კომპანიები, რომლებიც $1 მილიონის მოგებას ყველაზე სწრაფად აგენერირებენ

კომპანიები, რომლებიც $1 მილიონის მოგებას ყველაზე სწრაფად აგენერირებენ

ფოტო: iStock by Getty Images

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები ერთდროულად ზრდიან ინვესტიციებს AI-ტექნოლოგიებში და ოპტიმიზაციის მიზნით თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებენ, ბიზნესის შეფასების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად არა მხოლოდ მასშტაბი, არამედ მოგების გენერირების სიჩქარე იქცა. BestBrokers-ის გუნდის მიერ სწორედ ამ კრიტერიუმით ჩატარებულმა ახალმა ანალიზმა აჩვენა, თუ რომელი საჯარო კომპანიები ახერხებენ $1 მილიონის წმინდა მოგების ყველაზე მოკლე დროში გამომუშავებას.

კვლევა საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს 200 უმსხვილეს საჯარო კომპანიას მოიცავს. ანალიზის ფარგლებში შეფასდა კომპანიების ფინანსური მონაცემები და წლიური წმინდა მოგება, რის საფუძველზეც დადგინდა, საშუალოდ რამდენი დრო სჭირდება თითოეულ კომპანიას $1 მილიონის წმინდა მოგების მისაღებად.

კვლევის შედეგების მიხედვით, ლიდერი Alphabet-ია, რომელიც $1 მილიონი წმინდა მოგების გენერირებას მხოლოდ 3 წუთსა და 59 წამში ახერხებს. ეს ნიშნავს, რომ Google-ის მშობელი კომპანია საათში დაახლოებით $15.01 მილიონს, ხოლო დღეში $362.1 მილიონს გამოიმუშავებს. Alphabet-ის წმინდა მოგებამ 2025 ფისკალურ წელს $132.2 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ზე მეტით ზრდაა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების ნაცვლად ზრდა შეინარჩუნა და 190,820 თანამშრომელი ჰყავს, ერთ დასაქმებულზე კი დაახლოებით $692,642-ის წმინდა მოგება მოდის.

მეორე ადგილზეა NVIDIA, რომელიც $1 მილიონის გამომუშავებას 4 წუთსა და 23 წამში ახერხებს. კომპანიის წმინდა მოგების გენერირების ტემპი საათში დაახლოებით $13.7 მილიონია, ხოლო დღიურად – $329 მილიონი. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია კომპანიის ეფექტიანობა თანამშრომელთა ჭრილში: NVIDIA თითო თანამშრომელზე დაახლოებით $5.2 მილიონის წმინდა მოგების გენერირებით თითქმის ყველა სხვა გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტს უსწრებს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შტატი 5,000-ზე მეტი თანამშრომლით გაზარდა.

ტოპ-სამეულს Microsoft-ი ასრულებს, რომელიც $1 მილიონის წმინდა მოგებას 5 წუთსა და 10 წამში აგენერირებს. კომპანიას საათში დაახლოებით $11.6 მილიონი, დღეში კი $279 მილიონი შესდის. Microsoft-ის ერთ თანამშრომელზე დაახლოებით $446,632-ის წმინდა მოგება მოდის.

Apple-ი, რომელიც რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა, $1 მილიონის წმინდა მოგების მიღებას 5 წუთსა და 36 წამში ახერხებს. ეს საათში დაახლოებით $10.7 მილიონს, ხოლო დღიურად $256 მილიონზე მეტს ნიშნავს. კომპანიას 166,000 თანამშრომელი ჰყავს, ერთ დასაქმებულზე კი საშუალოდ $564,675 წმინდა მოგება ნაწილდება, რაც მის მაღალ საოპერაციო ეფექტიანობაზე მიუთითებს.

რეიტინგის ზედა ნაწილში ტექნოლოგიური სექტორის მკაფიო დომინირება შეინიშნება. მათ შორის კი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების სიჭარბეა. კერძოდ, ათეულში წარმოდგენილი კომპანიებიდან რვა შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული.

კომპანიები, რომლებიც $1 მილიონის წმინდა მოგებას ყველაზე სწრაფად აგენერირებენ:
ადგილიკომპანიასექტორიქვეყანა$1 მილიონის გენერირების დრო
1Alphabet (Google)ტექნოლოგიებიაშშ3 წუთი 59 წამი
2NVIDIAტექნოლოგიებიაშშ4 წუთი 23 წამი
3Microsoftტექნოლოგიებიაშშ5 წუთი 10 წამი
4Appleტექნოლოგიებიაშშ5 წუთი 36 წამი
5Saudi Aramcoენერგეტიკასაუდის არაბეთი5 წუთი 38 წამი
6Amazonტექნოლოგიებიაშშ6 წუთი 46 წამი
7Berkshire Hathawayფინანსებიაშშ7 წუთი 51 წამი
8Meta Platformsტექნოლოგიებიაშშ8 წუთი 42 წამი
9JPMorgan Chaseფინანსებიაშშ8 წუთი 59 წამი
10TSMCტექნოლოგიებიტაივანი9 წუთი 31 წამი