მსოფლიოში თევზის ყველაზე სასურველი ქვირითი რუსეთში არ იწარმოება. ბილ ჰოლსტი, ვისკონსინის ჯართის საწყობის მეპატრონე, ჩინეთში ამზადებს მათ.
მდინარე მისისიპის ვისკონსინის მხარეს, State Road 35-ის გასწვრივ ძველი ნავებით, მანქანებითა და მაცივრებით სავსე ნარჩენების საწყობია, სადაც ყოველდღიურად 20,000 გირვანქა ალუმინს ადნობენ. შესასვლელ კარზე მიჭედებული ხელით დაწერილი ნიშანი ყველა შემსვლელს ახსენებს: პერანგი ჩაიცვით. შიგნით 69 წლის, ლურჯ ჯინსში გამოწყობილი, სიმინდის მომყვანი ფერმერების მესამე თაობის წარმომადგენელი ბილი ჰოლსტი ზის, რომელმაც ლითონის ჯართის ეს ბიზნესი 12 წლის წინ დაიწყო. “მე ისეთ რაღაცებში ვხედავ ღირებულებას, რაც სხვებისთვის უვარგისია, – ამბობს ის. – მე რისკზე წამსვლელი უფრო ვარ”.
სწორედ რისკიანობით შეიძლება აიხსნას ჰოლსტის უფრო ეგზოტიკური ბიზნესებიდან ერთ-ერთის – Hangzhou Qiandaohu Xunlong Sci-Tech-ის, დიდ ფართობზე გადაჭიმული ზუთხის ფერმისა და ხიზილალის გადამმუშავებელი კომპანიის არსებობა. 7,000 მილის დაშორებით, აღმოსავლეთ ჩინეთში, ხელოვნურ ტბასთან გაშენებული Hangzhou ამჟამად მსოფლიოში ხიზილალის მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიაა: მსოფლიო ბაზრის 30%-ს აკონტროლებს და წელს მისი მოსალოდნელი შემოსავალი $35 მილიონია. ასეთ მასშტაბებს, დაბალ სამუშაო ხარჯებთან და მაღალ საცალო საფასურთან ერთად _ ერთმა უნციამ, შესაძლოა, $150-ს მიაღწიოს – კომპანიისთვის დაახლოებით 25% მოგების მარჟა მოაქვს. ჰოლსტი ერთობლივი საწარმოს 24%-ს ფლობს და ერთადერთი ყველაზე მსხვილი (და ერთადერთი ამერიკელი) ინვესტორია.
რაც ჰოლსტს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ხიზილალის ანტრეპრენიორად აქცევს ის არის, რომ ის Hangzhou-ს კონკურენტების მფლობელიცაა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჰოლსტი უნგრეთსა და გერმანიაში ხიზილალას ბრენდ Desietra-ს სახელით ყიდდა. გასულ წელს, შედარებით ზომიერი ფასების შედეგად, მისმა ევროპულმა ბიზნესებმა $8 მილიონი მოუტანა.
მაგრამ Hangzhou მისი საგანძურია. ორ ათწლეულში, მას შემდეგ, რაც რუსული და ირანული ველური ხიზილალის გაყიდვა აიკრძალა, მისი ფერმა ხიზილალის წარმოებისთვის მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი გახდა. ბაზარზე Kaluga Queen-ის სახელით ცნობილი ქვირითით, ამჟამად, ასობით საუკეთესო რესტორანში უმასპინძლდებიან. მათ შორისაა საფრანგეთში მიშლენის სამვარსკვლავიანი 28 დაწესებულებიდან 22 და Eleven Madison Park-ი ნიუ-იორკში. ცნობილმა შეფ-მზარეულმა ალენ დუკასმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მდებარე საკუთარი 30 რესტორანი ხიზილალით მას შემდეგ მოამარაგა, რაც სამი წლის წინ ფერმას ეწვია. ვლადიმირ პუტინმა ამ ხიზილალას გემო 2016 წლის G20 სამიტზე გაუსინჯა.
Hangzou ასევე ძირითადი მსხვილი მიმწოდებელია ისეთი მდიდრული ბრენდებისთვის, როგორიცაა Petrossian-ი და Caviar House-ი. და მზარეულ ტომას კელერის სავაჭრო ბრენდის, Regis Ova-ს კონსერვის ქილებიც კი ჰოლსტის ქვირითითაა გავსებული. “ჩინეთის ამ ფერმას საუკეთესო ხარისხის ხიზილალა აქვს, – ამბობს შეფ-მზარეული ერიკ რიპერტი, რომლის Le Bernardin-ის ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებელი $160 მენიუ ერთ უნცია ხიზილალას $150 დანამატად სთავაზობს მსურველს. “ის არ არის ძალიან მლაშე. არც მწარეა. თხილისნაირი არაა. თითქმის ისეთივე კარგია, როგორიც ველური ხიზილალა, როცა ის ბაზარზე იყიდებოდა. საუკეთესო ველურ ხიზილალას ვგულისხმობ, 20 წლის წინ რომ შეგეძლო, გეშოვა”. თავად ჰოლსტს ათასი რამ გადახდა თავს, რამაც ხიზილალის ინდუსტრიამდე მიიყვანა. 1968 წელს კოლეჯი მიატოვა და საიზოლაციო ქარხანაში ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა, სადაც საათში $2-ს უხდიდნენ. 22 წლის ასაკში რემოდელირების ბიზნესი დაიწყო. ამის შემდეგ, ქვიშისა და ხრეშის მოსაპოვებლად, 1970-იანი წლების ბოლოს, კარიერი შეიძინა. 1995 წლისთვის უკვე 11-ს ფლობდა. ერთ ასეთ ადგილას, ნაკადულებით წარმოქმნილ ტბაში თევზები გააშენა იმისთვის, რომ მის ორ შვილს ეთევზავა. ჰოლსტის მეგობარმა St. Paul-დან, რომლის ჰობიც ფარეხში ზუთხის გაზრდა იყო, მას კანადის მკვიდრი ტომი გააცნო, რომლებმაც თევზი მიჰყიდეს. ჰოლსტმა აღმოაჩინა, რომ თევზის საღად შენარჩუნება მარჯვედ შეეძლო. 1999 წელს მეგობარმა შეიტყო, რომ უნგრეთში ზუთხის ფერმა გაკოტრდა და მისი ყიდვა შეიძლებოდა.
ჰოლსტს მანამდე ხიზილალა არასდროს გაესინჯა და შეერთებული შტატების გარეთაც იშვიათად თუ გასულა, მაგრამ გაფრინდა ბუდაპეშტში და თან $10,000 ნაღდი ფულით სავსე კეისი წაიღო იმისთვის, რომ ოფიციალური პირები შეხვედრაზე დაეთანხმებინა, რათა კომპანია მისთვის მიეყიდათ. უნგრეთის მთავრობა $200,000-ზე დათანხმდა. ჰოლსტმა მთელი ეს თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა.
განახლება მაშინვე დაიწყო. (ჰოლსტს ფინანსები უხვ ნაკადად მისდიოდა მას შემდეგ, რაც ვისკონსინში სამთო-მოპოვებითი ბიზნესი გაყიდა. აქედან წინასწარ მიიღო $14 მილიონი, ხოლო 30 წლის განმავლობაში დანარჩენ $32 მილიონს ჰონორარის სახით მიიღებდა.) „[წინა მფლობელი] ფერმერი არ ყოფილა, – ამბობს ის. – ბიზნესში ხუთი პროცენტი იქით ან აქეთ გადაგიწყვეტს, გაკოტრდები თუ მოგება გექნება. ყველანაირ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციო”. ეს შეიძლება ისეთი დეტალური იყოს, როგორიც მდედრი ზუთხის გარკვეული გზით გამოკვებაა: თუ ის ოდნავ მაინც საჭიროზე მეტად გასუქდა, მისი საკვერცხეები კვერცხს ვეღარ გამოიმუშავებს. ვინაიდან ზუთხის ზრდასრულ ასაკამდე მიღწევას 4-დან 12 წლამდე სჭირდება, ერთმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება, წლების ნაშრომი წყალში ჩაყაროს. სანამ ჰოლსტი უნგრეთში ფერმის გამოცოცხლებით იყო დაკავებული, მან ხიზილალის გერმანული გაკოტრებული კომპანია იყიდა, რომელსაც Desietra დაარქვა. ოთხ წელიწადში კომპანიას უკვე მოგების მოტანა შეეძლო.
ჰოლსტს ჩინელი ინვესტორების ჯგუფი დაუკავშირდა, რათა მას ჩინეთში ხიზილალის პირველი კომპანია გაეხსნა. მათ ზუთხის მცირე ფერმა უკვე ჰქონდათ, საიდანაც თევზს ხორცად ყიდდნენ, მაგრამ ხიზილალის წარმოების დასაწყებად ფინანსები და მეტი კომპეტენცია სჭირდებოდათ. 2004 წელს ჰოლსტმა დაახლოებით $2 მილიონი დააბანდა 49%-იანი წილის სანაცვლოდ. (რამდენიმე წელიწადში ნახევარი გაყიდა, ვინაიდან კომპანიას საჯაროობა სურდა ჩინეთში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საკუთრების ფლობა შეზღუდულია.) „მე ის ვარ, რასაც თქვენ იმპულსურ მყიდველს დაარქმევდით, – ამბობს ის.- რაღაცას შევხედავ და ათი წელი მისი შემოწმება აღარ მჭირდება. თუ ხელსაყრელი გარიგებაა, იმავე წამს ვთანხმდები, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ ის აღარ იყოს”.
ჩინეთიდან პირველი კონსერვის ქილა 2006 წელს გამოიგზავნა. მას შემდეგ რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. „ჩვენ საკმარისი ინვენტარის მოგროვება დავიწყეთ, რაც მანამდე არ გვქონდა, იმისთვის, რომ თევზს პირველი ოვულაციისთვის მიეღწია, – ამბობს ჰოლსტი.- მეორეს თუ დაელოდები, 3%-ით ან 4%-ით მეტ ხიზილალას მიიღებ. შენი მოგება 30%-მდე ან 40%-მდე გაიზრდება. აი, ასე”. 2016 წლისთვის Hangzhou მსოფლიოში ხიზილალის უმსხვილეს კომპანიად ჩამოყალიბდა, ხოლო მომდევნო კომპანია მისი მეოთხედი მოცულობისა იყო. გასულ წელს წარმოება 40%-ით გაიზარდა. წელს უკვე 30%-ითაა გაზრდილი.
და სანამ Hangzhou-ს განცალკევებით ყოფნა სურს, ჰოლსტი მისი ახალი კომპანიების შექმნაზეა ფოკუსირებული. ის ჩინეთში ინტერესების შემცირებას და მის ევროპულ ბიზნესებში მეტი ფულის დაბანდებას გეგმავს. ის უნგრეთში, იტალიასა და საბერძნეთში არსებულ ახალ ფერმებს აკვირდება. ასეთი ნაბიჯი ჰოლსტს ევროპაში ხიზილალის ყველაზე დიდ მწარმოებლად აქცევს. „იქ რომ წავედი და ხიზილალის ეს ბიზნესი დავიწყე, ხალხი ფიქრობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე სულელი ადამიანი ვიყავი”, – ამბობს ის და ამატებს, რომ რასაც აწარმოებს, იმას დიდად არ ჭამს. მის სახლში კონსერვის ერთი ქილაც კი არ არის. ხუთსაძინებლიანი, მოკრძალებული სახლი სიმინდის ნათესებთან ახლოსაა შეყუჟული, სადაც ის თავის მეგობარ ქალთან, ნენსისთან ერთად ცხოვრობს. – ჩვენ მარტივი რაღაცები მოგვწონს”.