მონაკოდან – ბათუმსა და გუდაურში | გასტრონომიული ბრენდი MayaBay Petra Group-ის პარტნიორი გახდა

მონაკოდან – ბათუმსა და გუდაურში | გასტრონომიული ბრენდი MayaBay Petra Group-ის პარტნიორი გახდა
Petra Group-ი თავისი პროექტების ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Maya Collection-ით ზრდის. მონაკოში დაფუძნებული კომპანია მზად არის, ადგილობრივი ბაზარი მსოფლიოს პრემიუმკურორტებზე გასტრონომიული ობიექტებისა და პლაჟების ოპერირების თითქმის 20წლიანი გამოცდილებით გააძლიეროს. პარტნიორობის მნიშვნელობასა და გრძელვადიან ხედვაზე Petra Group-ის CEO თინათინ კალანდარიშვილი და Maya Collection-ის CEO რიჩარდ მარია გვესაუბრნენ.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

თინათინ, Petra Group-ის პროექტებში უკვე წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა Pullman- და Swissôtel-. ახლა მათ Maya Collection- უერთდება. რას ნიშნავს ეს პარტნიორობა Petra Group-ისთვის?

თინათინ კალანდარიშვილი: Petra Group-ისთვის საერთაშორისო პარტნიორების შერჩევა ყოველთვის სტრატეგიული პროცესია. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ცნობილ ბრენდებს – ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი პროექტებისთვის, მესაკუთრეებისა და სტუმრებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნიან.

სწორედ ამიტომ არის Maya Collection-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპი. პარტნიორობის ფარგლებში, Maya Collection-ი საქართველოში ერთდროულად Petra Group-ის ორ პროექტში შევა – Petra Sea Resort-ში, სადაც MayaBay Beach Club-ი განთავსდება Pullman Hotel & Residences-ის მიმდებარედ, და Petra Ski Resort-ში, სადაც MayaBay Restaurant-ი გახდება Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პროექტები საერთაშორისო ბრენდების მიერ რეგიონული მნიშვნელობის კურორტებად აღიქმება.

ვიდრე რიჩარდს ვკითხავ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არჩია Maya Collection-მა საქართველოში შემოსვლა სწორედ Petra Group-ის პროექტების მეშვეობით?

თინათინ კალანდარიშვილი: ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველ რიგში, ორივე პროექტი – Petra Sea Resort-ი და Petra Ski Resort-ი – თავიდანვე საერთაშორისო მასშტაბის კურორტებად იყო ჩაფიქრებული. ერთი მხრივ, ვქმნით ზღვისპირა პრემიუმ-კურორტს შავი ზღვის სანაპიროზე, მეორე მხრივ კი – საერთაშორისო კლასის მთის კურორტს გუდაურში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – Accor-თან ჩვენი პარტნიორობაა. Pullman-ი და Swissôtel-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტუმარმასპინძლობის ეკოსისტემის ნაწილია, რაც საერთაშორისო ბრენდებისთვის დამატებითი ნდობის საფუძველს ქმნის.

ვფიქრობ, Maya Collection-მა დაინახა, რომ საქართველოში შემოსვლისთვის სწორ პარტნიორს შეხვდა, სწორი პროექტებით.

რიჩარდ, Maya Collectionი უკვე წარმოდგენილია ისეთ მაღალი დონის ტურისტულ მიმართულებებზე, როგორიცაა მონაკო, დუბაი და პორტო-მონტენეგრო. რის საფუძველზე შეარჩიეთ საქართველო მომავალ ბაზრად?

რიჩარდ მარია: Maya Collection-ი მონაკოს, დუბაისა და პორტო-მონტენეგროს გარდა ასევე წარმოდგენილია კურშეველსა და ვესტ-პალმ-ბიჩში, ხოლო უახლოეს პერიოდში ახალი ობიექტები ლონდონსა და მიკონოსზე გაიხსნება.

ჩვენ მივყვებით ჩვენს მომხმარებლებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სადაც ისინი ცხოვრებას, მოგზაურობასა და დასვენებას ამჯობინებენ. ობიექტებს სწორედ იმ ადგილებში ვხსნით, სადაც ისინი მოგზაურობენ, ინვესტიციებს ახორციელებენ და საქმიან კავშირებს ამყარებენ.

ამ კონტექსტში, საქართველო ბუნებრივად იქცა მომავლის მიმართულებად, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ხედვასა და განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას.

როგორც თინათინმა აღნიშნა, Petra Group-თან პარტნიორობიMaya Collection- ორ პროექტში შედის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე Petra Sea Resort-სა და გუდაურში მდებარე Petra Ski Resort-ში. რამ გადაგაწყვეტინათ ბაზარზე ერთდროულად ორი განსხვავებული კონცეფციით შემოსვლა?

რიჩარდ მარია: Petra Group-თან პარტნიორობა ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან ეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეველოპერული ჯგუფია. პარტნიორებს, პირველ რიგში, იმის მიხედვით ვირჩევთ, რამდენად ემთხვევა მათი ღირებულებები და გრძელვადიანი ხედვა ჩვენსას. Petra Group-თან სწორედ ეს თანხვდენა დავინახეთ და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მივიღეთ.

მოდი, ჯერ Petra Sea Resort-ზე ვისაუბროთ. რას წარმოადგენს MayaBay Beach Club და რა როლი ექნება მას Petra Sea Resort-ში?

თინათინ კალანდარიშვილი: დღეს წარმატებული კურორტი მხოლოდ სასტუმროს ან რეზიდენციებს აღარ ნიშნავს. სტუმრები განსაკუთრებულ ცხოვრების სტილს, მრავალფეროვან გამოცდილებას, გასტრონომიასა და გართობას ეძებენ.

MayaBay Beach Club-ი სწორედ ამ ხედვის ნაწილია. როგორც ვთქვი, ის განთავსდება Pullman Hotel & Residences-ის მიმდებარედ და გახდება Petra Sea Resort-ის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული გასტრონომიული და გასართობი ადგილი.

MayaBay წარმატებით ოპერირებს ისეთ პრესტიჟულ მიმართულებებში, როგორიცაა მონაკო, დუბაი, კურშაველი და პორტო-მონტენეგრო. ბრენდი აერთიანებს მაღალი დონის გასტრონომიას, მუსიკასა და დიზაინს. სწორედ ამ გამოცდილების შემოტანა გვინდოდა Petra Sea Resort-ში.

რიჩარდ, რა როლს შეასრულებს MayaBay კურორტის საერთო კონცეფციასა და სტუმრების გამოცდილების შექმნაში?

რიჩარდ მარია: გვჯერა, რომ თავისი პოზიციონირებისა და ძლიერი ბრენდის წყალობით, MayaBay მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იქნება როგორც სასტუმროსთვის, ისე რეზიდენციებისთვის. ჩვენი სხვა საერთაშორისო პროექტების მსგავსად, დარწმუნებული ვართ, რომ საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებასა და პროფესიულ გამოცდილებას შორის შექმნილი სინერგია მთლიან პროექტს მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას შესძენს.

Maya Collection- ბრენდი წარმოდგენილი იქნება Petra Group-ის მთის კურორტზეც Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ში. რა კონცეფციით ვითარდება ეს პროექტი?

თინათინ კალანდარიშვილი: Swissôtel Hotel & Residences Gudauri ჩვენი მეორე ფლაგმანური პროექტია და გარკვეულწილად ავსებს Petra Sea Resort-ის კონცეფციას.

თუ Petra Sea Resort-ი ზღვისპირა ცხოვრების სტილსა და ზაფხულის ტურიზმზეა ორიენტირებული, გუდაური სტუმრებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს – მთასა და აქტიურ დასვენებას.

პროექტი მოიცავს Swissôtel-ის 180-ნომრიან სასტუმროს, ასევე Swissôtel-ის ბრენდის 290 რეზიდენციას და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, გუდაურში შევქმნათ პირველი სრულფასოვანი საერთაშორისო კლასის მთის კურორტი საქართველოში.

თუკი Petra Sea Resort-ში MayaBay Beach Club- იქნება წარმოდგენილი, რა ფორმატით ვიხილავთ ბრენდს გუდაურში?

თინათინ კალანდარიშვილი: გუდაურში Maya Collection-ი წარმოდგენილი იქნება MayaBay-ის ბრენდის რესტორნის ფორმატით და Swissôtel Hotel & Residences-ის ერთ-ერთი მთავარი გასტრონომიული ცენტრი გახდება.

ეს იქნება სრულიად განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მორგებული იქნება მთის კურორტის ატმოსფეროსა და სტუმრების მოლოდინზე. MayaBay-ს რესტორნები უკვე წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს ფრანგულ ალპებში, კურშაველსა და მერიბელში. აქ მთავარი აქცენტი გაკეთდება მაღალი დონის გასტრონომიაზე, ე.წ. après-ski-გამოცდილებაზე და იმ განსაკუთრებულ გარემოზე, რომელსაც გუდაური ვიზიტორებს სთავაზობს.

ვფიქრობთ, სწორედ ეს არის Maya Collection-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა – ბრენდს შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და ამავე დროს ორგანულად მოერგოს სრულიად განსხვავებულ გარემოს.

რიჩარდ მარია: გუდაურში კონცეფცია, რომელსაც ვავითარებთ, იმ გამოწვევის გაგრძელებაა, რომელიც MayaBay Courchevel-ის პროექტის ფარგლებში მივიღეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მსგავსი ტიპის ობიექტის მართვის უკვე დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენოთ და ამ ცოდნასა და ექსპერტიზას დავეყრდნოთ.

როგორ ახერხებთ ბრენდის ადგილობრივ კულტურასთან ადაპტირებას ისე, რომ მისი საერთაშორისო იდენტობა შეინარჩუნოთ?

რიჩარდ მარია: ბრენდის თითოეულ ახალ მიმართულებასთან ადაპტირება ეფუძნება ჩვენი საერთაშორისო კლიენტურის ღრმა ცოდნას. მენიუს დაახლოებით 20% კონკრეტული ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებსა და გემოვნებას ერგება.

როგორ გამოცდილებას უნდა ელოდნენ სტუმრები საქართველოში MayaBay-ისგან და რა განასხვავებს მას საერთაშორისო ლოკაციებზე მდებარე თქვენი სხვა ობიექტებისგან?

რიჩარდ მარია: ჩვენი კონცეფცია ეფუძნება მრავალმხრივ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს გასტრონომიას, დიზაინს, ატმოსფეროსა და ცხოვრების სტილს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გამორჩეული ემოცია, რომელიც ადვილად ამოსაცნობი და განმეორებადია. სტუმრებს ვთავაზობთ მათთვის უკვე ნაცნობ MayaBay-ის გამოცდილებასა და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ისინი ჩვენი ნებისმიერი ობიექტის სტუმრობისას ელიან.

თინათინ, თქვენი ხედვით, როგორ აისახება Maya Collection-ის შემოსვლა ორივე პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობასა და უძრავი ქონების ღირებულებაზე?

თინათინ კალანდარიშვილი: დღეს უძრავი ქონების ბაზარზე ადამიანები მხოლოდ ბინას აღარ ყიდულობენ. ისინი ყიდულობენ ცხოვრების სტილს, სერვისს, ბრენდს და გამოცდილებას.

საერთაშორისო ბრენდების არსებობა, როგორიცაა Pullman-ი, Swissôtel-ი და ახლა უკვე Maya Collection-ი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროექტის ცნობადობაზე, მოთხოვნასა და გრძელვადიან ღირებულებაზე.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძლიერი საერთაშორისო ბრენდებით გამყარებული პროექტები, როგორც წესი, უფრო მაღალი კაპიტალიზაციის პოტენციალით გამოირჩევა და უკეთეს შედეგებს აჩვენებს როგორც გაყიდვების, ისე ქირავნობის მიმართულებით.

რას ნიშნავს Maya Collection-ის მსგავსი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის?

თინათინ კალანდარიშვილი: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი საერთაშორისო ბაზრისთვის.

როდესაც ასეთი ბრენდები საქართველოს ირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე განიხილება, როგორც ტურისტული და საინვესტიციო კუთხით პრემიუმ-მიმართულება.

ასეთი პარტნიორობები ზრდის ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას, იზიდავს ახალ აუდიტორიას და ხელს უწყობს უფრო მაღალი ხარჯვის უნარის მქონე ტურისტების მოზიდვას.

რა ეტაპზეა Petra Sea Resort-ისა და Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ის პროექტები და როდის შეძლებენ პირველი სტუმრები Maya Collection-ის ობიექტების მონახულებას?

თინათინ კალანდარიშვილი: ორივე პროექტი აქტიური განვითარების ფაზაშია.

Petra Sea Resort-ში ამჟამად ექვსი შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო MayaBay Beach Club-ის პროექტირებაში უკვე ჩართულები არიან საერთაშორისო კონსულტანტები, მათ შორის ცნობილი ფრანგი არქიტექტორი სილვესტრ მურინე. MayaBay Beach Club-ი სტუმრებს უკვე 2027 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.

Swissôtel Hotel & Residences Gudauri-შიც აქტიურად მიმდინარეობს განვითარების პროცესი. ჩვენი მიზანია, ორივე პროექტი გახდეს არა მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურული და საინვესტიციო პროდუქტი, არამედ ახალი სტანდარტი საქართველოს კურორტების განვითარების ისტორიაში. Maya Collection-ის ობიექტები კი ამ ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

რიჩარდ, ბოლოს მინდა გკითხოთ, რა გზავნილს უგზავნის Maya Collection-ის საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას და როგორია თქვენი გრძელვადიანი გეგმები ქვეყნის მიმართ?

რიჩარდ მარია: ჩვენი გზავნილი მარტივია: საქართველო მომავლის ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას სათანადოდ ვერ აფასებენ, ქვეყანას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი კლიენტები უკვე არიან საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ბაზარი ჩვენი ბრენდის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისთვის სწორ და პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს.