კვადრატი, რომელშიც იმოძრავებს მსოფლიო

კვადრატი, რომელშიც იმოძრავებს მსოფლიო

გასულ თვეში გამართულმა სამიტებმა, ერ­­თობლივად მიღებულმა განცხადებებმა და შემაჯამე­ბელმა დოკუმენტებმა ნათლად დაგვანახვა, რომ უახ­­ლოესი წლების განმავლობაში მთავარი კვადრატი, რომელშიც იმოძრავებს მსოფლიო, ასე გამოიყურება: აშშ-ჩინეთი-ევროკავშირი და რუსეთი. კვადრატის პირველი სამი კუთხე გასაგებიც არის და მათი უძლი­ერესი ეკონომიკებიდან გამომდინარე, ბუნებრივიც, ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ამ უკანასკნელმა წლების მანძილზე თავდაღმართში მყოფი, დაახლოებით ეს­­პანეთის ზომის მქონე ეკონომიკის პირობებში ამ სა­პატიო შემადგენლობაში მოხვედრა შეძლო მხოლოდ საკუთარი ბირთვული არსენალისა და გლობალურად დესტრუქციულ მოთამაშედ დამკვიდრების ხარჯზე.

წლების მანძილზე დემოკრატიული თანამეგობ­­რობა „იმედის თვალით“ შესცქეროდა ჩინეთს და მის მმართველ კომუნისტურ პარტიას, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა, რომ იქნებ დადგეს მომენტი და ჩინეთმაც მიიღოს საერთაშორისო თამაშის წესები, გახსნას საკუთარი ეკონომიკა, ხელი აიღოს ინტელექ­­ტუალური საკუთრების მიტაცების მცდელობაზე და ა.შ. თუმცა განსაკუთრებული ილუზია, რომ ჩინეთი დემოკ­­რატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ადამი­ანის უფლებების დაცვის საკითხში მოწინავე რიგებში აღმოჩნდებოდა, არავის ჰქონდა. სიმართლე ვთქვათ: არც სურვილი ჰქონდათ და არც დიდი მონდომება, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძალისხმევა დაე­ხარჯათ. ჩინეთთან ვაჭრობის, ჩინურ ბაზარზე შეღწე­ვის და ჩინური ინვესტიციების საკუთარ ეკონომიკაში მოზიდვის ხიბლი ყოველთვის უკანა პლანზე სწევდა დემოკრატიული პრინციპების პირუთვნელად დაცვის აუცილებლობას.

ასე ხდებოდა, ვიდრე ჩინეთი არ იქცა მისი ამჟა­მინდელი ლიდერის, პრეზიდენტ სი ძინპინის თაოსნო­ბით სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს ამბიცია და, რაც მთავარია, რეალური შანსი, უკვე მომავალი ათწლეუ­ლის ბოლოს გაუსწროს ამერიკის შეერთებულ შტატებს და გახდეს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა; რომელიც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მეტს ხარჯავს შეი­არაღებაზე, გამალებით აშენებს ახალ-ახალ ავიამზი­დებს და ზრდის ბირთვულ არსენალს; რომელიც ტრი­ლიონებს ხარჯავს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით და მოიპოვებს უსერიოზულეს გავლენას პრაქტიკულად ყველა კონ­­ტინენტზე, განსაკუთრებით კი ევროპაში; რომელიც წარმატებით ითვისებს კოსმოსს და…

ვიდრე ხმამაღლა არ ითქვა, რომ ჩინეთი არაადა­მიანურად ეპყრობა მუსლიმ უიღურებს სინძიანში; გა­ნაგრძობს წნეხს ლამებზე ტიბეტში; იმუქრება სამხედ­­რო ოპერაციით ტაივანში; კომუნისტურ დიქტატურას ამყარებს ჰონგ-კონგში; არალეგიტიმურ პრეტენზიებს აცხადებს ტერიტორიებზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში; არ ღალატობს ტრადიციებს ინტელექტუალური საკუთ­­რების მიტაცებისა და ტექნოლოგიების სადაზვერვო დანიშნულებით გამოყენების საქმეში, დაბოლოს, რბილად რომ ვთქვათ, არ თანამშრომლობს მსოფ­­ლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან 21-ე საუკუნის ყვე­ლაზე მძიმე გამოწვევის – კოვიდ-19-ის წარმოშობის მიზეზების გამოძიებაში.

ეს ისეთი ჩამონათვალია, რომლის გადაკითხვაც კი საკმარისია, რომ საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა ხელაღებით თქვას: სასწრაფოდ დაირაზმოს თავისუ­ფალი სამყარო, შეაჩეროს ჩინეთი და მოთოკოს მისი ამბიციები. რამდენად სწორი ფორმა იყო შერჩეული და სწორი ნაბიჯები გადადგმული ჩინეთის შესა­კავებლად, აგრეთვე ევროპელი პარტნიორების ამ საქმეში გაამხანაგების თვალსაზრისით, ნამდვილად დავისა და მსჯელობის საგანია, მაგრამ სამართლია­ნობისთვის მაინც უნდა ითქვას: პირველი და ყველაზე ხმამაღალი განგაშის ზარი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემოჰკრა. მისი ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის კურსის ერთგული დარჩა პრეზიდენტი ბაიდენიც. თუმცა, წინამორბე­დისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენმა რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობები აირჩია ევროპელ მოკავშირეებთან. სამიტებმა დაადასტურა: აშშ დაბ­­რუნდა, რასაც გულმხურვალედ მიესალმა ევროპაც, მაგრამ… სადამდე წაჰყვებიან პრეზიდენტ ბაიდენს მისი ევროპელი მოკავშირეები ჩინეთთან დაპირის­­პირებაში? „სისტემური გამოწვევა“ – ასე დაფიქსირდა ნატო-ს ისტორიაში პირველად მის შემაჯამებელ კომუნიკეში ჩინეთი. დაახლოებით ასეთივე იყო პირველი მოხსენიება დიდი შვიდეულის სამიტის შე­მაჯამებელ განცხადებაშიც. წარმომიდგე­ნია, რა ძალისხმევად დაუჯდათ ამერიკელ დიპლომატებს ამ ტერმინებზე შეთანხმე­ბის მიღწევა და რა ფასი გადაიხადა ამ ყვე­ლაფერში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, ვინაიდან ევროკავშირს ჯერ კიდევ ძალიან ეძვირფასება ჩინეთთან სავაჭრო-ეკონო­მიკური ურთიერთობები, უფრო კონკრეტუ­ლად კი გასული წლის ბოლოს ჩინეთთან დადებული საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა საქმე მხოლოდ ევროკავშირშიც არ არის. თავად პრეზიდენტ ბაიდენის ადმი­ნისტრაციასაც აქვს ერთი პრიორიტეტი, რომელში თანამშრომლობაც ჩინეთთან ძალიან ესაჭიროება. კლიმატი, კლიმატი და კიდევ ერთხელ კლიმატი – ეს არის თემა, რომელიც აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას გამოცხადებული აქვს მთავარ პრიორი­ტეტად და ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის ფასად შეიძლება ძალიან ბევრ რამეზე მისი მხრიდან კომპრომისის მომს­­წრენიც კი გავხდეთ.

სამიტების შემდეგ დაგეგმილი ბაი­დენ-პუტინის შეხვედრის წინ იყო ბევრი სპეკულაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ჩინეთის წინააღმდეგ გაერთიანების შესახებ აუცილებლად დაე­ლაპარაკებოდა. ამ მოსაზრებაზე საკმაოდ მწვავე რეაქციები იყო როგორც მოსკოვ­­ში, ისე პეკინში. ოფიციალური თუ ხელი­სუფლებასთან აფილირებული წყაროები გამორიცხავდნენ, რომ აშშ შეძლებდა რუსეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპი­რების გაღვივებას, ანუ იმავე სტრატეგიის გატარებას, რაც ნიქსონმა განახორციელა, ოღონდ მაშინ პირიქით – სუსტი ჩინეთის მონსტრი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოსამხრობად.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რეიგანის ეპოქის დროინდელი პოზიციე­ბი; არც სი ძინპინია ლეონიდ ბრეჟნევი და არც ვლადიმირ პუტინია იმედისმომცემი პოტენციური მოკავშირე. იმის გათვალის­­წინებით, რაც პუტინმა სირიაში ასადთან ერთად ჩაიდინა, რაც მან საქართველოსა და უკრაინაში გაბედა, რაც მან მკვლელო­ბები დაგეგმა და განახორციელა ევროპის ქალაქებში, რაც მან კიბერთავდასხმე­ბი მოაწყო აშშ-სა და ევროპაში; რაც მან „ხელი აფათურა“ აშშ-ის არჩევნებში და თუნდაც რასაც თავად რუსეთის შიგნით აკეთებს, წესით, წარმოუდგენელი უნდა იყოს რაიმე მოკავშირეობაზე საუბარი. ყველაზე დიდი, რისი მიღწევაც შეიძლება რუსეთთან, არის ბირთვულ შეიარაღება­ზე კონტროლის არსებული მექანიზმების შენარჩუნება და ახალზე მოლაპარაკების დაწყება სტრატეგიული სტაბილურობის დი­ალოგის ფარგლებში. გარდა ამისა, შეიძ­­ლება ცოტა ხანი რუსეთმა თავი შეიკავოს კიბერთავდასხმებისგან, იმ 16 სტრატეგი­ულ ობიექტზე მაინც, რომლებიც ბაიდენმა პუტინს გადასცა. არც თქვენზე მოახდინა, ხომ, ამან განსაკუთრებული შთაბეჭდილე­ბა?! არ მიკვირს.

