კატარი და აშშ Shahed-ების გასანეიტრალებლად უკრაინული დრონების შეძენას განიხილავენ

კატარი და აშშ Shahed-ების გასანეიტრალებლად უკრაინული დრონების შეძენას განიხილავენ

ფოტო: AFP via Getty Images

 

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისათვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატები და კატარი უკრაინული გადამჭერი დრონების შესყიდვასთან დაკავშირებით კიევთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აღნიშნულ აპარატებს აშშ და კატარი ახლო აღმოსავლეთში ირანული Shahed-ის ტიპის დრონების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთავრობათაშორის დონეზე მიმდინარეობს და ამ პროცესში ჯერჯერობით მწარმოებელი კომპანიები ჩართულები არ არიან. საუბარია გადამჭერი დრონების, შემომავალი დრონების აღმომჩენი აკუსტიკური სისტემებისა და მათი საკომუნიკაციო სიგნალის ჩასახშობი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების შეძენაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ Shahed-ების განეიტრალებაში უკრაინული ტექნოლოგიის გამოყენებისთვის დახმარება შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე ახლოაღმოსავლურმა სახელმწიფომ სთხოვა. თუმცა მისივე განმარტებით, უკრაინა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ეს რუსეთის მიმართ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ შეასუსტებს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, დრონები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების რაკეტებში გაცვალოს.

Reuters-ის ინფორმაციით, დრონებთან დაკავშირებული გამოცდილების გასაზიარებლად მიმდინარე კვირაში უკრაინული დელეგაცია დოჰასა და აბუ-დაბიში გაფრინდა.

ირანული Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონების გასანეიტრალებლად ყურის ქვეყნები ძირითადად ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ის PAC-3 ტიპის რაკეტებს იყენებენ. აღნიშნულ რაკეტებს Lockheed Martin-ი აწარმოებს და წლიური წარმოების მაჩვენებელი 600 ერთეულია. Pentagon-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო შვიდი წლის ვადაში მაჩვენებელი 2,000-მდე გაიზრდება. თითოეული გადამჭერი რაკეტის ღირებულება $3-4 მილიონია.

უკრაინის მიერ რუსეთისგან გაშვებული მრავალათასი ერთეული Shahed-ის ტიპის გადასაჭერად წარმოებული დრონის ღირებულება $25-დან $40 ათასამდე მერყეობს, რაც ძვირადღირებული რაკეტების საკმაოდ იაფი ალტერნატივაა. გარდა ამისა, გზაგადამჭერი რაკეტების მარაგები მალე იწურება. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმების გასანეიტრალებლად უკვე ასეულობით ასეთი რაკეტა გამოიყენა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.