ხელახალი მოდელირების გეგმა

ხელახალი მოდელირების გეგმა

Autodesk-ის პროგრამული უზრუნველყოფა არქიტექტურის დარგში სამი ათწლეული დომინირებდა. მაგრამ გაქრობას რომ გადაურჩეს, ენდრიუ ანაგნოსტმა ბიზნესი თავიდან უნდა ააწყოს.

სანამ Autodesk-ის აღმასრულებელ დირექტორს, ენდრიუ ანაგნოსტს ესტუმრებით, კომპანიის სან- ფრანცისკოს ოფისის მეორე სართულზე განთავსებული გალერეა უნდა გაიაროთ. გენმოდიფიცირებული თესლებისგან გამოყვანილი Mercedes Benz-ის სპორტული მანქანის რეალური ზომის მოდელი უზარმაზარი Chia Pet-ივით წამოჭიმულა. მისგან ერთ ნაბიჯში, 3-D პრინტერით შექმნილი ნეილონის კაბა მანეკენს აცვია, მის გვერდით კი მეტალის თავის ქალას იმპლანტი და ჩინეთის ყველაზე მაღალი შენობის მოდელი დგას.

ზედა სართულზე, წკრიალა, კარგად ორგანიზებულ კაბინეტში, 52 წლის ანაგნოსტი გვიცდის, რომელსაც იღლიაში იოგას ხალიჩა ამოუჩრია. სტუმრის თვალს ორი ლოზუნგი იპყრობს: “იმპულსურობა არ არის კარგი თვისება” – გვამცნობს ერთი, მეორე კი, მისი ცოლის ნაჩუქარი, გვეუბნება: “დადებითი მუხტები”.

ეს Autodesk-ის მისასალმებელი გზავნილია – 36 წლის კომპანიისა, რომელიც კომპიუტერული დიზაინის, იმავე CAD-ის (computer-aided design), პროგრამული უზრუნველყოფის ნოვატორია. ანაგნოსტმა თანამდებობა 2017 წლის ივნისში, ხანგრძლივი აქტივისტურ- ინვესტორული ბრძოლისა და თავისი ყოფილი უფროსის გადადგომის შემდეგ დაიკავა. Autodesk-მა კარიერის მეორე ფაზის ძიებას წლები შეალია: ბევრი სტარტაპი შეიძინა და ბევრი ფულიც ჩაღვარა წარუმატებლობისთვის განწირულ კვლევებში. ანაგნოსტს მარტივი მისია ჰქონდა: მას რაიმე წარმატების მომტანზე უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

Wall Street-ი ფსონს სწორედ იმაზე დებს, რომ ანაგნოსტმა სწორი არჩევანი გააკეთა. Autodesk-ის აქციათა ფასი, გასული სამი წლის განმავლობაში, თითქმის გასამმაგდა; მისი $27-მილიარდიანი საბაზრო ღირებულება მის შემოსავალს 13-ჯერ აღემატება. ეს კი მართლაც დიდი ფსონია იმ კომპანიის კვალობაზე, რომელიც, 2016 წლიდან მოყოლებული, ფულს კარგავს.

ანაგნოსტის რჩეული სამშენებლო დარგისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფაა. უნარები, რომლებიც შენობებისა და მისი ნაწილების დაგეგმარების ალგორითმთა უკან დგას, ამჯერად მშენებლობის მენეჯმენტის უწესრიგო ბიზნესს მოხმარდება. ეს პროექტები სხვა პროექტების მიტოვებასა და 1,200 დასაქმებულის გათავისუფლებას ნიშნავდა.

“მტკივნეული იყო? აბსოლუტურად, – ამბობს ანაგნოსტი. – მაგრამ “დააგეგმარე და შექმენი” – ტიპის კომპანიად გარდაქმნა ერთადერთია, რაც გამარჯვებას მოგვიტანს”.

ეს კაცი, ვისაც Autodesk-ისთვის ახალი სამშენებლო გეგმების შექმნა ევალება, კალიფორნიაში, სან- ფერნანდო- ველიში კოსმოსისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მგზნებარე მოყვარულად გაიზარდა. ანაგნოსტმა, გენიოსმა და ცოტაც მეამბოხემ, მაღალ კლასებში სკოლა მიატოვა, შემდეგ California State University- ში, ნორტრიჯში, მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო და მერე – მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები Stanford-ში.

ანაგნოსტი Lockheed Martin-სა და NASA-ში მუშაობდა. მაგრამ საავიაციო სფერო ძალიან ნელი ტემპებით მიიწევდა წინ. ამიტომ ის კომპიუტერულ პროგრამებს მიუბრუნდა და ჯერ 1992 წელს, ბოსტონში, Exa Corp.-ს შეუერთდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ უკვე Autodesk-ში, პროდუქტის მენეჯერად დაიწყო მუშაობა. Autodesk-ი წარმატებული კომპანია იყო. მის AutoCAD-ის პროგრამულ უზრუნველყოფას არქიტექტორები და ინჟინრები ლამის ყველაფრის შესაქმნელად იყენებდნენ – ცათამბჯენებით დაწყებული, მანქანის ნაწილებით დამთავრებული. ოცი წლის შემდეგაც კი AutoCAD-ი და მასთან დაკავშირებული დიზაინის პროდუქტები გაყიდვების 80%-ზეა პასუხისმგებელი.

ათწლიანი ზრდის შემდეგ, 2009 წლის რეცესიის დროს, Autodesk-მა ვარდნა განიცადა: აქციები $12-ად იყიდებოდა, ანუ 75%-ით დაცემულიყო ორი წლის წინანდელთან შედარებით. კარლ ბასის მმართველობის დროს, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია უფრო განთქმული კეროლ ბარცისგან გადაიბარა, Autodesk-მა ბევრი ინვესტიცია განახორციელა კვლევისა და განვითარების მრავალგვარ პროექტებში, მაგრამ AutoCAD-ის მსგავსი არაფერი შეუქმნია.

სხვა საკითხმაც იჩინა თავი. Cloud- კომპიუტერიამ კომპიუტერულ პროგრამებს ძირეულად უცვალა სახე. Autodesk-ს Adobe-ის მსგავსი კომპანიებისთვის უნდა მიებაძა და გამზადებული პროდუქტების ნაცვლად, რომლებიც ყოველ რამდენიმე თვეში ხელახალ გამოშვებას საჭიროებს, ონლაინპროგრამებზე უნდა გადასულიყო, რომელთა განახლება და გამოწერათა სახით გაყიდვაა შესაძლებელი.

გამოწერებმა ცოტათი შეამსუბუქა Wall Street-იდან წამოსული კრიტიკა. მაგრამ Autodesk-ი თავის ძველ ბიზნესს ამაზე უკეთ უბრალოდ ვერ გაყიდდა… მაშინ სრულიად ახალი უნდა წამოეწყო. ანაგნოსტმა არჩევანი სამშენებლო ბაზარზე, როგორც შეტევისთვის ყველაზე მომწიფებულ ბაზარზე, გააკეთა. ბაზრის დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის სამშენებლო კომპიუტერული პროგრამების გლობალური ბაზარი $10 მილიარდს მიაღწევს. ქვეკონტრაქტორების არაეფექტიანი ორგანიზებით, წყლით დაზიანებითა და საინჟინრო ავარიებით გამოწვეული ზარალი დიდია.

ჰოლანდიაში დაფუძნებულ სამშენებლო კომპანია Royal BAM Group-ში, Autodesk-ის პროგრამას, გეგმების შემუშავებით დაწყებული, ადგილის მონიტორინგით დამთავრებული, ყველა პროცესში ცენტრალური როლი უკავია. მისი მართვის ინსტრუმენტები, BIM 360, ინჟინრებს ეუბნება, პროექტებში თუ რაიმე ჩამორჩენაა ან თუ ისინი ერთმანეთთან არ მოდის სინქრონში. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, სადაც Autodesk-ს 100-მდე პროექტი აქვს დასრულებული, მისი პროგრამული უზრუნველყოფა სკოლებისა და საავადმყოფოების მონიტორინგს ახდენს, რათა შემოწმდეს, რამდენად გამართულ მდგომარეობაშია შენობები. ეს პროგრამის ახალი ფუნქციების წყალობით ხდება, რომლებიც Autodesk-ისა და Royal BAM-ის ინჟინრებმა ერთობლივად განავითარეს. Jackson Square Partners-ის ანალიტიკოსის, ბრაიან ტოლსის, თქმით, Autodesk-ი მის კონკურენტებთან შედარებით უფრო სწრაფად მიიწევს წინ და უფრო მეტ კლიენტთანაც აქვს წვდომა, ვიდრე პატარა კომპანიებს, რომლებმაც სამშენებლო ტექნოლოგიების სფეროში შესაძლებლობები დაინახეს. “სწორედ მათი ბაზარია ასათვისებელი”, – ამბობს ტოლსი.

ანაგნოსტის ხედვას ყველა როდი იზიარებს და მშენებლობის სფეროზე გადართვასაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ Autodesk-ი ისევ მოგებიანი გახდება. “გამოწერაზე დაფუძნებული გაყიდვების მოდელი, ჩემი აზრით, თავისთავად ზრდის მასტიმულირებელი არაა, – ამბობს სტივენ ბერსეი, Mitsubishi UFJ Securities USA-ის ანალიტიკოსი. – კვლავ საჭიროა პროდუქტის სერიოზული ინოვაცია; მე იმგვარი ახალი პროდუქტები უნდა ვნახო, რომლებიც ინტერესსა და ყურადღებას აღძრავენ”.

მაგრამ ანაგნოსტი ირწმუნება, რომ Autodesk-ი შორს არის ინოვაციებზე უარის თქმისგან და რომ, ფოკუსის დავიწროებით, მან კომპანია ისევ დიდ კითხვებზე საფიქრალად მომართა. “ჩვენ ინოვაციების ძრავა ვიყავით, რომელიც მომხმარებელზე ბევრად უფრო სწრაფი სიჩქარით მოძრაობდა”, – ამბობს ანაგნოსტი. იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ისეთ ახალ პროდუქტებზე, როგორიცაა BIM 360 Project IQ – სამშენებლო პაკეტისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი, რომელზეც Autodesk-ი ბოლო რამდენიმე წელია, მუშაობს. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ათი წლის განმავლობაში დაგროვილ მომხმარებელთა მონაცემებსა და მომხმარებელთა 39 მილიონ აღრიცხულ პრობლემას (მაგალითად, წყლით გამოწვეულ დაზიანებას) იყენებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვროს, სამშენებლო ტერიტორიაზე რომელი პრობლემები საჭიროებს გადაუდებელ ყურადღებას.

“მინდა, Autodesk-ი ის კომპანია იყოს, რომელიც მშენებლობას უფრო ინდუსტრიულს გახდის”, – ამბობს ანაგნოსტი და თავის ფუტურისტულ საკითხებზე სალაპარაკოდაც იცლის: ბეტონის საძირკვლის 3-D ბეჭდვა; ურბანული დაგეგმარება თვითმავალი მანქანების სამყაროში; მიკროქარხნების შექმნა Etsy-ის ხელოსნებისთვის. მისი თქმით, ეს არაა სამეცნიერო ფანტასტიკა; მომდევნო ათწლეულში ამ ყველაფერს ჩვენი თვალით ვნახავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *