Tesla ავტომობილის მართვის პარალელურად თამაშის ფუნქციას გათიშავს

Tesla ავტომობილის მართვის პარალელურად თამაშის ფუნქციას გათიშავს

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ მიიღო გადაწყვეტილება დასთანხმდეს მარეგულირებლის მოთხოვნას, ავტომობილის მართვის პარალელურად დიდ ეკრანზე თამაშის შესაძლებლობის ფუნქციის გათიშვასთან დაკავშირებით. Tesla-ს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება.

სამთავრობო სააგენტოს განცხადებით, Tesla-მ უკვე შეატყობინა მათ გადაწყვეტილება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ახალ განახლებაში აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ბოლო დროს ილონ მასკის ავტოკომპანიის მიმართ მომრავლდა უკმაყოფილებები. აღნიშნულ ფუნქციასთან დაკავშირებული რისკები სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა, თავად Tesla-ს საკითხის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის არგუმენტებით, Tesla-ს ავტომობილებში ხელმისაწვდომმა გასართობმა ფუნქციამ შესაძლოა მძღოლს ყურადღება გაუფანტოს და ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა გაზარდოს. ამიტომ, ის რისკის შემცველია.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ფუნქცია მძღოლისთვის არ იყო განკუთვნილი და მგზავრს თამაშის წინ ამ სტატუსის დადასტურება უწევდა, მაინც არ არსებობდა მძღოლისთვის თამაშისაგან შემაფერხებელი ბერკეტი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თავდაპირველად თამაშის ფუნქცია მხოლოდ გაჩერებულ ავტომობილში იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, 2020 წლის დეკემბრიდან, მგზავრს ფუნქციით სარგებლობა ავტომობილის გადაადგილებისასაც შეეძლო.

ცნობისათვის, შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოს Tesla-ს წინააღმდეგ გამოძიება ავტოპილოტის რეჟიმთან დაკავშირებული გადაცდომებისთვისაც აქვს დაწყებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *