კატარში ხუთვარსკვლავიანი მცურავი სასტუმროს აშენება იგეგმება

კატარში ხუთვარსკვლავიანი მცურავი სასტუმროს აშენება იგეგმება

არქიტექტურულმა ფირმამ ხუთვარსკვლავიანი მცურავი სასტუმროს პროექტი შეიმუშავა. მცურავი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა იქნება და საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებაც შეეძლება, რაც მას „ბრუნვაში“ დაეხმარება. Hayri Atak Architectural Design Studio-ს მიერ დაპროექტებული სასტუმროს აშენება კატარში იგეგმება, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს „მოძრაობის“ გამო აქვს პოტენციალი, აშენდეს ნებისმიერ ადგილას.

ცნობისთვის, სასტუმროს მშენებლობა დაწყებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სასტუმროს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებები. სასტუმროს დიზაინში ასევე შედის 55 ვერტიკალური ქარის ტურბინა, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებს. ასევე შესაძლებელია მზის ენერგიის გამოყენებაც. პროექტის მიხედვით, სასტუმრო საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოყენების  სისტემითაც იქნება აღჭურვილი.

თურქი არქიტექტორების განცხადებით, მცურავი სასტუმრო დაახლოებით 3,4 ჰექტარზე გაშენდება და 152 ოთახით დაკომპლექტდება. თითოეულ ოთახს საკუთარი აივანი ექნება. მცურავ სასტუმროში ასევე შეიქმნება შიდა და გარე საცურაო აუზები, საუნა, სპა, სავარჯიშო დარბაზები, მინი-გოლფის მოედნები. მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტისთვის მცურავ სასტუმრომდე მისვლა არა მხოლოდ გემით, არამედ ვერტმფრენითაც იქნება შესაძლებელი.

პასუხგაუცემელი კითხვების მიუხედავად, Hayri Atak Architectural Design Studio-ს ვარაუდით, პროექტი 2025 წელს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ უცნობია მცურავი სასტუმროს დაფინანსების წყაროც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *