თოთხმეტი წლის შემდეგ ბენქსი პირველ გამოფენას გამართავს

თოთხმეტი წლის შემდეგ ბენქსი პირველ გამოფენას გამართავს

ქუჩის ცნობილი არტისტი ბენქსი, თოთხმეტი წლის შემდეგ პირველ სოლო-გამოფენას გამართავს. მხატვრის გამოფენა სახელწოდებით, „CUT & RUN“ გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა და ბენქსის 25-წლიან მოღვაწეობასა და ნაშრომების შესაქმნელად გამოყენებულ ტრაფარეტებს გააერთიანებს.

როგორც შოტლანდიურ გამოცემა Herald-თან ინგლისელმა ქუჩის მხატვარმა განაცხადა, მას ტრაფარეტები წლების განმავლობაში დამალული ჰქონდა, რადგან ისინი შესაძლოა მის წინააღმდეგ, ზიანის მიყენების ბრალდებით, მტკიცებულებად ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ხელოვნების ნიმუშების გალერეაში გამოფენის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისივე შეფასებით, ნამუშევრების დამალვა შესაძლოა უფრო დიდ დანაშაულადაც კი ჩაითვალოს.

ბენქსის განცხადებით, მან არჩევანი გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმზე, მუზეუმს გარეთ მდებარე ველინგტონის ჰერცოგის ქანდაკების გამო შეაჩერა – ცნობისთვის, ქანდაკებას თავზე სატრანსპორტო კონუსი აფარია. „ეს შესაძლოა აბსურდული და პრეტენზიული ჩანდეს, თუმცა პასუხის მისაღებად დანარჩენი გამოფენის ნახვა აუცილებელია“, – აღნიშნა მხატვარმა და დასძინა, რომ ეს ქანდაკება, გაერთიანებულ სამეფოში, მისი საყვარელი ხელოვნების ნიმუშია.

ბენქსის გამოფენა გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კვირას გაიხსნება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.