კლიმატოლოგების პროგნოზით, 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება

კლიმატოლოგების პროგნოზით, 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება

გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის წარმომადგენლების პროგნოზით, 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება. ბრიტანელი კლიმატოლოგების განმარტებით, საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიული პერიოდის მაჩვენებელს 1.09℃-ით გადააჭარბებს. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელი მიმდინარესთან შედარებით გრილი იქნება.

Met Office-ის წარმომადგენლების თქმით, სათბური აირების მზარდი ემისიის პარალელურად დედამიწაზე გლობალური დათბობის ტემპი უფრო დაჩქარდება. აღსანიშნავია, რომ პროგნოზი კლიმატზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მიხედვით არის შემუშავებული და ის არ მოიცავს გაუთვალისწინებელ მოვლენებს, მაგალითისთვის, როგორიც ვულკანის ამოფრქვევაა.

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 2000-2020 წლებში მსოფლიოში ტემპერატურა საშუალოდ თითქმის 0.4 ℃-ით გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, ამ ცვლილებამ შესაძლოა, მოსავლის 30%-ით შემცირება და შესაბამისად, საკვებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ექსტრემალური და ცვალებადი ტემპერატურა თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მედიკოსების თქმით, ის ინსულტითა და ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად ზრდის.

გლობალური ტემპერატურის ასეთი მომატება ნათელყოფს, რომ მსოფლიოში კლიმატი მნიშვნელოვნად იცვლება. ეს ყველაზე მეტად არქტიკაში შეიმჩნევა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ივნისს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ არქტიკულ წრეში შემავალ ციმბირის ქალაქ ვერხოიანსკში 38 ℃ ტემპერატურა დააფიქსირა, რაც ამ ადგილისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *