ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი

ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი

კრწანისის რეზიდენცია უძრავი ქონების რიგითი დეველოპერული პროექტი როდია. გარდა იმისა, რომ პარტნიორებს, გიორგი არველაძესა და დავით კვირიკაძეს (რომლებიც თავადაც რეზიდენციაში იცხოვრებენ), პროექტის განხორციელებისას ერთი ხეც კი არ მოუჭრიათ, მათ ყველა მცირე დეტალზე სახელდახელოდ იზრუნეს – ხმისა და ტემპერატურის იზოლაციით დაწყებული, მიწისქვეშა ავტოსადგომითა და დეტალიზებული კონტრაქტებით დასრულებული, რომლებიც ბინადრებს ავალდებულებს, მუდმივად იხადონ ფული, საერთო სივრცეები მწყობრში რომ იყოს.  

უნდა ვაღიარო: როცა რედაქტორმა დამირეკა და მთხოვა, უძრავი ქონების დეველოპერული პროექტის შესახებ მასალა მომემზადებინა, ამ შესაძლებლობას აღტაცებაში სულაც არ მოვუყვანივარ. თბილისში გააფთრებით მიმდინარე სამშენებლო პროექტების – ბოლო წლებში დაურეგულირებლად, სოკოებივით ამოზრდილი ცათამბჯენების – მოწინააღმდეგეთა ბანაკში ვარ, თანაც ამ საკითხზე აზრის ხმამაღლა გამოთქმას არ ვერიდები. ჰოდა, არ ვაპირებდი, დამფუძნებლებისთვის თავის იოლად დაძვრენის საშუალება მიმეცა.

მაგრამ როცა კრწანისის რეზიდენციის მმართველ პარტნიორებს, დავით კვირიკაძესა და გიორგი არველაძეს Rooms Hotel-ში, ყავაზე შევხვდი და ორი საათი ვისაუბრეთ, მივხვდი, რომ სხვა შეხვედრები და დედლაინები რომ არა, ალბათ კიდევ უფრო დიდხანსაც ვისხდებოდით.

უსასრულოდ ვილაპარაკებდით თბილისის ურბანული განვითარებით გამოწვეულ ჩვენს გაღიზიანებაზე, მათ შორის, მზარდ საცობებსა და სწრაფად მოსიარულე მძღოლებზე, დაბინძურებულ ჰაერზე, სუნთქვას რომ შეუძლებელს ხდის, გამქრალ მწვანე სივრცეებზე, უკიდურესად მაღალ მშენებარე კონსტრუქციებზე, მხოლოდ ასფალტითა და ბეტონით რომაა გარშემორტყმული, შიდა ეზოების განადგურებაზე… და ეს სია მართლაც უსასრულოა.

მაგრამ სწორად გამიგეთ. იოლად მაინც ვერ დამიძვრნენ. პრაქტიკულად დაკითხვა მოვუწყვე… მით უფრო, რომ თავიანთ პროექტს ისინიც ბუნებით გარშემორტყმულ, ყოფილ სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ.

პროექტში ორმა მეგობარმა თავისი ფული დააბანდა, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა კი საქართველოს ბანკისგან, ოჯახისა და მეგობრებისგან მიიღო. ისინი კრწანისის რეზიდენციას საკუთარ შვილად აღიქვამენ და ეს ჩანს კიდეც მათ მიდგომაში.

აშშ-სა და ევროპაში ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ეს ორი ახლო მეგობარი მიხვდა, რომ თბილისში, საცხოვრებელ სივრცეში საკმაოდ ძვირს იხდი და იმას, რასაც ამ თანხის სანაცვლოდ იღებ, ხშირად ცოტა აქვს საერთო ხარისხის სტანდარტებთან. ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადეს.

“2004-ში, თბილისში, საკმაოდ ძვირი ბინა ვიყიდე, – მეუბნება დავითი, – მაგრამ ყველაფერი მესმის, რასაც კი მეზობლები აკეთებენ, მობინადრეები სრულიად დაუდევრად ექცევიან ჩვენს დერეფანს, და როცა კი ვინმე ტუალეტს ჩარეცხავს, ყველას ეღვიძება”.

და არც მხოლოდ მდარე ხარისხია, რაც დავითმა და გიორგიმ თავად გამოსცადეს. ვკითხე, თუ იცოდნენ უძრავი ქონების ქართულ დეველოპერულ ბაზარზე კარგად ცნობილი პონცის სქემის შესახებ, და, როგორც გაირკვა, თავადვე ყოფილან ამ სქემის მსხვერპლნი.

“მეც და დავითმაც სამშენებლო კომპანიათა შეუსრულებელი დაპირებების გამო ფული და ბინები დავკარგეთ”, – მეუბნება გიორგი.

პონცის სქემას მაშინ იყენებდნენ, როცა კომპანიებს არ შეეძლოთ ბინათა მშენებლობის დასრულება, ათასობით უბრალო ქართველს დანაზოგებიდან თაღლითურად სძალავდნენ ფულს და მათ დაპირებული ბინების გარეშე ტოვებდნენ.

ამ გამოცდილებით აღჭურვილმა გიორგიმ და დავითმა იცოდნენ, რომ ბინების გაყიდვას აქტიურად მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებდნენ, რაც კრწანისის რეზიდენციის საცხოვრებლების მშენებლობა დასრულდებოდა. ახლა შემოსაზღვრული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოქტომბერში გაყიდვებიც აქტიურ ფაზაში შევა.

დავითსა და გიორგისთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კრწანისის რეზიდენციაში გიორგისა და ნიკოლოზს, დავითის ვაჟს, შევხვდი, რომელიც ასევე მუშაობს კომპანიაში. სწორედ მაშინ მომეცა მშენებლობის საკუთარი თვალით ნახვის საშუალება.

კომპლექსისკენ მიმავალს, რომელსაც გარს რამდენიმე საელჩო და ევროკავშირის მონიტორინგის მისია არტყია, ისეთი განცდა გიჩნდება, თითქოს ქალაქიდან გადიხარ. კრწანისის რეზიდენციას მდიდარი ისტორია აქვს და საბჭოთა ბიუროკრატებმა საბჭოთა ლიდერების საცხოვრებელ სივრცედ ის სხვადასხვა ეკოლოგიური კვლევის საფუძველზე შეარჩიეს.

ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთად დაიყო მას მერე, რაც ამ ნაკვეთთა დიდი ნაწილი 2004-ში აუქციონზე გაიტანეს ქვეყნის პრივატიზაციის ერთ- ერთი პირველი რაუნდის დროს. ძველი ქალაქიდან, თბილისის ყველაზე ცხელი ტურისტული წერტილიდან, იქ მისასვლელად მანქანას სულ რაღაც სამი წუთი სჭირდება.

როცა გიორგის ვეკითხები, ხომ არ ეშინია, ვაითუ პიკის საათში მისმა პროექტმა გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი მანქანების მოძრაობა გაამძაფროს, მიხსნის, რომ კრწანისი, ფაქტობრივად, თავად არის ქალაქის ცენტრი და მოძრაობაზე ეს პროექტი არ იმოქმედებს.

“ბავშვები ყოველდღე ვაკიდან დიღომში დამყავს სკოლაში და უფრო მეტი დრო მჭირდება, ვიდრე კრწანისიდან დიღმამდე”, – ამბობს ის.

თავდაპირველად რეზიდენციის სხვადასხვა ნაკვეთი საელჩოებმა და კერძო ინვესტორებმა იყიდეს. 2013-ში, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გიორგიმ და დავითმა 26,000 კვ/მ ნაკვეთი იყიდეს რეზიდენციის შესასვლელში, ზუსტად შევარდნაძის ყოფილი საზაფხულო სახლის გვერდით.

ლამაზ, საბჭოეთის დროინდელ ჭიშკარს ხეების გავლით სამშენებლო ტერიტორიაზე შევყავართ, სადაც ნაგებობების უმეტესობა, ერთი შეხედვით, დასრულებულია. რეზიდენცია ეკოლოგიასთან დამეგობრებული და ენერგოეფექტიანი ლოფტებისგან, საკუთარი ტერასიანი სახლებისა და ვილებისგან შედგება და ყველა მათგანს ენერგოეფექტიანი თბოიზოლაცია, მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპორტდარბაზი, ჩოგბურთის მოედანი და ე.წ. თემის ცენტრი ახლავს.

ლამაზი, საგანგებოდ დამზადებული ალუმინის გერმანული ფანჯრები, რომლებიც სითბოსა და ხმის ორმაგ იზოლაციას უზრუნველყოფს, Feldhaus Klinker-ის აგურის ფასადები და განსაკუთრებულად სოლიდური იმპორტული ცემენტი… კრწანისის რეზიდენცია არც ერთ დეველოპერულ პროექტს არ ჰგავს, რაც კი საქართველოში მინახავს. ამას დაუმატეთ იატაკის ჭკვიანური დაგეგმარება, მაღალი ლამაზი ჭერები და ღია სივრცეები, და მიიღებთ პირველ (და იმედია, არა უკანასკნელ) პროექტს, რომელიც საკუთარ თავში მდგრად განვითარებას, ბუნებასა და ფუფუნებას აერთიანებს.

ყველა მობინადრე ვრცელ და დეტალურ კონტრაქტს აწერს ხელს, რომელიც მათ ავალდებულებს, სერვისებისა და სივრცის გამართულ მდგომარეობაში შესანარჩუნებელი ხარჯები გაიზიარონ, ხოლო ამ ტიპის მომსახურება არაკომერციული კომპანიის მიერ მოხდება ღია და გამჭვირვალე ბუღალტერიით, რათა მობინადრეებმა ყველაფერი თავად გადაამოწმონ. ამასთან, კონტრაქტი მცხოვრებლებს მიწისქვეშა ავტოსადგომსა და გარე ფასადებში ცვლილებათა შეტანას უკრძალავს.

დაგეგმილია Rooms Hotel-თან თანამშრომლობაც, რომ ამ უკანასკნელმა სამშენებლო კომპანიას დიზაინთან, ცხოვრების წესსა და სერვისთან დაკავშირებით თავისი გამოცდილება გაუზიაროს. “ახლო მომავალში უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას შევძლებთ ამის თაობაზე”, – მეუბნება გიორგი.

უკვე ოფისში, ნიკოლოზი რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს მაჩვენებს, სადაც ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგებია მოცემული  შემოწმება კი კომპანიამ ორჯერ ჩაატარა. “კრწანისში ძალიან სუფთა ჰაერია, მსოფლიოს სხვა ურბანულ ზონებთან შედარებითაც კი”, – მიხსნის ნიკოლოზი და ამატებს, რომ ჰაერის ტესტირება დღისით, გაგანია სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა, მე კი ცხრილებში ვხედავ, რომ ჰაერში ნაპოვნი ყველა კომპონენტი ნებისმიერი რეგლამენტით გაწერილ სტანდარტებზე ქვემოთაა, თანაც საგრძნობლად.

“ქალაქში ჰაერი კოჯრის ხეობიდან სწორედ კრწანისის გავლით აღწევს, – მიხსნის დავითი. – ამაზე სუფთა ჰაერს აქ ვერ ნახავთ”.

თავდაპირველად ორი მეგობარი რამდენიმე სახლის აშენებას გეგმავდა თავისთვის და თავისი მეგობრებისთვის მიწის იმ ნაკვეთზე, 2014 წელს რომ შეიძინეს. მაგრამ პროცესში მიხვდნენ, რომ შეეძლოთ, რაღაც უფრო ღირებული შეექმნათ უფრო მეტი ქართველისა და ექსპატრიანტი ოჯახებისთვის: გარემოსთან დამეგობრებული საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სამშენებლო სტანდარტებით, და, ამასთან, მეზობლობისა თუ თემის დაკარგული შეგრძნება აღედგინათ.

მეგობრები იმასაც იმედოვნებენ, რომ მდგრადი განვითარების მათეულ მიდგომას მშენებლობისადმი თანამდევი ეფექტები ექნება და, ზოგადად, ქვეყნის დეველოპერულ აქტივობებზე აისახება.

საინტერესოა ისიც, რომ თავდაცვის რეჟიმში გადასვლის ნაცვლად, ისინი კეთილგანწყობით ხვდებოდნენ ჩემს კითხვებს და მეუბნებოდნენ, რომ კრიტიკული უნდა ვყოფილიყავი, ეს კი, როგორც საქართველოში ჩემი ჟურნალისტური გამოცდილება მკარნახობს, იშვიათობაა.

ხოლო როცა ხეებით დაფარული მიწის ნაკვეთის აშენების შესახებ მინდოდა კითხვის დასმა, მყისვე ენერგიულად ერთვებოდნენ საუბარში. სიმართლე გითხრათ, მეგონა, მშენებლობის გამო ბევრ ხეს მოჭრიდნენ.

“ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ არც ერთ ხეს არ შევხებოდით”, – ამბობს დათო. “სწორედ ხეები ქმნიან გარემოს, მათ თავიანთი ისტორია აქვთ, სუფთა ჰაერს გვაძლევენ. ამდენად, ჩვენ სწორედ ხეების გარშემო ვაშენებთ”, – დასძენს გიორგი.

როგორც გიორგისთვის, ისე დათოსთვის, ეს უძრავი ქონების პირველი დეველოპერული პროექტია. თანაც ეს ამბავი ასე, პროექტის სახით, არც კი დაწყებულა. ყველაფერი პატარა ოცნებით დაიწყო, რომელიც საკუთარი ოჯახების უფრო მწვანე და უფრო სუფთა ადგილას გადაყვანას უკავშირდებოდა. ეს ოთხი წლის წინ იყო. სულ რაღაც ორიოდე წელიწადში იქცა მათი ჩანაფიქრი თბილისის ერთ- ერთ ყველაზე ამბიციურ დეველოპერულ პროექტად. და ადგილად, სადაც ორი მეგობარი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს.