კოხტა-მიტარბი ტურისტების მოლოდინში

კოხტა-მიტარბი ტურისტების მოლოდინში

ბაკურიანში, კოხტა გორა წლის ბოლოსთვის სრულიად ახალ სახეს შეიძენს, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსი შეიქმნება, რომელიც ოთხივე სეზონზე, 2017 წლის ბოლოდან პირველ დამსვენებლებს მიიღებს. კოხტა- მიტარბის პროექტი საქართველოში კერძო-საჯარო თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი წარმატებული მაგალითია, სადაც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგირო და ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარება აიღო საკუთარ თავზე, ხოლო “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ” (GRDC) – უძრავი ქონების დეველოპმენტი. პროექტის პირველი ფაზა, რაც სასტუმროს, საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსისა და საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, 2017 წლამდე უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო ეტაპზე მიტარბის განვითარების გენერალური გეგმა შემუშავდება, რომელიც კურორტის 10-15 წლიანი განვითარების კონცეფციას განსაზღვრავს. საბოლოოდ, მიტარბი უნდა იქცეს მაღალი სტანდარტის სერვისებისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან კურორტად, რომელიც დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.

კოხტა-მიტარბის პროექტის ერთ-ერთი ავტორი GRDC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა, ხოლო კომპანია “ახალი მიტარბის” დირექტორი – ზურა ჭარბაძე. თუ როგორ ვითარდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად წამოწყებული პროექტი, რას შესთავაზებს ის ტურისტებს და როგორ შეუწყობს ხელს ქვეყანაში სამთო ტურიზმის განვითარებას, Forbes Georgia-ს კითხვებს სწორედ ზურა ჭარბაძემ უპასუხა.

კოხტა-მიტარბი პირველი დამსვენებლის მიღებას 2017 წლის ბოლოს გეგმავს. რა ეტაპზეა ამჟამად კურორტის განვითარება, რა გაკეთდა და რა რაოდენობის თანხაა დახარჯული $50-მილიონიანი ინვესტიციიდან?

კომპანიამ “ახალი მიტარბი” საქართველოს მასშტაბით უნიკალური და გრძელვადიანი პროექტი დაიწყო, რომელიც მიტარბიში და ბაკურიანში, კოხტას მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების, წელიწადის ოთხივე სეზონზე მორგებული კურორტის განვითარებას მოიცავს. პირველი, რაც კურორტის სწორი გეგმარებისა და განვითარებისათვის გავაკეთეთ, მოვიწვიეთ ფრანგი არქიტექტორების ჯგუფი, რომელთაც განხორციელებული აქვთ არაერთი მასშტაბური პროექტი საფრანგეთის ალპებში, ასევე სხვა მსოფლიო მასშტაბით ცნობილ საერთაშორისო კურორტებზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაკურიანის ტერიტორიაზე დღემდე არსებული განაშენიანება მოკლებულია ერთიან კონცეფციას, საერთო არქიტექტურულ ხელწერას, რაც წარმატებული კურორტის შექმნის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. კოხტა და მიტარბი სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც შევინარჩუნეთ თავდაპირველი უნიკალური ბუნებით, ტყის მასივებითადალანდშაფტით. იმისათვის, რომ არსებული ბუნებრივი რესურსი უპირობოდ იქნეს შენარჩუნებული, მოწვეული უცხოელი და ქართველი არქიტექტორების მიერ დამუშავდა პროექტები, რომლებიც დაბალი ინტენსივობის განაშენიანებით, ინფრასტრუქტურის აუცილებელი პირობების გათვალისწინებით გზების, პარკირების ადგილების, რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონების, კურორტის ინფრასტრუქტურის შემადგენელი სხვა ელემენტების მოწყობას განაპირობებს. ის, რომ არქიტექტურა, შენობების ექსტერიერი მაქსიმალურად უნდა იყოს შეხამებული ბუნებასთან, ეს მოცემულობა და სტანდარტის აუცილებელი პირობაა. კურორტის განვითარება სწორედ აქედან იწყება და ამ მიზნით ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსები იხარჯება. ამ პრინციპებზე დაყრდნობით დავიწყეთ პროექტის განვითარება და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არა დამატებით შენობებისა და მეტი ფართის აშენება, არამედ თითოეული ხის შენარჩუნება და ბუნების დაცვა.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარე სტატუსს, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, დაწყებულია და შენდება საცხოვრებელი კომპლექსის აპარტამენტების პირველი ბლოკები და სასტუმრო. 2017 წლის ბოლოს დაგეგმილია როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელი კომპლექსის პირველი მომხმარებლებისა და მობინადრეების მიღება. აქვე აღვნიშნავ, რომ დასრულების საბოლოო კონდიცია ითვალისწინებს ე.წ. “Turn Key” პრინციპს, სრული ინფრასტრუქტურის ჩათვლით. საწყის ეტაპზე პროექტში ინვესტირებული თანხა 10 მლნ-ს აჭარბებს. პროექტის განვითარების ფაზები გაწერილია ეტაპობრივად, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში, მათშორის 2017 წლიდანმიტარბის მიმართულებით.

შარშან ზაფხულს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თქვენს კომპანიასა და მთავრობას გადანაწილებული ჰქონდათ შესასრულებელი სამუშაოები: მთავრობას უნდა შეექმნა ინფრასტრუქტურა, ხოლო GRDC-ს ტურისტული კომპლექსი განევითარებინა. როგორ შეასრულა მთავრობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა?

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შედგეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა. სახელმწიფოსა და, კერძოდ, “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” მიერ აქტიურად მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების, გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა “კოხტას” ახალი სათხილამურო მიმართულება, ამჟამად მიმდინარეობს მიტარბის მიმართულებით ახალი დამატებითი ხაზის მოწყობა. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და 2017 წლის ბოლომდე, აპარტამენტებისა და სასტუმროს კომპლექსის გახსნამდე, ახალი გზისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია “კოხტა–მიტარბის” პროექტის უნიკალურობა იმ კუთხითაც, რომსაქართველოში ეს პირველი პრეცედენტია 4-სეზონიანი კურორტის, რაც კერძო და საჯარო სექტორის ეფექტიანი ურთიერთანამშრომლობის შედეგია.

თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული შედეგით? უკვე არის ეს კურორტი ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ თუ არა? კიდევ რა იგეგმება სამომავლოდ, 15-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში?

ამ ეტაპზე დაწყებული სამუშაოები მხოლოდ ნაწილია მთლიანი პროექტისა და იმ მიზნისა, რასაც საერთაშორისო სტანდარტის მქონე კურორტის შექმნა ჰქვია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ უნდა მივიღოთ კეთილმოწყობილი, მაღალი სერვისებისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე “კოხტა-მიტარბის” ეკოლოგიური ზონა, რომელშიც დასვენება სასიამოვნო იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეკოლოგიური ტრანსპორტი შიდა გადაადგილებისათვის, სათხილამურო ხაზების გაგრძელება, სხვა საინტერესო სიახლეები, ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ზოგადად, რა მიგაჩნიათ აუცილებლად იმისთვის, რომ საქართველოში მთის კურორტები უფრო პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს? თუ გეგმავთ, პოპულარიზაცია გაუწიოთ მიტარბის კურორტს საზღვარგარეთ, მეტი უცხოელი ტურისტის მოსაზიდად?

საქართველოში მთის კურორტების განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით კოხტა-მიტარბის, ასევე ბაკურიანს, რომელსაც გააჩნია უნიკალური ბუნებრივი რესურსები და კლიმატური პირობები. დღეს ეს კურორტი მეტად ასოცირებულიაზამთრის პერიოდთან, მაგრამ რეალურად ოთხი სეზონის კურორტია, ამათგან ოთხივე სეზონი განსხვავებულია, გაზაფხულზე ფიჭვების ყვავილობის სამკურნალო პერიოდია, ხოლო შემოდგომაზე ბუნება არაჩვეულებრივ ფერთა გამით გვახარებს. ზამთრის განმავლობაში კურორტმა არამარტო დასვენების, არამედ საერთაშორისო ტურნეებისა და სპორტული აქტივობის დატვირთვა უნდა გაზარდოს, კოხტასა და მიტარბის მდებარეობა იდეალურია ნებისმიერ ამინდში თხილამურების მოყვარულთათვის. განვმეორდები, რომ კურორტის პოპულარიზაციისათვის უპირველესად აუცილებელია განაშენიანების რეგულირების ერთიანი გეგმის ჩამოყალიბება, რამაც უნდა უზრუნველყოს მოწესრიგებული მშენებლობების განვითარება, თანამდევი ინფრასტრუქტურის შექმნა გზებით, სატრანსპორტო კვანძებით, ასევე სასტუმროებისა და შესაბამისი სერვისების განვითარება. აღნიშნული კომპლექსური მიდგომებით შევქმნით ღირებულ კურორტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებას. ბუნებრივია, პარალელურად ქვეყნის გარეთაც საჭიროა ახალი საკომუნიკაციო არხების განვითარება, მათ შორისტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროების ქსელთან, უძრავი ქონების სააგენტოებთან. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა.