როდესაც Zappos-ის აღმასრულებელი დირექტორი ტონი შეი 46 წლის ასაკში, 2020 წელს, იდუმალი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, FORBES-მა გამოავლინა, რომ ეს ნარკოტიკებთან იყო კავშირში. მაგრამ მისი თვითგანადგურების სპირალი თვეებით ადრე, მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც შეი პარკ-სიტიში, იუტის შტატში უტოპისტური საზოგადოების აშენებას ცდილობდა. Wonder Boy-დან ამ ექსკლუზიურ ამონარიდში ჩანს, როგორ უხდიდა სასოწარკვეთილი შეი მილიონობით დოლარს პირფერ თანაშემწეებს, რომლებსაც მისი ცხოვრების ბოლო კვირების განმავლობაში ის ბედნიერებით უნდა უზრუნველეყოთ.
ტონი შეიმ, 46 წლის ZAPPOS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პარკ-სიტიში, იუტის შტატში რანჩო იყიდა.
2020 წლის ივნისში მანიაკური ეპიზოდისა და შემდგომი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მისი მშობლები ქალაქში ორ ძმასთან, დეივთან და ენდისთან ერთად ჩავიდნენ. მიუხედავად მათი ჩამოსვლისა, ტონი ცოტა დროს ატარებდა მათთან და სთხოვდა მეგობრებს, რომ არასოდეს დაეტოვებინათ ოჯახთან მარტო.
იმ მომენტებში, როცა შეი ოჯახთან ერთად იყო, ისინი რთულად თუ ამყარებდნენ კონტაქტს. ერთხელ მან დედამისს, ჯუდის, უთხრა, რომ გახსნილი იქნებოდა მასთან, თუ მას, როგორც მეგობარს მოექცეოდნენ. ხოლო ოჯახის წევრივით მოქცევის შემთხვევაში, ის დედას ინფორმაციას დაუმალავდა. მას შემდეგ, რაც ჯუდიმ უთხრა, რომ მას თერაპევტის დახმარება სჭირდებოდა, შეიმ თქვა, რომ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიის კურსის ყოველი წუთის სანაცვლოდ ჯუდი ყინულის აბაზანაში ჩაჯდებოდა. როდესაც მას კიდევ ერთხელ შეახსენეს თერაპიის საკითხი და ყურადღებასთან დაკავშირებით პრობლემებზე მიუთითეს, გაბრაზებულმა ტონიმ სახლი დატოვა.
როდესაც ოჯახის გამგზავრების დრო დადგა, ენდი წასვლამდე კარგად დაფიქრდა. წლების მანძილზე მათი დაშორების მიუხედავად, ახალი ხალხის ხილვამ, რომელთაც აქამდე არასდროს შეხვედროდა, მას პარკ-სიტიში დარჩენისა და უფროს ძმაზე თვალყურის დევნებისკენ უბიძგა. ათი დღის შემდეგ ის დაბრუნდა და მალევე მიხვდა, რომ ისეთ ეკოსისტემაში მოხვდა, სადაც ხალხი ერთმანეთს ტონის ფულისთვის ეჯიბრებოდა. ისინი მას სთავაზობდნენ უაზრო პროექტებს, და ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ტონის გარეშე ვერ გასწვდებოდნენ. და არსებობდა წესი, რომელიც ავისმომასწავებლად განაპირობებდა ბევრის ქცევას პარკ-სიტის ანკლავში: არასოდეს უთხრათ ტონის, რომ შეშფოთებული ხართ მისი საქციელით. ამის გაკეთება განკვეთის საფრთხეს ნიშნავდა.
ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც ენდიმ მოიფიქრა, იყო განდობილი ხალხის მოყვანა ტონისთვის ყურადღების მისაქცევად. ისე მოხდა, რომ ენდიმ იცოდა – მის ძმას მათ დიდი ხნის მეგობართან, ტონი ლისთან გარკვეული ხნით მუშაობა სურდა. 2003 წელს ლი სათავეში ჩაუდგა Wells Fargo-ს სესხებს Zappos-სთვის, როდესაც კომპანია გაკოტრებასთან ახლოს იყო. მას შემდეგ ლი მუშაობდა უამრავ პატარა ბანკში, და ბოლოს ტეხასში, $5 მილიარდზე მეტი ღირებულების მქონე ბასის ოჯახის დინასტიის ფინანსების სამართავად დასახლდა. ლი და ენდი წლების განმავლობაში ახლო მეგობრებად რჩებოდნენ; ენდიმ მას სთხოვა, მეჯვარე ყოფილიყო მის ქორწილში, რომელიც შემდეგ აღარ შედგა. ახლა, როდესაც მისი ძმის ხარჯები უკონტროლო იყო, ენდიმ ჩათვალა, რომ მათ შეეძლოთ, ესარგებლათ პროფესიონალი ფინანსური მენეჯერით, სათანადო გამოკვლევის ჩასატარებლად.
ლის არ სურდა ტეხასში თავისი ცხოვრების ამოძირკვა და კომფორტული სამუშაოს მიტოვება ტონი შეის მანიაკურ სამყაროში შესვლის სანაცვლოდ, მაგრამ ის შეხვედრას დათანხმდა. ივლისის ბოლოს, მეინ-სტრიტის რესტორანში ვახშმის დროს, შეიმ უთხრა, რომ პარკ- -სიტის იმაზე უკეთეს დასახლებად გადააქცევდა, ვიდრე მან ლას-ვეგასის ცენტრში, რამდენიმე წლის წინ ააშენა. ლის როლი მოიცავდა პარკ-სიტის საწარმოებში ფინანსების სრულ ზედამხედველობას. ისევე, როგორც სხვებს, შეიმ ლისაც ორმაგი ხელფასი შესთავაზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის წელიწადში $1.5 მილიონს გამოიმუშავებდა. იგრძნო რა ლის ყოყმანი, შეი მიუბრუნდა ერთ-ერთ ადამიანს სადილზე და უთხრა, რომ თუ ის ლის დარჩენაში დაარწმუნებდა, 10-პროცენტიან საკომისიოს, ანუ $150,000-ს მიიღებდა.
სადილის შემდეგ ენდიმ ლი განზე გაიყვანა და განუმარტა, რომ პარკ-სიტიში მოსვლას მრავალი მიზეზის გამო ჰქონდა აზრი. ლის გავლით ფინანსების კონტროლისას ის ასევე შეძლებდა იმ ადამიანების განდევნაში დახმარებას, რომლებიც მისი ძმით სარგებლობდნენ.
ენდის თხოვნა გამოიწვია გადაუდებლობის შეგრძნებამ, რომელიც ტონის ანგარიშებიდან მრავალი თვის განმავლობაში ფულის გაჟონვით იყო განპირობებული. თუ ადამიანებს ეუხერხულებოდათ ფულის აღება ადამიანისგან, რომელიც ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარებისა და სხვა გაუწონასწორებელი ქცევის გამო სულ უფრო შორდებოდა რეალობას, ცოტა თუ ითვალისწინებდა იმ ფაუსტისეულ გარიგებას, რომელშიც ისინი შედიოდნენ – შეცდომა, რომელმაც ცხადი ფორმები მიიღო, როდესაც შეიმ კიდევ ერთი დამანგრეველი ცდუნება აღმოაჩინა.
საავადმყოფოდან გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში, პირადი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, შეი ბიოჰაკინგის შესწავლაზე იყო ფოკუსირებული. ის დარწმუნდა, რომ აზოტის ოქსიდის ჩასუნთქვა მის სისხლში ჟანგბადის დონის ამაღლებისა და ძილის საჭიროების აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა. აზოტის ოქსიდი, რომელიც უფრო ცნობილია სტომატოლოგიურ კაბინეტებში გამოსაყენებელი სიცილის გაზის სახელით, კომერციულად ხელმისაწვდომია, როგორც ყოველდღიური სამზარეულოს ნივთიერება: კარტრიჯები, რომლებიც კრემის ასათქვეფ მანქანებში გამოიყენება, Whip-It-ის სახელითაა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ გაზის ჩასუნთქვა უკანონოა, ეს პრაქტიკა ათწლეულებია, რაც პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ალკოჰოლის ლეგალურად ყიდვა და ფესტივალის მოყვარულების რიგებშიც, რომლებიც იაფ და სწრაფ კაიფს ეძებენ.
მაგრამ ტვინის შესაძლებლობები შეზღუდულია. აზოტის ოქსიდის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგიერთი მოზარდი ქიმიური ასფიქსიით გარდაიცვალა. სიგარეტებს შორის შეი ისე ისუნთქავდა Whip-It-ის კანისტრებიდან, თითქოს ბოთლიდან წყალს სვამდა. ერთი შეფასებით, დღეში ის 50-ზე მეტ კონტეინერს მოიხმარდა.
აზოტის ოქსიდის თითქმის მუდმივმა ნაკადმა უცნაური ქცევა გამოიწვია. ერთხელ მან მინაზე დააბიჯა, გაიჭრა ფეხი, მოიარა პარკ-სიტის რანჩო და იატაკზე სისხლის ზოლები დატოვა – კვალი, მისი თქმით, მის პოვნას გააადვილებდა. სხვა შემთხვევისას, ის ცდილობდა, უარი ეთქვა საკვებსა და წყალზე, რათა მოეცილებინა ტუალეტის გამოყენების აუცილებლობა. დროთა განმავლობაში მისი გარეგნობა შეიცვალა და წონა 100 ფუნტზე დაბლა დაეცა, რის გამოც მისი სხეული ჩონჩხს დაემსგავსა.
რაღაც მომენტში ის პარანოიამაც მოიცვა და ერთ დილას შეი დარწმუნდა, რომ Zappos-ის აღმასრულებელი, სახელად ტაილერ უილიამსი, ქალაქში იმყოფებოდა და მის იძულებით მკურნალობას ცდილობდა. შეშინებულმა შეიმ დაიქირავა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაცვის თანამშრომლების ლეგიონი, რანჩოს გარშემო ადამიანებისგან შემდგარი პერიმეტრის შესაქმნელად. შეის სანახავად მისულ სტუმრებს სახლის სხვადასხვა ადგილას მცველები დახვდნენ, თითქოს ისინი საბრძოლველად გამზადებულ მამულში იმყოფებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჩანდა, თუ როგორ ესწრებოდა შეი სადილებსა და ატარებდა შეხვედრებს რანჩოს სხვადასხვა ოთახში, მისთვის შეთავაზებული პროექტების განსახილველად, მან თანდათან დაიწყო მეტი დროის გატარება საკუთარ საძინებელში და შეხვედრებისას საწოლში იჯდა ხოლმე, აზოტის ოქსიდის კონტეინერებით გარშემორტყმული. „მისი ოთახი უსახლკაროთა თავშესაფარს ჰგავდა, – თქვა მოგვიანებით მისმა ძმამ ენდიმ. – იატაკზე განავალი იყო. მის ტუალეტებში – მცენარეები. გატეხილი მინა, დამტვრეული თეფშები მთელ იატაკზე. დამპალი საკვები საწოლის ქვეშ. დამპალი საკვები კედლებზე… ეს ამაზრზენი იყო“.
მისი აზოტის ოქსიდის სპირალი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ხალხი ეძებდა მისი ფულის დახარჯვის ახალ გზებს და შეი, როგორც ჩანს, ზედმეტად მზად იყო გაკოტრებამდე ფულის დასახარჯად, რასაც მის მიერ შემუშავებული უაზრო წამახალისებელი სქემაც განაპირობებდა, სახელწოდებით 10X.
თავდაპირველად 10X კეთილშობილური მიზნით დაიწყო: პანდემიის ფონზე, პარკ-სიტის ხელახლა გახსნის დასახმარებლად. გეგმა იყო ქალაქის ცენტრში გასეირნება და ხალხისთვის $10-იანი წევრობის მიყიდვა, რაც მათ აბონემენტის სახით, ადგილობრივ რესტორნებში ულიმიტო ჭამა-სმის საშუალებას მისცემდა; მონაწილეებს გადაეცათ მაისურები და საქონელი 10X-ის ლოგოთი. ეს შეიძლება ქველმოქმედებად ჟღერდეს იმის გათვალისწინებით, რომ წამოწყებას არანაირი ფინანსური აზრი არ ჰქონდა, მაგრამ იუტის შტატმა არ დააკმაყოფილა მთელ ქალაქში ღია ბარის პრინციპის დაშვების მოთხოვნა და პროგრამა გაშვებიდან მეორე კვირის შემდეგ დახურა.
მაგრამ 10X-ის ფილოსოფია დარჩა და ზაფხულში სხვა რამეში გადაიზარდა, როდესაც შეიმ დაიწყო მოთხოვნა, რომ ყველაფერი მიღწეულიყო ათჯერადად: ათჯერ უფრო სწრაფად, ათჯერ უფრო დიდი, ათჯერ მეტი. გარდა იმისა, რომ ახალჩამოსულებს გაორმაგებულ საუკეთესო ხელფასს სთავაზობდა, მან პირობა დადო, რომ ნებისმიერს, ვინც დახარჯავდა მის ფულს, ექნებოდა უფლება, მიეღო 10-პროცენტიანი საკომისიო მათ მიერვე დახარჯულ თანხაზე. მაგალითად, თუ ვინმემ დაჯავშნა რესტორანი და დახარჯა $1000, $100-ს გამოიმუშავებდა. თუ ისინი დაითანხმებდნენ ვინმეს პარკ-სიტიში საცხოვრებლად, მათ ექნებოდათ 10-პროცენტიანი საკომისიო ამ პირის წლიურ ხელფასზე. და თუ ვინმეს შეეძლო უძრავი ქონების გარიგების მოძიება და ქონებაზე $1 მილიონს დახარჯავდა, ის $100,000-ს გამოიმუშავებდა.
ამ დროისთვის ტონი ლი, რომელსაც ფინანსური ზედამხედველის თანამდებობა ეკავა, ყველაზე კარგად ხედავდა, თუ როგორ ტოვებდა ფული მისი ძველი მეგობრის საბანკო ანგარიშებს. განსხვავებით ამქვეყნიური სააქციო მაჩვენებლების სქემებისგან, რომლებსაც ლი ბასის ოჯახისთვის აკონტროლებდა, ის ახლა ნახულობდა ოქროსა და უძრავი ქონების საკუთრებაში ინვესტიციების ქვითრებს, საჰაერო ბუშტებსა და შემოთავაზებებს ვერტმფრენის ტურისტული კომპანიებისთვის.
ლი ასევე ხედავდა, რომ ისინი, ვინც ერთმანეთს შეის ფულისთვის ეჯიბრებოდა, ამისთვის ბრძოლას იწყებდნენ, რაც ხშირად 10X-პროგრამით იყო მოტივირებული. მაგალითად, შეის დიდი ხნის პირად ასისტენტს, მიმი ფამს, ბოლო წლებში მგზავრობის ხარჯებთან ერთად, შეი ხელფასის სახით თვეში $9000-ს უხდიდა. მაგრამ პარკ- -სიტის დაწყების შემდეგ ის მოელაპარაკა ხელფასების გაზრდაზე და ახლა თვეში $30000-ს გამოიმუშავებდა – თანხას, რომელიც მალევე არაფრად ჩანდა იმასთან შედარებით, რასაც ის 10X-ის საკომისიოს საშუალებით აგროვებდა.
მთლიანობაში, მის კონტროლქვეშ მყოფი შპს-ის მეშვეობით, ფამის დაგზავნილმა ინვოისებმა $20 მილიონზე მეტი შეადგინა. ერთ შემთხვევაში, ის „მართავდა“ კონტრაქტორს, რომელსაც თვეში $83,333,33-ს უხდიდნენ „სხვადასხვა პროექტის დახმარებისა და მენეჯმენტისთვის“ — და ყოველი ანაზღაურებისას $8333-ს იღებდა. როდესაც შეიმ იყიდა ავტობუსების პარკი და ფამს სთხოვა $3.7 მილიონის ბიუჯეტით მათი გადაკეთების უზრუნველყოფა, მან გადასახადის სახით 10 პროცენტი აიღო. შემდეგ იყო პრაიმ-კლასის უძრავი ქონების, Big Moose Yacht Club-ის $7-მილიონიანი შესყიდვა, ღონისძიების ადგილის სახით პარკ-სიტის საბაგიროების ძირში, რამაც მას $700,000-ის საკომისიო გაუნაღდა.
უკუღმართობით, შეის წამახალისებელი სტრუქტურა მუშაობდა ისე, როგორც მას წარმოედგინა; ხალხი იბრძოდა მისი ყოველი ახირების შესასრულებლად. როდესაც მას გაუჩნდა დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კინოსტუდიის შექმნის იდეა, ფამმა ეს წინადადება მიიღო. მან და შეიმ, წებოვან სანიშნ ფურცელზე დაწერეს კონტრაქტის პირობები შპსისთვის, რომელსაც $10 მილიონით უნდა დაეფინანსებინა დოკუმენტური ფილმების პროექტები, არსებული XTR -სტუდიის სახელით. შპს-ს აკონტროლებდნენ შეი, ფამი და მისი მეგობარი ბიჭი, რობერტო გრანდე, ყოფილი ადვოკატი და დამწყები კინოპროდიუსერი. შეთანხმების ფარგლებში, ფამს და გრანდეს უფლება ჰქონდათ, მიეღოთ საწარმოდან შემოსული მოგების 55 პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ფული არ დაუხარჯავთ. და 10X-ის თანახმად, შპს-ის შექმნისთვის გრანდეს $1 მილიონის საკომისიო ერგებოდა. შემდეგ ფამმა შეის დამატებით დააკისრა 10-პროცენტიან გადასახადი იურისტების საფასურზე, რომლებიც გრანდეს $1- მილიონიანი საკომისიოს გადახდისთვის დაიქირავეს.
ორი თვის შემდეგ გრანდემ განუცხადა XTR-ს, რომ შეიმ საწარმოსთვის კიდევ $7.5 მილიონი დაამტკიცა. გაურკვეველია, შემოვიდა თუ არა ეს ფული, მაგრამ მალევე ადვოკატებმა, რომლებმაც დაწერეს მისთვის $1 მილიონის საკომისიოს გადახდის პირობები, შეცვალეს კონტრაქტი და განაცხადეს, რომ მას ახლა $1.75 მილიონის ვალი ჰქონდა.
ფამის ძალისხმევა ხშირად ეწინააღმდეგებოდა სუზი ბეილსონის თვალსაზრისს. სუზი შეის მეგობარი იყო, რომელიც თავდაპირველად ესწრებოდა მასთან ერთად ღონისძიებებს, როგორც პლუს ერთი, ხოლო ახლა აკონტროლებდა მრავალ ოპერაციას მის პარკ-სიტის პროექტში. ერთ მომენტში ფამმა შემოიღო „სუზის ჯარიმა“, რაზეც შეი დათანხმდა – ყოველი დღისთვის, როდესაც ბეილსონი შეის ერთ-ერთ საკუთრებაში იმყოფებოდა, ფამი მას $30 000 დოლარით აჯარიმებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმაშფოთებელი ჩანდა, შეიმ საკომისიო სქემის ფარგლებში $1.83 მილიონის გადასახადები დააგროვა და გრანდესგან ინვოისი მიიღო. მან საბოლოოდ $420,000 გადაიხადა.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელთანაც ფამი, როგორც ჩანს, კამათობდა, ენდი შეი იყო. მას შემდეგ, რაც ტონი წლის დასაწყისში პოლა აბდულს შეხვდა, მას სურდა, რომ იგი პარკ-სიტიში ჩასულიყო შოუების გასაკეთებლად – და პანდემიის შედეგად ტურების გაუქმების გამო მას თავისუფალი დრო ჰქონდა. ასე რომ, შეიმ შესთავაზა, რომ აბდულს $9 მილიონის კონტრაქტით მოეწყო 180 შოუ Yellowstone-ის სახელით ცნობილ ადგილობრივ სცენაზე. ვინც ამ გარიგების დახურვას შეძლებდა, მიიღებდა $900,000- ის საკომისიოს. ენდი ამტკიცებდა, რომ ეს გარიგება მან მოაწყო, ხოლო ფამი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში მას ჰქონდა უფლება საკომისიოზე, მაგრამ ამ მცდელობებიდან არაფერი გამოვიდა. სხვა დაპირისპირებისას ენდი და ფამი ლობირებდნენ ტონისთან იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნოდა 10-პროცენტიანი საკომისიო იმ $15-მილიონიან რანჩოზე, რომელშიც ის ცხოვრობდა.
ბოლო აწეწილ თვეებში, სასაწყობო სათავსოში ხანძრის დროს შეის სიკვდილამდე, სადაც ის გამოკეტილი იყო აზოტის ოქსიდის კასრებით, სანთლებითა და პროპანის ავზით გარშემორტყმული, ენდი ასევე ცდილობდა სხვების მხარდაჭერის მოპოვებას, ძმის ფულებით გარიგებების დასადებად. ერთ მომენტში მან მოუწოდა მეორე მეგობარს, ჯენის ლოპესს, დაერწმუნებინა შეი $10 მილიონის ინვესტიციის განხორციელებაზე იურიდიულ პირში, რომელიც ტეკილის კომპანიას ფლობდა, საბოლოოდ კი შესთავაზა მას, რომ საწარმოსთვის $50 მილიონი გამოეთხოვა. თუმცა ლოპესმა უარი თქვა და გარიგება ადგილიდან აღარ დაძრულა.
ტონი ლი, თავის მხრივ, თავიდან თითქოს ახალისებდა ენდის 10X-ის საკომისიოს მიღებისკენ. „შეგიძლია [sic] იმუშაო ჩემთვის საბროკერო გარიგებაზე, – წერდა ლი ენდის მესიჯში, რაც მის სახელფასო კონტრაქტს გულისხმობდა. – მიდი, დაელაპარაკე მას“.
„კი, დაველაპარაკები, – უპასუხა ენდიმ. – უთხარი, რომ მე შენი ბროკერი ვარ“.
ლი აღფრთოვანებული ჩანდა. „შენ უნდა გამოიმუშაო შენი საკომისიო ახლა და ამას განხორციელება სჭირდება :)) იმედია, ტონი გადაგიხდის“.
„მე ამას გავაკეთებ ტონისთან! და შენ კი მასთან ის მოახერხე, რომ მე შენი ბროკერი ვიყო :)“, – უპასუხა ენდიმ.
„რაც მეტი იქნება ჩემი თანხა, იქნება ეს 1.4 თუ 1.5 [მილიონი დოლარი], შენც უფრო დიდ საკომისიოს მიიღებ. წადი ახლა და იბრძოლე ჩემთვის. :))“
„ყველა მოგებულია! – უპასუხა ენდიმ. – ძირითადად აღფრთოვანებული ვარ შენი აქ ყოფნით და შეგვიძლია შევხვდეთ ხოლმე“.
მოგვიანებით ლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავებამდე მან არ იცოდა, რამდენად ავად იყო შეი. მას შემდეგ, რაც მან მუშაობა დაიწყო, მალევე გააბრაზა ენდი და დარწმუნდა, რომ ის ცდილობდა ძმის ექსპლუატაციას და არა მის დაცვას. ერთ მომენტში ლი ამტკიცებდა, რომ ენდიმ მას მის მიერ კონტროლირებულ ანგარიშზე, ტონის „პენსიისთვის“ $100 მილიონის გადამისამართება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ენდიმ ეს მოგვიანებით უარყო.
რაც შეეხება ენდის მცდელობებს, მიეღო 10-პროცენტიანი საკომისიო ლის ხელფასზე, რომელიც ასი ათას დოლარზე მეტი იყო, ის ჩაფლავდა, როდესაც თავად ტონიმ უარი თქვა შეთავაზებაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ენდი ძმასთან უკვე მოლაპარაკებული იყო საკუთარი ხელფასის თაობაზე, რაც წელიწადში $1 მილიონს უდრიდა.
ფოტოგრაფია: მაიკ მაკგრეგორი
ადაპტირებულია წიგნიდან Wonder Boy: Tony Hsieh, Zappos, and the Myth of Happiness in Silicon Valley ანჯელ ო-იანგისა და დევიდ ჯინსის მიერ. გამოქვეყნებულია ჰენრი ჰოლტისა და კომპანიის მიერ. საავტორო უფლება © 2023 ანჯელ ო-იანგისა და დევიდ ჯინსის მიერ. ყველა უფლება დაცულია.