ვინ არის ექვსი უდიდესი ამჟამად ცოცხალი ხელოვანი? ამ პროვოკაციული, შესაძლოა პასუხგაუცემელი კითხვის დასმა მაინც ღირს, რადგან ასეთი კითხვა გამოავლენს იმ კულტურულ ასპარეზს, სადაც ფული და სახელი ხშირად უდიდეს ცდუნებად გვევლინება. წამყვან მხატვრებს, მეცნიერებსა და მუზეუმების წარმომადგენლებს შორის Forbes-ის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიმოხილვით, Mark Stevens-ი ქმნის ხელოვნების სამყაროს დღევანდელ პორტრეტს და ახდენს იმ ღირებულებების იდენტიფიკაციას, რომლითაც ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.
არის თუ არა ხელოვნება უოლ-სტრიტის ცნობილი გარეუბანი? თქვენ შეიძლება ასეც იფიქროთ, თუ მოუსმენთ მხატვრებს შორის გამართულ საუბარს ფულსა და კარიერაზე. რუსი ოლიგარქების მიერ გულუხვად გაცემული მილიონები, პირადი სტილის “ბრენდად” გასაღება, ბაზრის გლობალიზაცია – ყოფილხართ დუბაიში? – მუზეუმის მესვეურები უერთდებიან კომერციულ გალერეებს დიდი ფულის სანაცვლოდ, იხსნება ხელოვნების ბაზრები, სულ ახლახან გაკეთებული აუქციონების ჩანაწერების კვლავ განახლება ხდება. ცხოვრება დუღს! ოჰ, ეს ფერადი ნაპერწკლებით სავსე ჰაერი! დიდების სურნელი ტრიალებს. მსოფლიო, გაბრწყინებული სახით, ნების სიმტკიცეს მოითხოვს, მაგრამ თითქოს კიდევ რაღაც სჭირდება. პორტრეტი.
ამ სულისკვეთებით Forbes-მა კენჭისყრა ჩაატარა, ან შეიძლება ამას აბრეშუმის კენჭისყრა უნდა ვუწოდოთ? ვინ არის ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ხელოვანი მსოფლიოში? – ეს კითხვა ხელოვნების სამყაროს 100 სახელგანთქმულ წარმომადგენელს დაუსვეს – ძირითადად მხატვრებს, ხელოვნების პროფესორებსა და მუზეუმების მესვეურებს (მაგრამ არა დილერებს, რადგან მათ თავიანთი საკუთარი გამორჩეული მხატვრები უნდა იპოვონ). შემდეგ მწერალს მიმართეს თხოვნით, მიღებული შედეგების საფუძველზე სკეტჩი შეექმნა. გამოკითხვის განზრახვა არ იყო ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ხელოვანის საბოლოოდ განსაზღვრა. არავის არა აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ამ გამოკითხვის ამოცანა იყო თანამედროვე გემოვნების ხატოვნად აღბეჭდვა და თანამედროვეობის ბრწყინვალების ასახვა (მოკლედ, უფრო ვან დეიკი, ვიდრე რემბრანდტი). და როგორც ყოველთვის ხდება პორტრეტების შემთხვევაში, შემდეგი კითხვის დასმა: ჩაცმულობა მართლაც მნიშვნელოვანია? რა ძევს ფულიანი თვალების უკან?
მოგვაწოდეთ თქვენი კონვერტები, გთხოვთ….
გერმანელი მხატვარი, Gerhard Richter-ი არის დღევანდელი დღის ცოცხალი შემოქმედი, რომელიც ყველაზე მეტ აღტაცებას იმსახურებს – მან 24 ხმა მიიღო. Jasper Johns-ი მეორეა 20 ხმით, მას მოჰყვება Richard Serra – 19 ხმით. პირველ ექვსეულში ასევე შედიან Bruce Nauman-ი (17), Cindy Sherman-ი (12), და Ellsworth Kelly (10). John Baldessari-მ, Jeff Koons-მა, William Kentridge-მა, და Ai Weiwei-მ თითოეულმა ხუთ-ხუთი ხმა მიიღო. David Hammons-მა, Brice Marden-მა, Ed Ruscha-მ, James Turrell-მა და Kara Walker-მა კი ოთხ-ოთხი ხმა მიიღეს.
კენჭისყრის სხვა ჯგუფში ჩატარების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვა ხელოვანების შერჩევა მოხდებოდა (ამომრჩევლების სია, რომელიც Forbes-ის რედაქტორებმა შეარჩიეს, უფრო დიდი ასაკის, ამერიკელი და წამყვანი პირებისკენ იხრებოდა). სულ ას ადამიანს სთხოვეს ხმის მიცემა, საბოლოოდ კენჭისყრაში ნახევარზე მეტმა, 54-მა მიიღო მონაწილეობა. ეს აქტიურობა ჩემს მოლოდინს აჭარბებს. ბუნებრივია, არ გაგაჩნდეს სურვილი “შეაფასო” მხატვარი; Mark di Suvero-მ ასეუპასუხა თხოვნას: “მე არ მწამს მხატვრების რანჟირებისა. ხელოვნება მთელ ცხოვრებას გასდევს”. ისიც ბუნებრივი იქნება, რომ წარბები ასწიო გაკვირვებისგან, როცა შეხედავ მცირე რაოდენობის ხმების პატრონებს (Jasper Johns-მა ელეგანტურად თქვა უარი რედაქტორის მოწვევაზე მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში სიტყვით “სამწუხაროდ”). მაგრამ სიების შედგენაც შეიძლება სასარგებლო თამაში აღმოჩნდეს – ვიღაცას აიძულებ, რთული გადაწყვეტილება მიიღოს და გაარჩიოს ბუნდოვანი ღირებულებები. მოხიბლული ვარ იმ პირებით, რომლებმაც მამაცად მიიღეს მოწვევა. ამასთან ერთად, ისინი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ -შეიძინონ ექვსი მეგობარი ახლა და ათასობით სამუდამო მტერი.
რა პორტრეტი იქმნება? არ არსებობს ერთგვაროვანი შეხედულება ხელოვნებაზე, ან საერთო თვალსაზრისი იმ მხატვრების შესახებ, რომლებიც სიის თავში აღმოჩნდნენ, თითოეული მათგანი მრავალი სხვადასხვა ფორმით შეიძლება იქნას განხილული. არსებობს ძლიერი და გაზიარებული მთავარი საზრუნავი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე თუ ვიტყვით – “მე”. პერიოდში, როდესაც მთავარი სულიერი დაავადება არის ნარცისიზმი, ის მხატვრები, რომლებიც ჩვენს ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იმსახურებენ, ნამდვილად თამაშობენ იმით, რაც შეიძლება ვიცოდეთ იმის შესახებ, ვინ ვართ ჩვენ. მე, ჩემი თავი, მე – თანამედროვე სამეული – იშვიათად ყოფილა ასეთი განსაზღვრული ან უდავო.
სიის თავში მოხვედრილი სახელებიდან პირველად ცნობისმოყვარეობა Serra-სა და Sherman-თან დაკავშირებით აღმეძრა. გასაკვირი არ არის, რომ Serra-მ კარგი შედეგი მიიღო. ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოქანდაკეა, მაგრამ მასში შემძრა იმან, რომ გარკვეულად განსხვავდება დანარჩენებისაგან. დეკლარაციული ტიპის ხელოვანი დომინირებადი და მტკიცე თვალთახედვით. Serra იყო ერთ-ერთი მხოლოდ ორ მოპასუხეს შორის, ვინც თავის თავს მისცა ხმა (მეორე მათგანია ნიუ-იორკში მოღვაწე ჯგუფი, რომელიც ცნობილია Bruce High Quality Foundation-ს სახელით). იმედგაცრუებას ვიგრძნობდი, Serra-ს რომ საკუთარი თავისთვის არ მიეცა ხმა. ის შეიძლება იყოს დახვეწილი, მაგრამ არა ფრთხილი და მისი მონუმენტური მასშტაბები, მამაკაცური შესრულება, საშიშსა და დახვეწილს შორის სივრცის დაჭერა მაგონებს სხვა, დღევანდელზე ნაკლებად ირონიულ, დღეს. კაცი, რომელმაც შექმნა Tilted Arc-ი (გადახრილი რკალი) და Snake-ი (გველი), მაგონებს Jackson Pollock-ს და 50‑იან წლებში Cedar Bar-თან მდგომ ბიჭებს. Serra-მდე წარმომიდგენია Andy Warhol-ი თავისი “Wowww-თი,” და Roy Lichtenstein-ი, რომელიც Pow-ს ხატავს!
