ფოტო: Forbes
სემ ოლტმენს სამუშაო მაგიდაზე ურანის ჯოხი უდევს. „გამოლეულია, არ გავნებთ”, – ამბობს ის მშვიდად და ურანზე გეიგერის მრიცხველის გადატარებით გვიდასტურებს ნათქვამს. ეს ყველაზე თვალშისაცემი ექსპონატია OpenAI-ის CEO-ს კოლექციაში, სადაც 40 000 წლის ქვის ცული, 3 500 წლის ბრინჯაოს ხმალი და Concorde-ის რეაქტიული ძრავის ნაწილიც მოიძებნება.
“მუდამ მაოცებს, თუ რამდენ ახალ აღმოჩენას ამატებს თითოეული თაობა, – ამბობს ის ტექნოლოგიური პროგრესის შესახებ. – ახლა სწორედ ამას ვხედავთ”.
ChatGPT და $500-მილიარდიანი ბეჰემოთი
ChatGPT-მ 2022 წლის ნოემბერში მსოფლიო თავდაყირა დააყენა და AI მასობრივ მოვლენად აქცია. დღეს ციფრულ პროდუქტს კვირაში 800 მილიონი ადამიანი იყენებს, წინა წელს OpenAI-ის შემოსავალმა $13 მილიარდს გადააჭარბა, კომპანია კი $500 მილიარდად არის შეფასებული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი $100 მილიარდის მოზიდვაზე, რაც კომპანიის შეფასებას $750 მილიარდამდე გაზრდის.
ოლტმენი არც მეცნიერია და არც ინჟინერი – ის ინვესტორია, სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის ტრადიციის გამგრძელებელი. Disney-ის CEO ბობ იგერი ამბობს, რომ ოლტმენს კუთხეებს მიღმა გაჭყეტით მომავლის დანახვა შეუძლია. Airbnb-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ჩესკი კი მას „ჩემი ნაცნობი ორი ყველაზე ამბიციური ადამიანიდან ერთ-ერთს” უწოდებს. მისი ყოფილი მენტორი პოლ გრეჰემი კი უფრო პირდაპირია: „კარგია ხალხის დარწმუნებაში. კარგია იმის მიღწევაში, რაც სურს”.
სწავლა და ადრეული კარიერა
სენტ-ლუისში გაზრდილი, ოლტმენი მეცნიერებით, ენერგეტიკითა და ხელოვნური ინტელექტით შეპყრობილი „ნერდი” იყო. „ჩემი მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე რამდენიმე იდეით ვარ შეპყრობილი”, – ამბობს ის. Stanford-ში 2003 წელს ჩაირიცხა AI-ის შესასწავლად, სწავლის მეორე წელს კი ბიზნესიდეების კონკურსი მოიგო პირველი სტარტაპ Loopt-ისთვის, რომელიც მეგობრებს შორის ლოკაციის გასაზიარებელი აპლიკაცია იყო. სწორედ მაშინ გაიგო ოლტმენმა Y Combinator-ის შესახებ და პოლ გრეჰემთან სასაუბროდ ბოსტონში გაემგზავრა.
„მახსოვს ვიფიქრე – ასეთი უნდა ყოფილიყო ბილ გეიტსი”, – იხსენებს გრეჰემი პირველ შეხვედრას. გრეჰემზე ოლტმენმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ 2014 წელს, როდესაც YC-ს სათავეების დატოვება გადაწყვიტა, სულ რაღაც 28 წლის ოლტმენი მემკვიდრედაც დაასახელა. „სემი იღებს იმას, რაც სურს. ასე რომ, თუ YC-ის წარმატება მისი წარმატების ერთადერთი გზა იყო, YC წარმატებული გახდებოდა”.
OpenAI-ის დაბადება და ChatGPT
OpenAI 2015 წელს არაკომერციულ ორგანიზაციად დაფუძნდა. ოლტმენმა პირადად მოიწვია გრეგ ბროკმანი და ცნობილი AI-მკვლევარი ილია სუცკევერი, ხოლო ილონ მასკი კომპანიაში $38 მილიონის დაბანდებაში დაარწმუნა. მალე OpenAI მისი ერთადერთი გზავნილი გახდა და YC „გამქრალ ჰობიდ” გადაიქცა. 2019 წელს YC-ის თანადამფუძნებელი ჯესიკა ლივინგსტონი გაოგნებას ვერ მალავდა, როცა პრესრელიზიდან შეიტყო ოლტმენის გადაწყვეტილება, OpenAI-ის ახალი კომერციული მიმართულების CEO გამხდარიყო. ოლტმენი ამბობს: „როდესაც გასაგები გახდა, რომ OpenAI იმუშავებდა, უბრალოდ ვთქვი – ეს ჩემი მიზანია”.
ChatGPT-ის საჯაროდ გამოშვებამდე OpenAI-ის ხელმძღვანელობა ყოყმანობდა – უკეთესს ელოდნენ. სწორედ ოლტმენმა დაარწმუნა გუნდი, რომ უნდა ეჩქარათ ბაზარზე გასვლა. „სემი ამბობდა – უბრალოდ გამოვიტანოთ”, – იხსენებს ბროკმანი.
კრიზისი, გათავისუფლება და დაბრუნება
2023 წლის ნოემბერში, მადლიერების დღის წინ, ოლტმენი OpenAI-ის არაკომერციული მიმართულების სამეთვალყურეო საბჭომ „მუდმივი არაგულწრფელობის” მიზეზით პოზიციიდან დაითხოვა. „ამბოხებას” სათავეში სუცკევერი ედგა, რომელიც საბჭოს არწმუნებდა „სემის სისტემატურ ტყუილებსა” და მის მიერ გუნდის წევრების ერთმანეთთან გამიზნულად დაპირისპირებაში. თუმცა ზუსტად ხუთ დღეში ოლტმენი უკან დაბრუნდა – OpenAI-ის თანამშრომლები სამსახურიდან მასობრივად წასვლით იმუქრებოდნენ, Microsoft-ი კი სასწრაფოდ ეცადა მის დაქირავებას. ეს სილიკონის ველის ისტორიაში ყველაზე ანეკდოტური კორპორაციული დრამა გახლდათ.
მასკი, Anthropic-ი და მტრობა
ოლტმენის ყოფილი გმირი ილონ მასკი მისი დაუძინებელი მტერი გახდა. კომერციულ მიმართულებაზე ოლტმენის გადასვლამ მასკი გააღიზიანა – მან კომპანია კაპიტალის გარეშე დატოვა და 2023 წელს $250 მილიარდად შეფასებული xAI დააარსა. სასამართლო დავა ამ თემაზე მიმდინარე გაზაფხულსაა მოსალოდნელი. „არ ვარ კმაყოფილი, რამდენიმე დღეს წამართმევს. თუმცა ჩვენი პოზიციის მიმართ კარგი მოლოდინი მაქვს”, – ამბობს ოლტმენი.
ამასობაში, დარიო და დანიელა ამოდეიების OpenAI-დან გასვლამ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას დაუდო საფუძველი და Anthropic-ი დღეს $350 მილიარდად შეფასებული კონკურენტია. Microsoft-ის CEO სატია ნადელა კი ოლტმენთან ურთიერთობას ასე ახასიათებს: „მტერ-მეგობრები – ვფიქრობ, ეს კარგი განსაზღვრებაა”.
მომავლის ხედვა: ჯონი აივი, AGI და მემკვიდრეობა
ოლტმენი ამბიციებს არ მალავს. მან $6.5 მილიარდად შეიძინა „ეპლის“ ლეგენდარული დიზაინერის, ჯონი აივის კომპანია IO და მიზნად ახალი AI-მოწყობილობების შექმნას ისახავს. „პატარა მეგობარი თანამგზავრი”, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს. პროექტი საიდუმლოდ მუშავდება. „სემს ესმის, რომ მომხმარებლის ინტერფეისი დეკორაცია არ არის – ის ადამიანის გამოცდილებას განსაზღვრავს”, – ამბობს აივი.
Project Stargate-ის ფარგლებში ოლტმენმა ტრამპთან, Oracle-ის ელისონსა და SoftBank-ის მასაიოში სონთან ერთად AI-ინფრასტრუქტურაში $500 მილიარდის ჩადება გამოაცხადა. სონი იხსენებს: „განვიხილეთ და თქვა – ‘მეტი უკეთესია’”.
*Artificial General Intelligence-ის (AGI) შესახებ კი ოლტმენმა გამოაცხადა: „ჩვენ ფაქტობრივად შევქმენით AGI, ან ძალიან ახლოს ვართ”. ნადელამ ეს უარყო: „არ ვფიქრობ, სადმე ახლოს ვიყოთ”. შემდგომში ოლტმენმა უკან დაიხია.
„ვფიქრობ, უჩვეულოდ კარგი ვარ რამდენიმე რამის წლების ან ათწლეულების წინ დაპროექტებასა და მათ ურთიერთქმედების გაგებაში, – ამბობს ის. – მაგრამ ამ ორის კომბინაცია – ეს ჩემი სფეროა”.
და საბოლოო ამბიცია? OpenAI-ის მართვა AI-მოდელს გადასცეს. „არასოდეს დავუდგები წინ. სწორედ მე უნდა ვიყო ამისთვის ყველაზე მზად”.
*AGI, ანუ სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტი არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანივით “აზროვნება” შეუძლია. სწორედ ეს იყო OpenAI-ის მიზანი დაარსებიდანვე. თუმცა მიზნის მიღწევის კონკრეტული განსაზღვრება ბუნდოვანია – ოლტმენის თქმით, ეს შეიძლება სამიდან ოცდაათ წელიწადში მოხდეს, ან – საერთოდ არასოდეს.
წყარო: Forbes – Sam Altman Explains Our AI Future








