ისრაელის თქმით, ირანის საჰაერო თავდასხმას უპასუხებს

ისრაელის თქმით, ირანის საჰაერო თავდასხმას უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის სარაკეტო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს. პარალელურად, მსოფლიო ლიდერები ისრაელს მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ შურისძიებაზე უარი თქვას.

„ისრაელი განიხილავს თავის მომავალ ნაბიჯებს და ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრაზე საპასუხო რეაქცია ექნება“, – განაცხადა გენერალმა ჰერზი ჰალევიმ.

ახალ ამბებს წინ უსწრებდა საერთაშორისო ლიდერების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონის მოწოდება ისრაელის მიმართ, გამოიჩინოს თავშეკავება ახლო აღმოსავლეთში ომის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის კონტრშეტევაში ირანის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით იერიში 14 აპრილს, ღამით მიიტანა. თავდაცვის ძალების მონაცემებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით Shahed 131/136 ტიპის 400-მდე დრონი და რამდენიმე ათეული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, ავიაციის, ასევე აშშ-ისა და ბრიტანეთის ავიაციისა და იორდანიის ჰსთ სისტემების დახმარებით, გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ის გადაჭერა და განეიტრალება მოხერხდა.