ამასობაში, ევროკავშირი კვლავინ­­დებურად რჩება სტრატეგიულ გეოპოლი­ტიკურ შემოქმედებით ძიებაში. გეოპო­ლიტიკური ევროკომისია, სტრატეგიული ავტონომია, ევროპის არმია – მომიტევეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე ვფიქ­­რობ, რომ ეს ამბიციური განცხადებები კვლავაც დარჩება სიტყვებად და სურვი­ლებად. ევროკავშირს აშშ-თან ძველებური ურთიერთობების აღდგენა კი გაუხარდა, მაგრამ ჩინეთის ისეთივე საფრთხედ შეფასება, როგორიც რუსეთია, მაინც გაუ­ჭირდა. როგორც ინფორმირებული წყარო­ებიდან ირკვევა, 2019 წელს ჩინეთის სის­­ტემურ მოწინააღმდეგედ გამოცხადებაც კი გამიზნული იყო ჩინეთთან ყოვლისმომ­­ცველ საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლა­პარაკებების დასაჩქარებლად. პრინციპ­­ში, ანგელა მერკელმა თავის მიზანს აქაც მიაღწია და გერმანულ ინდუსტრიებს ხელ­­საყრელი პირობები შეუქმნა სამომავლოდ, მისი სავარაუდო შემცვლელი არმინ ლაშე­ტი კი შეიძლება მომავალში კიდევ უფრო ფრთხილი იყოს ჩინეთთან მიმართებით. ყოველ შემთხვევაში, მისი გამოხმაურება პრეზიდენტ ბაიდენის სტრატეგიაზე ნამდ­­ვილად ამაზე მიუთითებს: „გვინდა კი ჩვენ ჩინეთი, როგორც ახალი მოწინააღმდეგე?“ – გერმანელი პოლიტიკოსის განწყობები ამ კითხვაშიც ძალიან ნათლად გამოჩნდა.

აშშ-ის პრეზიდენტი თუ ცდილობს ჩი­ნეთთან მიმართებით იმოქმედოს „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ პრინცი­პით, ჩინეთის ლიდერიც მუშაობს „დაყავი და იბატონეს“ ისტორიული წესებით. უნდა ითქვას, რომ სი ძინპინს ეს სტრატეგია არც­­თუ ისე ცუდად გამოსდის: მაგალითად, იტა­ლიასთან მიმართებით. დიდი შვიდეულის ერთ-ერთ წევრ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოსთან ჩინეთის პირველმა დიპლომატმა ვან იმ სატელე­ფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროპა შეძლებს საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის ხარისხობრივად ზრდას და არ გახდება ცალკეული ქვეყნების მხრიდან (კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს არ ვასახელებთ) ანტიჩინური პოლიტიკის მძევალი. მისივე მტკიცებით, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკა ასევე არ უნდა გახდეს პოლიტიკური ურთიერთობე­ბის გარკვევის არეალი. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხა­და, რომ მიესალმება „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ჩინეთთან თანამშრომლობას და ზოგადად ორ ქვეყანას შორის იმდე­ნად კარგი ურთიერთობებია, რომ ისინი არათუ მოწინააღმდეგეები, არამედ კარგი მეგობრები არიან. მოგება და წაგება რომ ძმები არიან, ვიცით, მაგრამ მეგობრობა და მტრობა რომ ერთად ნამდვილად ვერ გამოვა, ესეც ყველამ ვიცით.

აშშ-ს ევროკავშირის გარდა სხვა მნიშ­­ვნელოვანი მოკავშირეებიც ჰყავს, მათ შორის, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი. ასევე, ჩინეთის შეკავების საქმეში აშშ-ის მხარდამხარ სავარაუდოდ დადგებიან კანადა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავს­­ტრალია. ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ ვინ შეძლებს ინდოეთის გულის მოგებას. თუმცა, ამ ქვეყნების მიმართ ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, კვად­­რატს, რომელშიც იმოძრავებს მსოფლიო, განსაზღვრავს აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი და… სამწუხაროდ, რუსეთი.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.