ერთი შეხედვით, Serra შეიძლება ჰგავდეს პოსტერის ბიჭს ჩვენი სოლიფსისტური დღევანდელობისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ხელოვნება სხვა ასპექტზე მიუთითებს: ის გაჟღენთილია ადამიანობის მასშტაბების სავსე და შემაწუხებელი ანარეკლით. მისი მკვეთრკონტურებიანი სიმძიმე, ფაქტობრივად, დრამატულად თავისუფალი და ჰაეროვანი თანამედროვე კულტურის საპირისპირო თვალთახედვას გვთავაზობს. Serras-ს ზოგიერთი ნამუშევარი ზედმეტად დაგვაფიქრებს და მუქარას შეიცავს, თითქოს ჟანგიანი მეტალის მასა შეიძლება შენ წინააღმდეგ გამოიწიოს; ზოგიერთი ნამუშევარი მაყურებელს ლაბირინთში აძვრენს. ისინი გამოკვეთილია იმ პატარა “მე”-ს გასაზომად, რომელიც საქმიანი მედიდურობით, გამაღიზიანებლად მიაბიჯებს პოსმოდერნისტულ სცენაზე. Forbes-ის სიაში არც ერთ სხვა ხელოვანს არ ახასიათებს ასეთი თავდაჯერებული პოზა. ამის ნაცვლად, მათი უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ილუზიურსა და გაფილტრულს, ცდილობს გამოსახოს რაღაც კონცეპტუალური, ირონიული და შორეული. მათ Serra-სთან აერთიანებთ “მე”-ს თანაბრად შემაწუხებელი და პროვოკაციული თვისებრიობა.
59 წლის Cindy Sherman-ი ყველაზე ახალგაზრდაა პირველ ექვსეულში და ერთადერთი ქალია (ამაზე ცოტა მოგვიანებით). თუ Serra-ში ყველაფერი “ბიჭურია”, Sherman-ის შემთხვევაში ყველაფერში გოგო იკვეთება. მაგრამ Serra-ს მსგავსად ის ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც უზარმაზარ და მძიმე ზეწოლას ახდენს ჩვენს ინდივიდუალურ “მე”-ს შეგრძნებაზე. ის ყოველთვის თამაშობს ჩაცმულობით, მაგრამ არა ძველმოდურით. მისი ხელოვნების მთავარი თემის წარმომჩენი სწორედ ჩაცმულობაა. Sherman-ი გამოხატავს საზოგადოებას, რომელსაც ინდივიდის დანახვა მხოლოდ სწრაფად აღრევადი სტერეოტიპების, სპექტაკლისა და ნიღბის ჭრილში შეუძლია. მორთულობა ხაზგასმულია – ეგზისტენციალურად – როდესაც Sherman-ი საკუთარ თავს იყენებს, როგორც მოდელს ან თოჯინას. მის ადრეულ ნამუშევარში, Untitled Film Stills-ში, იგი მხოლოდ მსახიობის ან ცნობილი ადამიანის კოპირებას კი არ ახდენდა, როგორც ამას გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდები აკეთებენ; იგი თითქოს მათ სულსაც იჭერდა (ის გაუგებდა აფრიკული ტომის ხალხს, რომელთაც, იმის შიშით, რომ მათ სულებს მოიპარავდნენ, არ სურდათ ფოტოს გადაღება). თავის უფრო გვიანდელ ნამუშევრებში ის აჩვენებს მეტ განსვლას – და დამახინჯებას – ნიღაბსა და მოდელს შორის.
ორივე, Gerhard Richter-ი და Jasper Johns-ი, ზედმიწევნით პიროვნული მხატვრები არიან, ამასთან იმდენად დიდია განსვლა საკუთარ მეობასთან, რომ თქვენ შეძლებთ მხოლოდ დაინახოთ, როგორ კარგავენ ისინი მეობას. Richter-ი არის ქამელეონი, Sherman-ისმსგავსად იგი როლს თამაშობს, შეუძლია ხელი მიჰყოს ხატვის ნებისმიერ სტილს და გამოხატოს ამ სტილის ძირითადი არსი. ის შეიძლება იყოს მშვიდი რეალისტი, თუ ასე სურს, ან ფეთქებადი აბსტრაქტული ექსპრესიონისტი. ის შეიძლება მოგვევლინოს საჯარო მხატვრად, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური განზრახვა ან ინტიმისტად, რომელსაც ძალიან აინტერესებს პირადი დეტალები. მრავალ განსხვავებულ თვისებას შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ Richter-ი თავის ნამუშევარს მთლიანობაში აღიქვამს, ის არ თამაშობს რაიმე მარტივ კონცეპტუალურ თამაშს სხვადასხვა სტილში მუშაობისას. იგი არ უარყოფს არც ერთ მის მიდგომას იმის განცხადებით, რომ ახლა დაკავებულია პაროდიით, ან პოპურით, ან მორთულობებით, ან ბრაგადოციოთი (braggadocio). იგი შეიცავს წინააღმდეგობებს, თითქოს ერთ ბადეს არ შეუძლია მთლიანი ჭეშმარიტების დაჭერა. Richter-ის ხელოვნება ისე ფართოა, რომ რთულია მისი ცენტრის ლოკალიზება, ან, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, არაა აუცილებელი, რომ არსებობდეს.
Johns-ი არ არის ნაკლებად გამორჩეული და შეუცნობადი. მისი მხატვრული ნიჭი ჩვეულებრივ კომენტარსა და აღტაცებას იმსახურებს. მისი ფუნჯი უჩვეულოდ პირადულია; ფუნჯით ნამუშევარი მიუთითებს, რომ ის აქვეა, თქვენთან ერთადაა. მისი ხატვის მანერა
ხშირად აღიწერება, როგორც ყველაზე ადრეული და ყველაზე არსებითი შეგრძნება, ჩვენი პირველი კავშირი სამყაროსთან. Johns-ის ხელი აცოცხლებს, მაგრამ არ ფლობს ყველაფერ იმას, რასაც ეხება. იგი არასდროს ახშობს აზრს, ან ფიქრს. სიტყვა არ არის მხოლოდ სიტყვა; ალამი არ არის მხოლოდ ალამი; რუკა არ არის მხოლოდ რუკა. თქვენ არ ხართ მხოლოდ თქვენ და მე არ ვარ მარტო მე. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, Johns-ის ამერიკულმა დროშებმა კითხვის ქვეშ დააყენა ვარსკვლავებისა და ხაზების უდავოობა. მისი შემდგომი ნამუშევარი, რომელიც გაჟღენთილი იყო პირადი სიმბოლოებითა და იკონოგრაფიით, კითხვის ქვეშ აყენებდა თავად მას. დროთა განმავლობაში, იმ კულტურის პირობებში, რომელსაც გუშინდელი დღეც კი არ ახსოვს ცხადად, 83 წლის Johns-ი გახდა გადახედვის ოსტატი. იგი სიამოვნებას იღებს მეხსიერებასთან შეხებით, მაგრამ ისიც იცის, რომ იგი იცვლება გახსენების მომენტშიც კი.
Johns-ი საკუთარი თავისგან გამოცანას ქმნის. ამ სიაში მოხვედრილი სხვა ხელოვანებიც ასე იქცევიან. John Baldessari, რომელსაც ხანდახან კონცეპტუალურ ხელოვანს უწოდებენ, ხელოვანი თავსატეხია. იგი ფილოსოფოსი ჯოკერია, დაჯილდოებული ნატიფი ცინიზმით. ჯოკერივით, განცხადებების, მედიუმებისა და ჟანრების კარტებით თამაშობს. იყენებს რა ამ ყველაფერს, მერე მარტო გტოვებთ – გტოვებთ რასთან ერთად? – გტოვებთ ღიად დარჩენილი კითხვების პირისპირ (რა არის ნახატი – არის Baldessari-ის ნახატი). Johns-სა და Baldessari-ის მსგავსად, Bruce Nauman-ს, რომელსაც განსაკუთრებით კარგი კენჭისყრის შედეგები ჰქონდა, ასევე უყვარს კლიშეების ნგრევა და დალაგებული თავისთავადობის არევა. ბევრი ადამიანისთვის Nauman-ი, ჩემი აზრით, განასახიერებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნების პრაქტიკა იდეალურ შემთხვევაში, დღევანდელ სამყაროში. იგი არ არის არც ერთი მიმართულების მიმდევარი, მაგრამ ახდენს მეთოდების ადაპტაციას თავის მნიშვნელობებთან, იოლად, მონაცვლეობით იყენებს სცენას, ვიდეოსა და მონტაჟს. ხანდახან მის ნამუშევრებში ვპოულობთ ამერიკულ უემოციურობას – მაგალითად, ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა Neon Run from Fear, Fun from Rear – სადაც ბრწყინვალება, ძილქუში და პრეტენზიულობა გვერდზე არის გადადებული. მის ახალ ნამუშევრებში იგი ინტუიციური ძალით ხაზს უსვამს ფრაგმენტულობასა და ნაწილობრიობას, თითქოსდა ნაწილებად ვართ დახლეჩილი და მიმოფანტულნი ლანდშაფტზე.
ზოგი მხატვარი იყენებს უზარმაზარ ისტორიულ ზემოქმედებას ინდივიდუალურ “მე”-ზე. ისტორიული მეხსიერება აქ უფრო მუქარის შემცველი და აბსტრაქტული ხდება, ვიდრე Johns-ის პერსონალური ფანტაზია; წარსულის ტვირთი გვემუქრება და იწვევს კაპიტალური “მე”-ს განადგურებასა და დახრჩობას. მოცეკვავე სილუეტებს, რომელთაც აფრიკელ-ამერიკელი მხატვარი Kara Walker-ი იყენებს, გააჩნიათ არა მხოლოდ ისტორიული ელფერი, არამედ ხატოვნად წარმოადგენენ დათრგუნვილი ადამიანების გათანაბრებულ, ნაწილობრივ და დანაწევრებულ მგრძნობელობებს. სამხრეთაფრიკელი მხატვრის William Kentridge-ის ნახშირით შესრულებულ ნამუშევრებში უხეშად გამოკვეთილი ფიგურები თითქოს უხილავი ისტორიული ხელების წნეხის ქვეშაა და გადაგრეხილია, ამასთან დანაშაულითაა გასვრილი. ჩინელი დისიდენტი, Ai Weiwei და აფრიკელ-ამერიკელი მხატვარი David Hammons-ი გადატყორცნიან საკუთარ თავს – ხშირად სცენაზე – საკუთარ კულტურაში თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ინდივიდს შეუძლია და უნდა შეეწინააღმდეგოს ისეთ სტერეოტიპებს, როგორიცაა რასიზმისა და კომუნისტური კონფორმულობის სტერეოტიპები. Hammons-ი და Weiwei ასევე უტევენ ხელოვნების ბრწყინვალე სამყაროს და სამომხმარებლო კულტურას, ინვიდუალობის ჩახშობისა და სტერეორიპების თავს მოხვევის გამო.
პირველ 15-ეულში არის რამდენიმე მხატვარი, რომელთაც ზედაპირული შეხედვით შეიძლება არ ჰქონდეთ, ან ჰქონდეთ მცირედით ნარცისიზმისა და მშფოთვარე “მე”-ს ინტერესი. მიუხედავად ამისა, დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სურვილი არის სოლიფსისტიკური ციხიდან გაქცევა – მაგალითად, მედიტაციის საშუალებით. გაქცევის სურვილი არ გულისხმობს მე-მე-მე-ს ნაკლებობას. T. S. Eliot-ი აქ პირველი იყო მისი განთქმული დაკვირვებით: “პოეზია არ არის ემოციის გამოთავისუფლება; პოეზია არ არის პიროვნების გამოხატვა – ეს არის პიროვნულობისგან გაქცევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ, ვისაც გააჩნია პიროვნულობა და ემოციები, იციან, რას ნიშნავს ამ მდგომარეობიდან გაქცევის სურვილი”. Ellsworth Kelly-ის აბსტრაქტული ნახატები სწორედ ასეთ გაქცევას გვთავაზობენ, იმავეს გვთავაზობს James Turrell-ის მედიტაცია სინათლეზე. Brice Marden-ი არასდროს დაეყრდნობა სიჩუმეს. მე განვაცხადებდი, რომ სიამოვნების დიდი ნაწილი, რასაც Ed Ruscha-სგან ვიღებთ, მომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ახდენს იგი პოპ-ამერიკის დაცარიელებას, მოიტოვებს რა უკან რაღაც უმანკოს. საზოგადოების პორტრეტში, ვინ ან რა დარჩა სიის გარეთ, – ან გამოტოვებულ იქნა – ცენტრალურ მაგიდასთან დარჩენილებთან შედარებით არანაკლებს გვეუბნება.
ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო ის, თუ რამდენად ცოტა ქალმა მიიღო ხმა. Jeez Louise-ი! ფაქტობრივად, ორი დიდებული Louis-ი (Bourgeois and Nevelson), ცოცხალები რომ ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, მიიღებდნენ ხმებს; იგივე შეიძლება ითქვას Joan Mitchell-ზეც. როგორც ჩანს, ქალმა მხატვრებმა ხმების 25 პროცენტზე ნაკლები მიიღეს; მხოლოდ ორი ქალი მოხვდა პირველ 15 მხატვარში. ამ შედეგს ვიღებთ ომის შემდგომ, ნიუ-იორკში ქალების მოძრაობის დაწყებიდან 50 წლის შემდეგ, ნიუ-იორკში, რომელიც მიჩნეული იყო მხატვრული სამყაროს დედაქალაქად. შესაძლოა, არ უნდა მიკვირდეს. გასულ გაზაფხულს, Robert Miller-ის გალერეამ მოაწყო ძველმოდურ თემაზე “გენდერული პოლიტიკა ხელოვნებაში” (Gender Politics in the Arts) პანელი/განხილვა. პანელის დროს Laurie Simmons-მა, პანელისტმა და ნიუ-იორკის ხელოვნების სამყაროს ვეტერანმა, უეცრად შეცვალა განხილვის საგანი. “გენდერი? დღეს მხატვრები ფულის გარდა არაფერზე არ საუბრობენ”, – განაცხადა მან.
ამავე დროს, ზოგიერთმა დიდმა სახელმა და ყველგან მყოფმა პოსტმოდერნისტებმა, რომლებიც ყოველთვის ჩანან თანამედროვე ხელოვნების შესახებ დისკუსიებში, ცუდი შედეგები მიიღეს; ალბათ ზედმეტმა სიყვარულმა და სიძულვილმა საბოლოოდ ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა. Damien Hirst-მა, რომელიც თავისი პლატინისა და ბრილიანტის ქალათი მიისწრაფოდა ჩვენი ეპოქის სიმბოლოს შექმნისაკენ, მხოლოდ სამი ხმა მიიღო. მკვდარი ხორცი? კიჩის ოსტატმა Jeff Koons-მა მიიღო საპატიო – საპატიო შეურაცხყოფად შეიძლება იქნას აღქმული – ხუთი ხმა. Richard Prince‑მა – ერთი ქულა.
მამების მხატვრობამ თავისი ასაკი აჩვენა. დღეს მხატვრობა ხშირად არ არის ის, რასაც ჩვენ მის შესახებ ვფიქრობთ, არამედ ეს არის კონცეპტუალური ხელოვნების კიდევ ერთი ფორმა. ხელოვნების ბევრი კრიტიკოსი უკვე აღარ ახდენს კონცენტრაციას ამ მიმართულებაზე, თუმცა შესაძლოა, მან კიდევ თქვას თავისი სიტყვა, თუ სწორად იქნება პოზიციონირებული (ან კარგად დაკიდებული) ბაზარზე. მართალია, რომ Richter-ი, Johns-ი და Kelly პირველ ექვსეულში მოხვდნენ, არც Brice Marden-ი ჩამორჩა მათ დიდად, მაგრამ თქვენ გრძნობთ ასაკს და – ბოდიში ამისთვის. სიებზე საუბრისას, სპორტის ანალოგიის მოყვანაა საჭირო, – მაგრამ არ გვაქვს საკმარისი სიღრმე. Richter-ის შემდეგ, სხვა განხილვის ცენტრში მყოფმა ისეთმა გერმანელმა მხატვრებმა, როგორებიც არიან Anselm Kiefer-ი (3), A. R. Penck-ი (0), და Neo Rauch (1), კარგი შედეგები ვერ მიიღეს. Robert Ryman-ი კი საერთოდ გამორჩათ. შეიძლება გამოტოვო ისეთი ნიჭიერი აბსტრაქციონისტი მხატვარი, როგორიც Ryman-ია? თქვენ ალბათ წარმოგიდგენიათ უფრო ტრადიციული მხატვრების მდგომარეობა, მათ შორის, ვინც სერიოზულად ასოციირდება ტრადიციულ მხატვრობასთან, Antonio López García-მ ორი ხმა მიიღო, David Hockney-მ კი – სამი. ალბათ ახლა ნახატი გვერდზე იწევს და პოეზიამ უნდა შეავსოს ხელოვნების ბაღი.
Frank Stella-მ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, ეს გასაოცარი უნდა იყოს იმისთვის, ვისაც გააჩნია ინსტიტუციონალური მეხსიერება. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, Stella წამყვანი მხატვარი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. იგი ცნობილი იყო როგორც Pollock-ისა და Barnett Newman-ის მირონცხებული – მოდერნისტული მხატვრობის დიდ, ხელოვნება-ისტორიის ნარკვევში – გამგრძელებელი. ზოგნი იტყვიან, რომ მისი რეპუტაციის კლება გამოწვეულია ახლო წარსულისნამუშევრების სისუსტით, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ამ აზრს (ბევრი გამოხატავდა ასევე უკმაყოფილებას Johns-ის უკანასკნელ ნამუშევრებთან დაკავშირებით, მაგრამ მან კენჭისყრაში ძალიან კარგი შედეგი მიიღო). Stella არის მოდერნისტული თვალსაზრისის მხატვარი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს მიმართულება სტილის პროგრესის შედეგია. მას რომ იმ ხელოვნების შექმნა გაეგრძელებინა, რომელიც ახასიათებდა მეოცე საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში, შეიძლება ახლა მისი აღქმა ყოფილიყო Donald Judd-ის, როგორც ერთ- ერთი ბოლო დიდი მოდერნისტის, აღქმის მსგავსი. მე აღფრთოვანებული ვარ Stella-თი იმის გამო, რომ მან გააგრძელა სვლა და არ გაჩერდა.
ის, რაც დღეს Stella-ს დაემართა, – მოხდა მისი ამოჭრა დღევანდელი პორტრეტიდან – იმაზე მიუთითებს, რომ უნდა გვახსოვდეს, გემოვნების მოდა იცვლება, განსაკუთრებით ეხება ეს დღევანდელის მსგავს პერიოდებს, რომელთაც არ გააჩნია ძლიერი მრწამსი იმისა, თუ რა საზომით შეიძლება ხელოვნების საუკეთესოდ გაზომვა (წარმოვიდგინოთ Richter-ის მონაწილეობა მსგავს კენჭისყრაში 30 წლის შემდეგ. წარმოუდგენელია? Stella-ს პოზიცია 1975 წელს ისევე ძლიერი იყო, როგორც Richter-ის პოზიცია დღეს). სხვა მაგალითი: ზოგიერთმა მეოცე საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების წამყვანმა მხატვარმა ასევე ცუდი შედეგები მიიღო. იყო დრო, როდესაც თქვენ ვერ ასცდებოდით ისეთ სახელებს, როგორიცაა Julian Schnabel (0), David Salle (1), და Francesco Clemente (0), მაგრამ გემოვნება თუ ცვალებადია, მაშინ აზრს მოკლებული არაა მოვემზადოთ ხელახალი შეფასებისათვის. შესაძლოა, 2015 წელს Stella ისევ აღმოჩნდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ვარსკვლავი.
გარდა მხატვრობისა, სხვა ჟანრებმა ასევე იმაზე ნაკლები ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ფოტოგრაფიაში სპეციალიზდებიან, სთხოვეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძლიერი ენთუზიაზმის არარსებობა ფოტოგრაფიის მიმართ აღსანიშნავია. (არის თუ არა ფოტოგრაფია ქალი?) შვეიცარიელმა Robert Frank-მა, რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია ომისშემდგომი ამერიკის ასახვაზე, ერთი ხმაც კი ვერ მიიღო. ასევე ვერც ერთი ხმა ვერ დააგროვა მრავალმა ნიჭიერმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რომლებიც ასაკში მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში შევიდნენ. აღსანიშნავია კონტინენტური ევროპის ზოგიერთი წარმომადგენელი ფოტოგრაფი, მაგალითად, Andreas Gursky და Thomas Struth-ი. ისინი მარჯვედ ასახავენ პოსტმოდერნისტული ადგილების უცნაურად თბილ/ცივ, ცარიელ და სიურრეალისტურად განცალკევებულ ბუნებას. ამ ფოტოგრაფებმა სულ რამდენიმე ხმა მიიღეს. ინდიფერენტულობა სასცენო ხელოვნების მიმართ უფრო ადვილი ასახსნელია, რადგან ეს იდეალისტური ჟანრია და არ არის მარტივი მისი დანახვა ან აღქმა, მაგრამ მისი გაუჩინარებული სული, სხეულზე და როლის თამაშზე აქცენტით, ქმნის არაჩვეულებრივ პლატფორმას, საიდანაც შეიძლება ნარცისისტული კულტურის განხილვა და კრიტიკა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Nauman-ი, Hammons-ი და Weiwei არიან სოციალური სცენის ხელოვანები, მაგრამ, ჩემი თვალსაზრისით, Marina Abramovic-ს – სულ ახლახან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისმა წარმოდგენილმა რეტროსპექტივამ დიდ წარმატებას მიაღწია – სამზე მეტი ხმა უნდა მიეღო.
ეჭვს გარეშეა, ბევრი პატივცემული ხელოვანი, რომლებმაც ცოტა, ან არც ერთი ხმა არ მიიღეს, უკეთეს შედეგს აჩვენებდა, თუ კენჭისყრაში მონაწილეებს სთხოვდნენ არა ექვსი, არამედ ათი ხელოვანი დაესახელებინათ, მაგრამ ამგვარი ზღვრის დაწესება გარკვეული განზრახვით მოხდა, რამაც აიძულა ხმის მიმცემები, განესაზღვრათ ამ მომენტის პრიორიტეტები. ამ სიაში საკმაოდ სუსტად წარმოდგენილი ხელოვანები, რომელთა შემოქმედება ადვილად განსაზღვრებადია, – მაგალითად “მხატვარი,” ან “ფოტოგრაფი” – წარმოადგენს პორტრეტის განმსაზღვრელ მახასიათებელს (ეს ხელოვანები უკეთეს შედეგს მიაღწევდნენ უფრო დიდ ნაკრებში). რას უწოდებდით Nauman-ს, Sherman-ს, ან Hammons-ს? რას წარმოადგენს Weiwei? ან Kentridge? არიან თუ არა Baldessari და Ruscha მხოლოდ მხატვრები? კონცეპტუალური ხელოვნება არ მოიცავს ასეთ გაგებას. ფრაზა აზრს მოკლებულია. ის ფაქტი, რომ უპირატესობა ენიჭებათ ისეთ ხელოვანებს, რომლებიც არ არიან მჭიდროდ დაკავშირებული ერთ ან სხვა რომელიმე ჟანრთან, ან რომლებიც მოძრაობენ ჟანრებს შორის, აჩვენებს შეურიგებლობას საზღვრებისა და მასშტაბების მიმართ, შეიძლება იმის გამო, რომ ხაზებს შორის დარჩენა არ წარმოადგენს დღევანდელი სამყაროს საკმარის გამოძახილს. ტივტივებენ Richter-ი და Johns-ი, მიუხედავად იმისა, რომ არიან მხატვრები, შეუძლიათ “ტივტივი” თავიანთ შეგრძნებებში – შეუძლიათ შედარებით მშვიდი თანაარსებობა პოსტმოდერნისტულ “მე”-სთან, რაც შეესატყვისება მომენტს.
რამდენიმე ადამიანმა მიუთითა, რომ მათი სურვილი იქნებოდა იმ ხელოვანებისთვის ხმის მიცემა, რომლებიც ახალგაზრდები, ან ახლო წარსულში გარდაიცვალნენ, მაგრამ რომელთა ნამუშევრები რჩება ამ მომენტის არსებითი ნაწილი. ისინი მართლები არიან. მოჩვენებებია საჭირო საზოგადოების პორტრეტის დასასრულებლად. ორი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. Cy Twombly-ი, რომლის დონკიხოტური ხაზი თითქოს სულ გაგვირბის და Andy Warhol-ი, ჩვენი განსაკუთრებული სარკე.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgia-ის აპრილის ნომერში)