Kaspi.kz-ში ლომთაძის აქციები შემცირდა - რამდენი გამოიმუშავა ქართველმა მილიარდერმა?

Kaspi.kz-ში ლომთაძის აქციები შემცირდა - რამდენი გამოიმუშავა ქართველმა მილიარდერმა?

ამერიკული Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ყაზახური ფინტექ-კომპანიის, Kaspi.kz-ის მიერ აქციების პირველადი განთავსების (IPO) შემდეგ კომპანიაში მისი სამი მფლობელის წილი 6.22%-ით შემცირდა.

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ და ვიაჩესლავ კიმმა 2.07%-იანი წილები გაყიდეს, რის შემდეგაც, ლომთაძის წილი 24.76%-დან 22.6%-მდე შემცირდა, კიმის წილი კი 23.47%-დან 21.4%-მდე. თითქმის ამდენივე (2.08%) დათმო მესამე მფლობელმა Baring Funds-მაც და მისმა წილმა 27.53%-დან 25.45%-მდე დაიკლო.

IPO-ს შემდეგ Kaspi.kz-ის ერთი აქციის ფასი 92 ამერიკული დოლარი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულმა მფლობელმა დაახლოებით 346.5 მილიონი დოლარი მიიღო, საერთო ჯამში კი 1.04 მილიარდი დოლარი.

Kaspi.kz-ის მფლობელები 2023 წლის დივიდენდებსაც მიიღებენ. 8 აპრილს, მეწილეების წლიურ გენერალურ შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ ერთ აქციაზე 850 ტენგე გაიცემა. შესაბამისად, ლომთაძე დაახლოებით 36.5 მილიარდ ტენგეს მიიღებს, კიმი – 34.6 მილიარდს, ხოლო Baring Funds-ი – 41.2 მილიარდს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე ყაზახური Forbes-ის რეიტინგებში 2022 წლამდე ჩნდება. ის ქვეყანაში 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის სიაში მეშვიდე ადგილზე იყო, 50 ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა რეიტინგში კი მეხუთე ადგილს იკავებდა. ვიაჩესლავ კიმი 2023 წლის ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში პირველზეა, ყველაზე მდიდრებში კი მეოთხეზე.