმა თქვა, რომ ის მზად იყო, მასზე ფსონი დაედო, რადგან „შიშველ მოკლე გამყიდველებზე“ ნადირობა შესაძლოა „თამბაქოზე დიდი საქმე ყოფილიყო“.

ადრეულ წლებში კრისტიანი ეუბნებოდა Forbes-ს, რომ მისი საქმეები ძირითადად უაზრო იყო. „ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობდით ამ სასამართლო პროცესს, – ამბობს ის. – ჩვენ არც ისე კარგად წაგვივიდა საქმე, რადგან რეალურად არცკი გვესმოდა, ზუსტად როგორ ხდებოდა ეს“. 2003 წელს ის წარმოადგენდა ფარმაცევტულ ფირმა Endovasc-ს, რომელიც კრისტიანის ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებს ადანაშაულებდა მისი აქციების ფასის ვარდნაში – $7.50-დან $0.65- მდე, იმ დოკუმენტების თანახმად, რომელიც მან მაშინ Forbes-ს აჩვენა. ჩვენ მაშინაც სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი: „ეს აქცია მარტივად შეიძლება შემცირდეს: ცხრა თვის განმავლობაში Endovasc-მა დაკარგა $5.4 მილიონი $293,000-ის შემოსავლის პირობებში“ – ნათქვამია სტატიაში, რომელიც მთავრდებოდა კითხვით: „რა იწვევს ამ აქციების დაცემას: ვაჭრობის მართვის ფორმა თუ მენეჯერების მიერ ფირმების მართვის სტილი?“ ოთხი წლის შემდეგ SEC-მა უბრძანა აქციების გამყიდველს, სახელად პორტერ სტენსბერის, გადაეხადა $1.3 მილიონი ჯარიმა pump-and-dump სქემის გაშვებისთვის, რომელიც Endovasc-ის აქციებს მოიცავდა. არ არსებობდა მინიშნება, რომ ვინმე უკანა გზაზე „შიშველი მოკლე გაყიდვებით“ უკანონოდ სარგებლობდა.

მიუხედავად ამისა, ნადირობა გაგრძელდა. 2009 წელს ო’ქუინი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ მანამდე დაიქირავა ეკონომისტი და კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, სახელად რობერტ შაპირო მოცემულ თემაზე კვლევის ჩასატარებლად. მოგვიანებით შაპირო გახდა კრისტიანის გამომძიებელი და ექსპერტი მოწმე. გასული ორი და მეტი ათწლეულის განმავლობაში კრისტიანი ამბობს, რომ მან 21 საქმე განიხილა და 72 კომპანიას სათანადო გამოკვლევა ჩაუტარა. თუმცა, რატომღაც, არც ერთს არ მოჰყოლია „შიშველი მოკლე გაყიდვების“ ფართო ქსელის გამოვლენა.

„უოლ-სტრიტს უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე ღმერთს“, – უთხრა კრისტიანმა Forbes-ს. – ისინი არ აპირებენ გარიგებაზე წასვლას, თუ სასამართლო პროცესი არ დაემუქრებათ. არცერთი ეს საქმე არ წასულა სასამართლოში, რადგან, საბოლოო ჯამში, მათ ეს არ სურთ“. იმავე საბაბს გვთავაზობს კრისტიანის დიდი ხნის თანამშრომელი, მონაცემთა შემგროვებელი, სახელად დევიდ ვენგერი, რომელიც ფირმა ShareIntel-ს მართავს. „უყურე, ისინი ფულს ჰაერიდან შოულობენ, – ამბობს ის. – ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ ნამდვილად გამოამჟღავნეთ ეს, ჩათვალეთ, რომ ეჭვქვეშ აყენებთ ჩვენი ფინანსური ბაზრების მთლიანობას“. ის დასძენს, რომ „შიშველი მოკლე გაყიდვებით“ გამყიდველებმა „ბიზნესიდან ათასობით კომპანია გააძევეს“ – ურცხვი ტყუილი, რომელსაც სხვები, მრავალი წლის განმავლობაში, მტკიცებულების გარეშე ჰყვებოდნენ.

„მე არ გამიგია არცერთი სარჩელის ან გამოძიების შესახებ, რომელსაც რამე შედეგი ჰქონდა, – ამბობს პიტერ მოლკი, University of Florida-ს სამართლის პროფესორი. – საგულისხმოა, რომ თქვენ ვერ ხედავთ მთავარი კორპორაციული მმართველობის ფირმებს ან აქტივისტებს, რომლებიც თანახმა არიან, ამ ‘შიშველმოკლე საქმეებს’ ხელს მოჰკიდონ“.

ჰაიპის რწმენა — Gaming Wall St, რომლის პრემიერა გასულ წელს შედგა, უნებლიეთ აჩვენებს, თუ როგორ შეეძლოთ მცირე ინვესტორებს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლათ 2021 წლის მემ-აქციების სკანდალიდან, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რეალურად, მათ შეეძლოთ ესარგებლათ უოლ-სტრიტის ცდომილებით – ანალიტიკოსებმა გამოტოვეს GameStop-ის ფარული ღირებულება – და არა იმით, რომ მათ უნდა დაეთრიათ შემთხვევითი კომპანიების აქციები მხოლოდ მშორტავი მსხვილი ტრეიდერების ჯინაზე.

არა აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩანს, ყოველთვის გამოჩნდება აღმასრულებელი დირექტორი, ვინც ეძებს წარუმატებლობის გამართლების ისეთ საბაბს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის კომპეტენციასთან. კრისტიანი მათ თავის დაძვრენის გზას უხსნის. „მან დაადასტურა, რომ [‘შიშველი მოკლე გაყიდვები’] ხდება“, – იანვარში კრისტიანთან YouTube-ის ინტერვიუს დროს თქვა როჯერ ჯეიმს ჰამილტონმა, კლიენტ Genius Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის ონლაინკურსებს. მტკიცებულებების შეთავაზების გარეშე, ჰამილტონი ამტკიცებს, რომ უოლ-სტრიტის „შიშველმა მოკლე გამყიდველებმა“ მას $300 მილიონი გამოართვეს, როდესაც Genius-ის აქციები 2022 წლის აპრილში თითქმის $8-დან ახლა $1-ზე ქვედა ნიშნულამდე შემცირდა, ამიტომ მან დაიქირავა კრისტიანი, რათა ის ფულის დაბრუნებაში დახმარებოდა. (კრისტიანი ამბობს, რომ მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე და ამტკიცებს, რომ დაახლოებით $7 მილიონს ხარჯავს საქმის შესწავლაზე, თუმცა ბუნდოვანია, ვინ ანაზღაურებს ამ გადასახადს – ის და მისი მხარდამჭერები თუ Genius-ის მსგავსი კომპანიების გაღლეტილი აქციონერები.)

წარმატებები გამოჯანმრთელებაში. „რა თქმა უნდა, იყო დრო 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში, როდესაც ‘შიშველი მოკლე გაყიდვების’ რეალური ეპიდემია მძვინვარებდა“, – ეუბნება Forbes-ს შაპირო, კრისტიანის გამომძიებელი და ექსპერტი. მაგრამ როდესაც ჰკითხეს დღევანდელ სიტუაციასა და კრისტიანის მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომ ტრილიონებია დაკარგული ჩრდილოვანი მოკლე გაყიდვებით, ის უკან იხევს: „ვერ ვიტყვი, რამდენად დიდი პრობლემაა დღეს ‘შიშველი მოკლე გაყიდვები’, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ვნახე მტკიცებულება, რომ ეს იყო მთავარი პრობლემა ზოგიერთი კომპანიისთვის“. ის დასძენს, რომ „ფაქტები არ არის მტკიცებულება“, და უარს ამბობს კომპანიების იდენტიფიცირებაზე.

მაშ, ყოველგვარი მყარი მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, ახლაც რატომ მოქმედებს “შიშველი მოკლე გაყიდვების” შეთქმულების თეორია? ამაში უნდა დაადანაშაულოთ GameStop-ი, ვიდეოთამაშების მაღაზიების ქსელი, რომელიც 2021 წელს იქცა პრინციპში მემ-აქციად მას შემდეგ, რაც ჰეჯ-ფონდებმა ის დამარცხებულად გამოაცხადეს. მისი აქციების მზარდმა ფასმა შეაჩერა „მოკლე გამყიდველები“ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ დიდი ზარალი მიაყენა – სანამ ინვესტორები, რომლებიც შეიკრიბნენ Reddit-ის WallStreetBets-ის სასაუბრო ოთახში, დიდ ბიჭებზე სრულ გამარჯვებას მოითხოვდნენ. ონლაინსავაჭრო პლატფორმა Robinhood-მა, რომელსაც ბევრი მათგანი იყენებდა, არეულობიდან სამ დღეში GameStop-ის აქციების ყიდვა შეაჩერა. ეს იყო მწარე ღალატი, რომლის გემოსაც ბევრი მათგანი დღემდე გრძნობს. Robinhood-ის გამჭვირვალობის ნაკლებობამ და მარეგულირებლების მიერ ინტერესის არქონამ, გაარკვიონ ის, რაც, WallStreetBets-ის ხალხის აზრით, აშკარა შეუსაბამობა იყო, მომხდარის ასახსნელად მთელი რიგი თეორიები წარმოშვა. იმ დროს Robinhood-მა განაცხადა, რომ მან შეაჩერა ვაჭრობა არა იმიტომ, რომ „ხალხის მიერ აქციების ყიდვის“ შეჩერება სურდა, არამედ იმიტომ, რომ „მოთხოვნილი თანხა, რომელიც ჩვენ უნდა ჩაგვეტანა საკლირინგო ოფისში, ძალიან დიდი იყო“.

ამან კრისტიანის კალთაში ახალი კლიენტების არმია ჩააგდო. დეკემბერში, FINRA-მ, ვაჭრობის ანგარიშსწორების დარღვევების მოტივით, შეაჩერა ვაჭრობა სხვა აქტივით, MMTLP-ით, მას შემდეგ, რაც აქციები $12.26-დან $2.90-მდე დაეცა – საბაზრო კაპიტალის $1.5 მილიარდის ზარალით, რამაც 64,000 აქციონერი დატოვა ფასიანი ქაღალდებით, რომელთა გაყიდვაც არ შეეძლოთ. მომდევნო თვეში კრისტიანი დაიქირავა ჯგუფმა, რომელშიც შედის მინიმუმ ერთი ყოფილი MMTLP-ის აღმასრულებელი.

ინვესტორები, რომელთაგან ზოგიერთი ფინანსურად მძიმედ დაშავდა, თითქმის დაეთანხმნენ თეორიას: FINRA მუშაობდა უოლ-სტრიტის ბოროტმოქმედებთან ან შესაძლოა მსხვილ ნავთობკომპანიებთან, რათა დახმარებოდა მათ „შიშველ მოკლე გაყიდვებში“ წარმატებით ჩართვაში. აქციონერები გაბრაზებულები იყვნენ და ანაზღაურებას ითხოვდნენ. კრისტიანის დაქირავებამ MMTLP-ის სოციალურ მედიაში ხმაური გამოიწვია. „დიდი ამბები გველის, – თქვა YouTube-ზე ერთმა ფანმა, სახელად Ace in the Holeმა. – ეს საოცარი სიახლეა“.

„გამორთეთ მუსიკა, – გამოაცხადა @bleedblue18-მა Twitter-ზე. – კრიმინალებო… მოკლე გაყიდვებს ვგულისხმობ, დაფაცურდით თქვენი ადგილების მოსაძებნად!“

სინამდვილეში, MMTLP საერთოდ იყო არ აქცია, არამედ „დივიდენდის ადგილის მფლობელი“. იგი იყიდებოდა, როგორც 172,000 აკრის პოტენციური შემოსავლის პროქსი დასავლეთ ტეხასში, რომელიც ეკუთვნის კომპანია Torchlight Energy Resources-ს. თუ ვინმე ეძებდა MMTLP-ის ფასის კატაკლიზმური ვარდნის მიზეზს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიწის ნაკვეთზე ნავთობის მოპოვება არასოდეს გაამართლებდა მოლოდინს – Torchlight-მა მიწა $3.3 მილიონად იყიდა და ერთ დროს ინვესტორებს განუცხადა, რომ მას ნავთობის მარაგებში $9 მილიარდი ჰქონდა. ან შესაძლოა, როგორც ზოგიერთი სხვა ინვესტორი ამტკიცებს, ეს გამოწვეული იყო ფასის სწრაფი ზრდის გამო, რასაც გაცხარებული გაყიდვები მოჰყვა. MMTLP მიმდინარე მემ-აქციების ჟანრისთვის ტიპური შემთხვევაა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზებული შესყიდვებით, რათა მოხდეს არჩეული აქციების გაძვირება მხოლოდ იმიტომ, რომ Wall Street-ის მოვაჭრეები ფსონს დებენ მის წინააღმდეგ, ან, სულ მცირე, თვლიან, რომ ასე ხდება, დაბალფასიანი ძვირფასი ქვების აღმოჩენის პირისპირ.

FINRA-ს შიდა იმეილის თანახმად, რომელიც მიღებულია ინვესტორის ინფორმაციის თავისუფლების აქტის მოთხოვნის შემდეგ, მარეგულირებლები ეძებენ MMTLP-ის აქციების ემიტენტებს და არა უოლ-სტრიტის „შიშველ მოკლე გამყიდველებს“, ბაზრის შესაძლო მანიპულირებისთვის.

ამას მნიშვნელობა არა აქვს. როგორც პოლიტიკაში, მაღლა შეიძლება იყოს დაბლაც, თუ მოსაზრებები საკმარისად გაძლიერდება და მათ ფართოდ გაიზიარებენ. „საბოლოოდ, ეს ეხება რევოლუციას სისტემის წინააღმდეგ“, – თქვა კრისტიანმა იანვრის ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა Twitter-ზე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე MMTLP-ს მიერ მისი დაქირავების შესახებ გამოაცხადებდნენ. „მომდევნო თვეში ნახავთ… წინა პლანზე გამოდის ყველა გამოშვებული არარსებული აქციის მთავარი საბადო. ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის, თუ ეს საქმე შეძლებს პირველი ეტაპის გადალახვას და ჩვენ გვჯერა, რომ შეძლებს“.

ერთი თვე მოვიდა და წავიდა, შემდეგ მეორე და მესამე, და ჯერ კიდევ არაფერი გამოაშკარავებულა, არც დიდი, არც პატარა რამ. სამართალწარმოება, რა თქმა უნდა, ნელა მიმდინარეობს – MMTLP-ის სარჩელი ჯერ არაა შეტანილი. მაგრამ კრისტიანი ასე მოქმედებს – მოდი მარცხით, მიეცი გრანდიოზული დაპირებები, არ შეასრულო, გაიმეორე.

შეთქმულების თეორეტიკოსების უმეტესობის მსგავსად, კრისტიანს მოვლილი აქვს რამდენიმე ბნელი, ბუნდოვანი კუთხე-კუნჭული. ის იჯდა არაერთ ინტერვიუზე გარდაცვლილ რობერტ დევიდ სტილთან, ჰოლოკოსტის უარმყოფელთან, რომელიც ოდესღაც ამტკიცებდა, რომ NASA-ს ჰქონდა გატაცებული და მონებად ქცეული ბავშვებით დასახლებული კოლონია მარსზე. (ეს სიმართლეს არ შეესაბამება.) სტილი გარდაიცვალა 2021 წლის აგვისტოში, მაგრამ მისი ვებსაიტის ჩანაწერის თანახმად, ის გეგმავდა კრისტიანთან ინტერვიუს ჩართვას დოკუმენტურ ფილმ Wall Street Treason & Crime-ში.

კრისტიანი Forbes-ს ეუბნება, რომ ის არასოდეს შეხვედრია სტილს პირადად და არ უჭერს მხარს „ნებისმიერ სხვა თეორიას, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ ის მხარს უჭერდა. რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტი რეალური იყო. თითქმის გამონაკლისის გარეშე მე ნებისმიერს ვთანხმდები ინტერვიუზე, რათა გავავრცელო ცოდნა ამ დიდი პრობლემის შესახებ“.

ესაა სწორედ ისეთი ნაგავი, რომელიც საბოლოოდ აფხიზლებს ხოლმე ადამიანებს. როდესაც Forbes-მა კრისტიანს მონაცემები სთხოვა მისი პრეტენზიების გასამყარებლად, მან შესთავაზა ეკონომისტ სიუზან ტრიმბატის – რომელიც ადრე მისი ექსპერტი მოწმე იყო – წიგნის Naked, Short and Greedy-ის წაკითხვა, თუმცა ტრიმბატმა Forbes-ს უთხრა, რომ მასთან აღარ მუშაობს. მისი წიგნი, მიუხედავად სახელწოდებისა, ამტკიცებს, რომ „შიშველი მოკლე გაყიდვები“ რიჟა ბაზარია, რათა გლობალური კაპიტალის ბაზრებზე არსებული მარეგულირებლების კრიზისისგან საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.

ტრიმბატს ასევე აქვს არასახარბიელო შეხედულება დევიდ ვენგერის ინფორმაციაზე. „დიდი ხანია, არ მინახავს ShareIntel-ის მონაცემები, – უთხრა მან Forbes-ს. – მაგრამ როცა შევხედე, იქ ისეთი არაფერი იყო. მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე ღირებულებას. მყავდა კლიენტი, რომელმაც ამისთვის გადამიხადა. მე მათ ზუსტად ამ სიტყვებით ვუთხარი, რომ ამას არანაირი ღირებულება ჰქონდა“.

საპასუხოდ, ვენგერმა თქვა, რომ ტრიმბატის კომენტარი მიუთითებს „ან ინტერესთა პირდაპირ კონფლიქტზე“, „ან არაკომპეტენტურობაზე“ – ან ორივეზე.

ტრიმბატი ერთადერთი არაა, ვინც აზრი შეიცვალა. 2019 წელს, მობილური პროგრამული უზრუნველყოფისა და ბლოკჩეინის კომპანია Phunware-მა დაიქირავა ვენგერი, რათა გაერკვია, ამცირებდა თუ არა მავნე მოკლე გაყიდვები მისი აქციების ფასს. COO Randall Crowder-ის თქმით, ინფორმაცია, რომელიც მისმა ბიზნესმა მიიღო „სავაჭრო დისბალანსის“ შესახებ, ნაკლებად გამოსადეგი იყო.

რატომ მიმართავს კომპანიების მზარდი რაოდენობა დახმარებისთვის კრისტიანის ფირმას? Crowder-ი ამბობს, რომ მას ბევრი რამ აქვს საერთო საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდასთან. „საჯარო კომპანიის აღმასრულებლები უყურებენ Twitter-ს, ხედავენ მთელ ამ აურზაურს და ფიქრობენ: „რაღაც უნდა გავაკეთო აქციონერთა ღირებულების დასაცავად“, – ამბობს ის. (Forbes-ი დაუკავშირდა ShareIntel-ის სხვა ყოფილ კლიენტებს, მაგრამ Crowder-ი იყო ერთადერთი, ვინც უპასუხა.)

კიდევ ერთი სკეპტიკოსია AMC Theaters-ის აღმასრულებელი დირექტორი ადამ არონი, რომელიც გადაღებულია YouTube-ზე გამოქვეყნებულ კლიპში, სადაც სავარაუდოდ წარმოდგენილია კითხვა-პასუხის სესია AMC-ის ერთ-ერთ კინოთეატრში. როგორც ორიგინალური მემ-სააქციო კომპანიის ხელმძღვანელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც აქციების ფასის გასაზრდელად სცადა ყველა იარაღი, რაც ხელში მოხვდა, თქვა, რომ განიხილავდა კრისტიანისა და ვენგერის დაქირავებას, მაგრამ მივიდა დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება უაზრობა იქნებოდა. იმ დროისთვის არონმა შეიძლება იცოდა (ან არ იცოდა), რომ მას ფირზე იღებდნენ; ვიდეოს 5900 ნახვა აქვს და ის ინტერნეტშია თებერვალში ჩაწერის შემდეგ.

კრისტიანის შესახებ არონმა თქვა: „ვერ ვიტყვი, რომ მას არასოდეს მოუგია საქმე, მაგრამ ის აქაა ამ 20 წლის განმავლობაში და საქმეების რაოდენობა, რომლებიც მან მოიგო, არცთუ ისე ბევრია. ეს ყველაფერი ლაპარაკია. ეს არაა რეალური საქმე“. მოგვიანებით კლიპში, ვენგერის ShareIntel-ის განხილვისას, მან თქვა: „შეიძლება, ერთი დღით თავი კარგად გაგრძნობინოთ. ეს უბრალოდ ფუჩეჩია, მოსავალი კი არ ჩანს. მას არ მოუგია სასამართლოში ისეთი საქმეები, როგორებზეც ამბობს, რომ მოიგო. ჩვენ შევხედეთ მას. ჩვენ შევამოწმეთ“. AMC-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

თუმცა კრისტიანისთვის ასეთი ეჭვი მხოლოდ კიდევ უფრო აძლიერებს ვნებას მისი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის. „თუკი არ ვიქნები სადმე ფიჭვის ყუთში, – პირობას დებს ის, – ეს გაგრძელდება“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *