72 ნობელის პრემიის ლაურეატი, საერთო ჯამში 4500-ზე მეტი წევრი და მათ შორის ქართველი კლინიკური ფსიქოლოგი ქეთევან ჭანტურია. ქეთევანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც Academia Europaea-ს („ევროპული აკადემიის“) წევრი გახდა.
აკადემიური ფსიქოლოგიის კლასიკოსების უმრავლესობა მამაკაცია და ერთი შეხედვით, ქალების წვლილი ფსიქოლოგიაში შეუმჩნეველია. თანამედროვე მონაცემებით, კლინიკურ, ოკუპაციურ და ფსიქოლოგიის სხვა პრაგმატულ განშტოებებში ქალები 75% შეადგენენ. რამდენიმე წლის წინ ინგლისში ჩაატარეს კვლევები, რომელთა შედეგებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ დღეისათვის ფსიქოლოგიაში მოსამზადებელ ეტაპზე (უნივერსიტეტში) სტუდენტი ქალები 80%-ს შეადგენენ. თუმცა უფრო მაღალი აკადემიური რანგების კვლევით აღმოჩნდა, რომ პროფესორი ქალების რიცხვი იმავე პროფესიაში მხოლოდ 7-10% შეადგენს.
თანამედროვე მკვლევარ ქალებს შორის ერთ-ერთი წარმატებული პროფესორი ქეთევან ჭანტურია ხელმძღვანელობს კლინიკურ-ექსპერიმენტულ ლაბორატორიას 15 მკვლევრის შემადგენლობით და კლინიკური ფსიქოლოგიის სამსახურს 35 კლინიცისტის შემადგენლობით ლონდონში. Forbes Georgia მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ქალბატონო ქეთევან, თქვენ ახლახან აგირჩიეს „ევროპული აკადემიის“ წევრად. რას ნიშნავს ეს მიღწევა თქვენთვის და საქართველოსთვის?
ევროპული აკადემიის წევრობა დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ ამირჩიეს და აკადემიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჯგუფს შევუერთდი. ისინი არიან შვედეთში მოღვაწე პროფესორი ზაზა კოკაია, საფრანგეთში მოღვაწე პროფესორი დავით ფრანგიშვილი და პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. პირველი პროფესორი ქალი ვარ საქართველოდან. ინგლისიდან, ალბათ, უფრო მეტი მეცნიერი ქალია აკადემიის წევრი. ამას დროთა განმავლობაში გავიგებ.
პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი დიდი ჯილდო და კლინიკურ ფსიქოლოგიაში მუშაობის ღვაწლის დაფასებაა. აკადემიის წევრობა ჩემი კვლევების ინტერნაციონალური მნიშვნელობის აღიარებად მიმაჩნია. რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის და საზოგადოების წევრი უკვე ვარ, მაგრამ ევროპული აკადემიის წევრობამ განსაკუთრებით გამახარა, რადგან ამჟამად არც ინგლისი და არც საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პატარა, მაგრამ მოქმედ მეცნიერთა გუნდის არსებობა ამ აკადემიაში. . იმედი მაქვს, ერთად საქართველოსთვის საინტერესო და საჭირო პროექტებს ჩავუყრით საფუძველს.
თქვენ ხელმძღვანელობთ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების კვლევებშია ჩართული. კონკრეტულად რას შეისწავლის ამ ეტაპზე ჯგუფი და როგორია თქვენი ამჟამინდელი მიღწევები?
ჩემი კვლევისა და კლინიკური საქმიანობის პროფილი მეტად ფართოა. მაგალითად, ჩემი ახალი წიგნი მოიცავს აუტიზმის კვლევისა და კლინიკური მენეჯმენტის საკითხებს. ჩემი ასპირანტებისა და ასისტენტების დიდი ნაწილი ნეიროფსიქოლოგიის, კოგნიტურ და ემოციურ პროცესებთან დაკავშირებული ექსპერიმენტული კვლევებითაა დაკავებული. ჩემი ძირითადი დრო კი ეთმობა ახალი კვლევების დაგეგმვას, კვლევებში მოპოვებული ინფორმაციის მკურნალობაში დანერგვას, კლინიცისტების სუპერვიზიას. ვცდილობ, ყველა სიახლე ჩემი ლაბორატორიიდან ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტების, კოლეგა მკვლევრების, კლინიცისტებისა და ოჯახებისთვის, ვისაც აღნიშნული ინფორმაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩემი ვებგვერდები ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომია.
თქვენი საქმიანობის ძირითადი ინტერესი კვებითი დარღვევებია. რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე კვებითი დარღვევები?
კვების აშლილობები სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ამ დაავადებების დროს პირველ რიგში სოციალური ურთიერთობების წრე იზღუდება, შრომისუნარიანობა, ენერგია, მოტივაცია დაქვეითებულია და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესებულია არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ ოჯახებისთვისაც.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ მოხერხდა მულტიდისციპლინარული გუნდის შექმნა, რომ ასეთი ავადმყოფებისთვის შესაძლებელი გახდეს პროფესიული დახმარების აღმოჩენა. გუნდის წევრები უნდა იყვნენ ექიმი, დიეტოლოგი, ფსიქოლოგი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი…
რთულია, პანდემიაზე საუბარს გვერდი ავუაროთ. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეცვალა პანდემიამ ადამიანის ფსიქოლოგია?
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სოციალური არსებები ვართ, გვჭირდება ერთად ყოფნა. ყველაზე მძიმედ პანდემია მარტოხელა ადამიანებმა გადაიტანეს. ირგვლივ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვმაც მოიმატა. პაციენტები, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებდნენ, კიდევ უფრო დამძიმდნენ.
ყველაზე არაბუნებრივი და უჩვეულო, რაც პანდემიამ მოგვიტანა, ინტერნეტით ურთიერთობაა. ინტერნეტით ურთიერთობამ ჩაანაცვლა ის სპონტანური და შემოქმედებითი შეხვედრები, რაც კვლევაში ჩართულ კლინიცისტებს ძალიან დაგვაკლდა.
სამწუხაროდ, ახალ წესებსა და ჩვეულებებთან ადაპტირება ყველას მოგვიწევს. მაგალითად, ინგლისმა პანდემიის დროს ბევრი რეგულაციის ლიბერალიზაცია მოახდინა. აქ ქუჩაში ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის, გაიხსნა მუზეუმები, კინოთეატრები, აღდგა ფესტივალები. თუმცა ბევრი ადამიანი ისე იქცევა, თითქოს პანდემია დასრულდა. რეალურად კი ვხედავთ, რომ ვაქცინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება მუტაციები და ახალი ინფექციები. ამიტომ ხშირად საჭირო ხდება იმის შეხსენება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავაგრძელოთ იმ ელემენტარული წესების დაცვა, რაც ვირუსისგან დაგვიცავს.
დღეს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ წარმატებულად საქმიანობისთვის სხვადასხვა უნარის გარდა, ემოციური ინტელექტია საჭირო. რამ განაპირობა ეს მოცემულობა?
ნამდვილად ასეა. ემოციური ინტელექტი პირველ რიგში კარგი თანამშრომლობის უნარში ვლინდება. თანამშრომლობა კი ნებისმიერი საქმისთვის აუცილებელია. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, დაკვირვებით შეარჩიონ, ვისთან ითანამშრომლებენ. ცხადია, ყოველთვის უშეცდომოდ განსაზღვრო, თუ როგორი იქნება კოლაბორაცია კონკრეტულ ადამიანთან, შეუძლებელია. თუმცა რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ნახევარი საქმე გაკეთებულია, როცა კარგი გუნდი გყავს. იშვიათია და ძნელი წარმოსადგენია საქმიანობა, რომელიც მარტო ერთი ადამიანის შრომაზეა დაფუძნებული.
შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი წარმატებული ორგანიზაცია ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტრენინგებში დიდ თანხებს დებს.
დაბოლოს, რა თვისებები სჭირდება ადამიანს 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად?
ყოვლისშემძლე რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ პირველი ყოველთვის შრომისმოყვარეობაა. მე ვფიქრობ, თვისებები, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება, მნიშვნელოვნად არ იცვლება. შრომისმოყვარეობასთან ერთად ეს არის ნებისყოფა, ადამიანებთან თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი…