კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან $800-მილიონიან ხელშეკრულებას წყვეტს

კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან $800-მილიონიან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. გამოდის, $800-მილიონიანი “ნამახვანჰესის” ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული მდგომარეობა წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობებს, რომ  ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება უდა მოხდეს, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული მდგომარეობა წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე BM.GE-სთან ინვესტორი კომპანიის გადაწყვეტილების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ამით საქართველოს იმიჯი დაეცა.

„ისედაც არ იყო მაღალი და ახლა კიდევ უფრო მეტად დავარდა. მეორე საკითხია, რომ ENKA არ დაიხურავს ქუდს და არ წავა. ის აუცილებლად მოითხოვს მინიმუმ იმ თანხებს, რაც დახარჯა და გადაიხადა. ჩვენ ვიცით 34 მლნ, რაც მარტო მოსახლეობისთვის გაცემული კომპენსაციებია. გარდა ამისა, იქ ჩატარდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამდენად, მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა და ომი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა არაბიძემ.

მისივე თქმით, “მომხდარში დამნაშავეა ყველა, ვინც ის პროცესი არ შეაჩერა, რაც მიმდინარეობდა”. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პროექტის განხორციელებისთვის არსებული არასათანადო გარემო ამის წინაპირობას ქმნიდა.

„ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რადგან მდგომარეობა ვერ მართა. ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის განვითარებაზე, მისი ბრალია“, – აფასებს ენერგეტიკოსი.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ინვესტორი კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად დაიწყებს.

„ნებისმიერი კომპანია, რომელსაც ქვეყანა არ უქმნის პირობებს და რომლისთვისავ სამუშაო გარემოს შექმნას ვერ ახერხებს, არბიტრაჟში წავა. არბიტრაჟში საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ზარალი იქნება, რაც მიუღებელ ინვესტიციას და ჯარიმას მოიცავს. ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საინვესტიციო გარემოსთვის ეს უდიდესი დარტყმაა“, – უთხრა BM.GE-ის ენერგეტიკოსმა.

შესაძლო საარბიტრაჟო დავაზე საუბრისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე  გასულ კვირას განაცხადა, რომ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ არა მხოლოდ “ნამახვანჰესი”, არამედ შესაძლოა, სხვა საინვესტიციო პროექტებიც დაზარალდეს.

ცნობისთვის, ENKA Renewables-ი იმ 20 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ენერგოსექტორში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *