კაპიტალი, საერთაშორისო ბრენდები და მდგრადი ქალაქი: როგორ ჩაიარა Forbes Georgia Real Estate Summit 2026-მა?

კაპიტალი, საერთაშორისო ბრენდები და მდგრადი ქალაქი: როგორ ჩაიარა Forbes Georgia Real Estate Summit 2026-მა?
3 ივლისს Radisson RED Tbilisi-ში გამართულმა სამიტმა დეველოპერები, ინვესტორები, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, არქიტექტორები და ურბანისტები გააერთიანა. დისკუსიების ცენტრში იყო უძრავი ქონების პროექტების დაფინანსება, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები, საერთაშორისო პარტნიორობა, ენერგოეფექტიანობა და ქალაქისთვის შექმნილი გრძელვადიანი ღირებულება.

 

3 ივლისს, Radisson RED Tbilisi-ში, Forbes Georgia-მ უძრავი ქონების ინდუსტრიისადმი მიძღვნილი Real Estate Summit 2026 გამართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა დეველოპერული, საინვესტიციო და ფინანსური სექტორების წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და უძრავი ქონების ბაზრის სხვა პროფესიონალები.

თუ სამიტის დისკუსიებს ერთი საერთო დასკვნით მოვიცავთ, ის ასეთია: უძრავი ქონების პროექტის კონკურენტუნარიანობა აღარ იწყება და მთავრდება კვადრატული მეტრის ფასით. კაპიტალის წყარო და ფინანსური სტრუქტურა, პროექტის კონცეფცია, საერთაშორისო პარტნიორები, ცხოვრების ხარისხი, ენერგოეფექტიანობა და ურბანულ გარემოსთან ურთიერთობა სულ უფრო მეტად განსაზღვრავს მის საინვესტიციო მიმზიდველობასა და გრძელვადიან ღირებულებას.

სამიტი Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის და Petra Group-ის გენერალური დირექტორის, თინათინ კალანდარიშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

ღონისძიების ქინოუთ-სესია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობასა და ქართული დეველოპერული პროექტების გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებას დაეთმო. მოკლე მოხსენებით Maya Collection-ის CEO რიჩარდ მარია წარსდგა. 

თინათინ კალანდარიშვილის შეფასებით, საერთაშორისო ბრენდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტებისთვის, არამედ საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებისთვისაც.

„Forbes Georgia-მ უძრავი ქონების სამიტის სახით შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთად განეხილათ ინდუსტრიის მთავარი მიღწევები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, — აღნიშნა მან.

ELT Group-ის კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენაძემ ყურადღება გაამახვილა ბაზრის მონაწილეებს შორის ღია და კრიტიკული პროფესიული დისკუსიის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, ქართულ უძრავი ქონების სექტორში ჯერ კიდევ იშვიათია ფორმატები, სადაც დეველოპერებს, ინვესტორებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გამოწვევებზე გულწრფელად ისაუბრონ და ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები შეაჯერონ.

„ასეთი ღონისძიება არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ კრიტიკული საკითხების განხილვა და საკუთარი ხედვების პირდაპირ გაზიარება“, — აღნიშნა ვალერი გურგენაძემ.

კაპიტალი დეველოპმენტში: დაფინანსებიდან გრძელვადიან ღირებულებამდე

სამიტის პირველი პანელური დისკუსია — „კაპიტალი დეველოპმენტში: როგორ ფინანსდება, ფასდება და იზრდება უძრავი ქონების პროექტი“ — დეველოპერული პროექტების ფინანსურ არქიტექტურას დაეთმო.

დისკუსიას SavvY-ის პარტნიორი ფინანსური სტრატეგიისა და მართვის მიმართულებით, ნათია სვანაძე უძღვებოდა. პანელში მონაწილეობდნენ Petra Group-ის გენერალური დირექტორი თინათინ კალანდარიშვილი, ELT Group-ის კომერციული დირექტორი ვალერი გურგენაძე, INVESTIA-ს თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი და IBCCS Tax Georgia-ის თანადამფუძნებელი ირაკლი არჯევანიძე და BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი მაია ხაჩიძე.

პანელზე განხილული იყო როგორც უძრავი ქონების პროექტების დაფინანსების ტრადიციული მოდელები, წინასწარი გაყიდვები და საბანკო დაფინანსება, ისე კაპიტალის მოზიდვის ახალი მექანიზმები, მათ შორის ტოკენიზაცია და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები.

ნათია სვანაძის შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორი განვითარების იმ ეტაპზე გადადის, სადაც ფინანსური სტრატეგია პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ხდება.

„პანელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზეა, სადაც პროექტის წარმატებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ ლოკაცია და არქიტექტურა, არამედ ძლიერი ფინანსური სტრატეგია, კაპიტალის ეფექტიანი მოზიდვა და მისი გონივრული მართვა“, — აღნიშნა მან.

დისკუსიამ აჩვენა ისიც, რომ ინვესტორის გადაწყვეტილება მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს აღარ ეფუძნება. ირაკლი არჯევანიძის თქმით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროექტის კონცეფცია, ცხოვრების ხარისხი და ის ღირებულება, რომლის შექმნაც მას მომავალში შეუძლია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრად საინვესტიციო პოტენციალს ფლობენ“, — აღნიშნა ირაკლი არჯევანიძემ.

ენერგოეფექტიანობა და ქალაქისთვის შექმნილი ღირებულება

მეორე პანელური დისკუსიის „მომავლის დეველოპმენტი: ენერგოეფექტიანობა, არქიტექტურა და მდგრადი ქალაქი“ მთავარი საკითხი იყო, როგორ უნდა უპასუხოს თანამედროვე დეველოპმენტმა გარემოსდაცვით მოთხოვნებს, მომხმარებლის შეცვლილ მოლოდინებსა და ქალაქების განვითარების გრძელვადიან გამოწვევებს.

დისკუსიას Rentals-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო მესაბლიშვილი უძღვებოდა. პანელში მონაწილეობდნენ არქიტექტორი და ურბანისტი ირაკლი ჟვანია, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ფინანსური მრჩეველი ნატო ბოჭორიშვილი და ARCHIDEA Architecture-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ქევანიშვილი.

ნინო მესაბლიშვილის შეფასებით, პანელის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ენერგოეფექტიანი და მდგრადი შენობების განხილვა იყო არა მხოლოდ დეველოპერის, არამედ სახელმწიფოსა და მყიდველის პერსპექტივიდან. დისკუსია შეეხო როგორც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ისე ფინანსურ და რეგულაციურ ბარიერებს, რომლებიც ენერგოეფექტიანი გადაწყვეტილებების უფრო ფართოდ დანერგვას აფერხებს.

ნატო ბოჭორიშვილის თქმით, ენერგოეფექტიანობა მხოლოდ გრძელვადიან ფინანსურ ეკონომიას არ ნიშნავს. მისი გავლენა საცხოვრებელი გარემოს ხარისხზე პროექტის გამოყენების პირველივე ეტაპიდან იგრძნობა.

„ენერგოეფექტიანობა გრძელვადიანი ინვესტიციაა ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა კომფორტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით განსხვავება სტანდარტულ გადაწყვეტებთან შედარებით ცხოვრების პირველივე დღეებიდან იგრძნობა“, — აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, მომხმარებლების მოთხოვნა და მზაობა იზრდება, თუმცა ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, წამახალისებელი მექანიზმები და შესაბამის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

ირაკლი ჟვანიამ ყურადღება ქალაქის მასშტაბით შექმნილ ღირებულებაზე გადაიტანა. მისი თქმით, მდგრადი განვითარების პრინციპები როგორც ურბანული პოლიტიკის, ისე კერძო დეველოპერული პროექტების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს.

„სასურველია, დეველოპერებმა მდგრადი ქალაქის პრინციპები უფრო აქტიურად დანერგონ საკუთარ პროექტებში, ორიენტირდნენ მდგრადი უბნების შექმნაზე და მეტი საზოგადოებრივი სიკეთე შექმნან“, — თქვა ირაკლი ჟვანიამ.

გიორგი ქევანიშვილის შეფასებით, მწვანე არქიტექტურა და ენერგოეფექტიანობა თანამედროვე მშენებლობის არჩევითი კომპონენტი აღარ უნდა იყოს. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტიანი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხის კონტროლზე, ასევე იმ საკანონმდებლო და წამახალისებელი მექანიზმების საჭიროებაზე, რომლებიც შესაბამისი სტანდარტების დაცვას ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში უზრუნველყოფს.

სექტორისთვის საჭირო საერთო სივრცე

ღონისძიების შემდგომ შეფასებებში მონაწილეები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს ისეთი პროფესიული სივრცის მნიშვნელობას, სადაც დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკებს, ფინანსურ მრჩევლებს, არქიტექტორებსა და ურბანისტებს შეუძლიათ, საერთო საკითხებზე ერთმანეთისგან განსხვავებული პერსპექტივებით ისაუბრონ.

ნათია სვანაძის თქმით, Real Estate Summit 2026 იყო ფორმატი, რომელიც ქართულ ბაზარს სჭირდება — დეველოპერების, ინვესტორებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ერთ სივრცეში შეკრება და სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე პირდაპირი დისკუსია.

ირაკლი ჟვანიას შეფასებით, სამიტი ყოველწლიურ ფორმატად უნდა ჩამოყალიბდეს და მომავალში სამშენებლო და დეველოპერული სექტორის კიდევ უფრო ფართო სპექტრი მოიცვას, მათ შორის მეტი არქიტექტორის, ურბანისტის, ტრანსპორტისა და გარემოს საკითხების მკვლევრის მონაწილეობით.

საბოლოოდ, სამიტის ორმა პანელმა ერთი საერთო სურათი გამოკვეთა: უძრავი ქონების ბაზრის შემდეგ ეტაპზე კონკურენცია მხოლოდ ფასსა და ლოკაციაზე აღარ იქნება დამოკიდებული. კაპიტალის ხარისხი, პროექტის კონცეფცია, საერთაშორისო პარტნიორები, ენერგოეფექტიანობა და ქალაქისთვის შექმნილი ღირებულება სულ უფრო მეტად განსაზღვრავს, რომელი პროექტები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ საღამო ნეტვორკინგითა და ალექსანდრე ჯულაყიძის მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა.

ღონისძიების პარტნიორები

Real Estate Summit 2026-ის გენერალური სპონსორი იყო Petra Group, ხოლო ღონისძიების მთავარი პარტნიორი — ELT Group.

სამიტის სპონსორები იყვნენ Rogantini, GAUS Crypto, ALCOZON, Eurasia Gulf და UNICORN MARKET.

ასევე წაიკითხეთ: