ფოტო: cnbc.com
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს აქციების ფასი ხუთშაბათს 26%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ფირმის კიბოს ვაქცინის კვლევის შედეგების შესაძლო გაჟონვაზე ინფორმაცია გავრცელდა. აქციების ფასის ვარდნამ კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის $20 მილიარდით შეამცირა.
კომპანიის ექსპერიმენტული კიბოს ვაქცინის მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შედეგების ვადაზე ადრე გასაჯაროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საინვესტიციო ბანკ Citigroup-ის მიერ Moderna-ს აქციების შეფასების დაწევა მოჰყვა. Citigroup-ის განმარტებით, ვაქცინის საწყისი დადებითი შედეგების ფონზე კომპანიის საბაზრო ღირებულება არასამართლიანად გაიზარდა.
ამ მოვლენების გავლენით ხუთშაბათს Moderna-ს აქციების ფასი 26%-ით, $181.14-მდე დაეცა. ხოლო ვაქცინის შემუშავებაში Moderna-ს პარტნიორი კომპანია Merck-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 2%-ით გაუფასურდა.
Moderna-ს აქციების ფასების ვარდნამდე სხვადასხვა დასავლური გამოცემის, მათ შორის The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული კომპანიის კიბოს სამკურნალო ვაქცინის მესამე ფაზის კვლევის პირველადი შედეგები სამედიცინო სიახლეების ვებგვერდზე, Oncology Central-ზე, შესაძლოა დროებით გამოქვეყნებულიყო, მოგვიანებით კი წაიშალა. თუმცა შედეგების ოფიციალური პრეზენტაციის თარიღად შაბათი იყო დანიშნული.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ცნობებით კვლევის შედეგები დადებითი იყო, ინვესტორებმა იმის შეფასება დაიწყეს, ამართლებდა თუ არა ეს შედეგი მანამდე კომპანიის აქციების ფასების ზრდას.
ცნობისთვის, Moderna-ს აქციების ფასმა მკვეთრი ზრდა აგვისტოში დაიწყო, როდესაც კომპანიამ კიბოს პერსონალიზებული ვაქცინის მესამე ფაზის კლინიკური კვლევის დადებითი შედეგები გამოაცხადა. 18 აგვისტოდან ოთხშაბათამდე Moderna-ს აქციების ფასი დაახლოებით 290%-ით გაიზარდა.
Intismeran-ის ვაქცინა მაღალი რისკის მქონე მელანომის სამკურნალოდ მუშავდება. Moderna-ს განცხადებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება როგორც კიბოს განმეორების, ისე სხვა ორგანოებში, მათ შორის ფილტვებში, ღვიძლსა და ტვინში, გავრცელების რისკი.








