კარლსონის ინტერვიუ პუტინთან: როგორია პროპაგანდის გენერალური ხაზი?

კარლსონის ინტერვიუ პუტინთან: როგორია პროპაგანდის გენერალური ხაზი?

“ფოქს ნი­უ­სის” ყო­ფი­ლი წამ­ყ­ვა­ნი ტა­კერ კარ­ლ­სო­ნი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ეს ინტერვიუ კრემლში, დაახლოებით სამი კვირის წინ შედგა და მასში რუსული პროპაგანდის ყველა ძირითადი მოტივი ერთად არის თავმოყრილი.

თავად კარლსონის რუსეთში ვიზიტისა და პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის მიზანი აშკარაა: ამერიკელი ჟურნალისტი ყველანაირად ცდილობდა, კრემლისა და ამერიკელი ტრამპისტების პოზიციები ერთმანეთთან მაქსიმალურად დაეახლოებინა. ამ მიზნით, ინტერვიუს პარალელურად გამოქვეყნებულ ვიდეორეპორტაჟებში, მან რუსეთი მაქსიმალურად ნათელ ფერებში დახატა და, მისი წარმოდგენით, შედარებით ჩამორჩენილ აშშ-ს შეადარა (უკვე ბევრჯერ აღინიშნა ის, თუ რამდენად უადგილო და აზრს მოკლებული იყო კარლსონის შედარებები, თუმცა ამ სტატიაში ამ თემას აღარ განვავრცობ).

ერთი სიტყვით, ტაკერ კარლსონს, პუტინის მსგავსად, პროპაგანდისტული მიზანი ამოძრავებდა. თუმცა, პუტინისგან განსხვავებით, მას შიდა, ამერიკულ აუდიტორიაზე ჰქონდა გათვლა. ამის საპირისპიროდ, რუსეთის დიქტატორი ინტერვიუში ბევრად უფრო მასშტაბურ – გლობალური მნიშვნელობის პროპაგანდას ავითარებს. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავ იმას, თუ რა არის, პუტინის ინტერვიუზე დაყრდნობით, რუსული პროპაგანდის ძირითადი მახასიათებლები. ვფიქრობ, ამის ცოდნა აუცილებელია რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომთან გასამკლავებლად.

ინტერვიუში, რომელიც დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასამართლებად პუტინმა ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული მოსაზრებები გამოთქვა. პირველ რიგში, მან გაიმეორა რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი, რომ, კრემლის პერსპექტივით, უკრაინა ლეგიტიმურ ქვეყანას არ წარმოადგენს. ამის დასადასტურებლად ის დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა უკრაინისა და მთლიანად რეგიონის ისტორიის თავისებურ აღქმაზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს იყო ისტორიის რევიზიონისტული ვერსია, რომელსაც თუ აწმყოს დასაგეგმად გამოვიყენებთ, მე-19 საუკუნის დროინდელ იმპერიების ეპოქას დავუბრუნდებით (ან შეიძლება ბევრად უფრო ადრინდელ ეპოქასაც, რადგან პუტინი მიმდინარე მოვლენების ათვლას მე-9 საუკუნეში დაფუძნებული რიურიკების დინასტიიდან იწყებს).

ზემოთქმულთან ერთად, პუტინის წარმოდგენით, უკრაინაში ომი განაპირობა იმან, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არ შეწყვიტა რუსეთის მიმართულებით გაფართოება. ამ არგუმენტის მიხედვით, მთავარი პრობლემა ნატოა, რომელიც უკრაინით მანიპულირებს და რუსეთს საფრთხეს უქმნის. ღრმა ანალიტიკური წიაღსვლების გარეშეც ადვილია იმის დანახვა, რომ პუტინის ეს არგუმენტი მის წინა არგუმენტს ფუნდამენტუ­რად ეწინააღმდეგება. თუ პუტინის წინა არგუმენტის მიხედვით, ომის დაწყების მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა ლეგიტიმურ ქვეყანას არ წარმოადგენს და ის სინამდვილეში რუსეთს ეკუთვნის, მაშინ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნატო რაღა შუაშია? თავად პუტინისვე ლოგიკით, ისე გამოდის, რომ უკრაინის დამორჩილებას რუსეთი ყველა შემთხვევაში შეეცდებოდა – მაშინაც კი, თუკი ნატო საერთოდ არ იარსებებდა.

პუტინის მესამე არგუმენტი, თუ რატომაც შეიჭრა უკრაინაში, ის არის, რომ უკრაინა ნაცისტური სახელმწიფოა. ეს კიდევ უფრო მეტად აბსურდული მტკიცებაა, ვიდრე ზედა ორი და მისი შინაარსის სერიოზულად განხილვაც ზედმეტია. აქ საკითხავი უფრო ის არის, თუ რაში სჭირდება კრემლს ასეთი ფანტასმაგორიული მტკიცებულებების მოყვანა? რატომ არის პროპაგანდისტული აზრით იმის თქმა ეფექტიანი, რომ თურმე უკრაინა ნაცისტური სახელმწიფოა? საქმე ის არის, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნაციზმი აბსოლუტური ბოროტებაა. შესაბამისად, კრემლის გათვლით, შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ თუკი რუსეთი, რომელიც თავადაც ბოროტებაა, უკრაინაში აბსოლუტურ ბოროტებას ებრძვის, მაშინ მისი საქციელი შეიძლება გამართლებული იყოს. სწორედ „ნაკლები ბოროტების“ პრინციპით ეხმარებოდნენ დასავლეთის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირს. რუსეთმა, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იცის, რომ ამ არგუმენტმა შეიძლება დასავლეთში გარკვეულ წრეებზე გაჭრას. თუმცა აქ პუტინის პროპაგანდისთვის მთავარ დაბრკოლებას ის წარმოადგენს, რომ უკრაინა, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მართავს და რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ნაცისტური სახელმწიფო არაა და მსოფლიოში არც ერთი ჭკუათმყოფელი ამას არ დაიჯერებს.

კარლსონთან ინტერვიუში პუტინი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან ერთად, საუბრობს იმაზეც, თუ როგორ ხედავს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას. ამ მიმართულებით მისი პროპაგანდა ტრიალებს იმ არგუმენტის გარშემო, რომლის მიხედვითაც თანამედროვე დასავლეთი ეკონომიკური და პოლიტიკური დაღმასვლის ხაზზეა. ამ შემთხვევაში, კრემლის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ზემოქმედება მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ე.წ. მიუმხრობელთა ბანაკს მიეკუთვნებიან. შემთხვევითი არ არის, რომ ამავე კონტექსტში პუტინი ახსენებს ინდონეზიას – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 270-მილიონიან ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი, საშუალოზე დიდი ზომის ეკონომიკაა.

ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნების ნაწილისთვის, რომლებსაც ისტორიულად დასავლეთთან ნეიტრალური ან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ – მათ შორის, ინდოეთისთვის, ბრაზილიისთვის, სამხრეთ აფრიკისთვის, ინდონეზიისა და სხვებისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის ბრძოლა „გლობალური ჩრდილოეთის“ ქვეყნებს შორის. ამ მიზეზით, მათ მხარი არ დაუჭირეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებს. პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთის დაღმასვლაზე ხაზის გასმით, ხელს შეუწყობს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების კრემლის პროპაგანდისტული მიზნების ირგვლივ მობილიზებას.

ამას გარდა, კრემლისთვის ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ჩინეთის მხრიდან წამოსული ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. კარლსონთან ინტერვიუში, პუტინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) ინდექსით თუ ვიხელმძღვანელებთ, დღეისათვის ჩინეთი მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკაა. მისი აზრით, მომავალში დასავლეთი აუცილებლად დაკარგავს ძალას და მის ნაცვლად მსოფლიოში ახალი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება.

უნდა ითქვას, რომ სოციალურ მეცნიერებაში ურყევი კანონები არ არსებობს და დასავლეთის დაღმასვლაც გარანტირებული არაა. ბრექსიტის შემდგომაც კი ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი, PPP-ის ინდექსით თუ ვიანგარიშებთ, მესამეა მსოფლიოში. აშშ-ისა და ევროკავშირის ჯამურ მთლიან შიდა პროდუქტს თუ მათი მჭიდრო მოკავშირეების: დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადის, ტაივანის, ავსტრალიის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და სხვების ეკონომიკებს დავუმატებთ, მივიღებთ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლევამოსილ პოლიტიკურ ბლოკს, რასაც კი ოდესმე უარსებია კაცობრიობის ისტორიაში. ეს ბლოკი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით თავის კონკურენტებს მნიშვნელოვნად აღემატება და ძალიან საეჭვოა, რომ მან ეს უპირატესობა უახლოეს მომავალში დაკარგოს.

რუსეთმა იცის, რომ ერთადერთი გზა, რითაც საკუთარი იმპერიალისტური ზრახვების აღსრულებას შეძლებს, დასავლეთის დემორალიზება და ნეიტრალური, ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნებით მანიპულირებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, მას ეს შეიძლება უკვე გამოსდის კიდეც ან მომავალში გამოუვიდეს. ამის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კრემლის პროპაგანდას ერთმნიშვნელოვანი და კატეგორიული არგუმენტებით დავუპირისპირდეთ და, განსაკუთრებით, მესამე ქვეყნების თვალში, რუსული იმპერიალიზმის ნამდვილი სახე წარმოვაჩინოთ. ამის გათვალისწინებით, კარლსონის პუტინთან ინტერვიუ კრემლის პროპაგანდის თვალსაჩინო ნიმუშია, რომლის ანალიზიც, მომავალში, რუსეთთან როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ბრძოლისთვის გამოგვადგება.