კორპორაციული მონები

კორპორაციული მონები

რთულია იმის თქმა, თუ რა არის დღევანდელი კაპიტალიზმის ქვაკუთხედი. გამოკითხვის მოწყობა რომ შეიძლებოდეს (უფრო სწორად, ასეთ გამოკითხვას აზრი რომ ჰქონდეს), პასუხებში აუცილებლად იქნებოდა კერძო საკუთრება, ადამიანების თავისუფლება, იმოქმედონ საკუთარ ინტერესებში, კონკურენცია, საბაზრო მექანიზმი, მთავრობის ჩაურევლობა და ა.შ. მაგრამ ყველაფერი ეს, მეტ-ნაკლებად, არსებობდა ადრეც, ისტორიის იმ პერიოდშიც, რომელსაც კაპიტალიზმად არც მოვიაზრებთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პასუხი, რომელიც თითქოს ქრონოლოგიურად უფრო სწორია, არის შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელი ბიზნესებისა და კორპორაციების აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ბიზნესის მეწილე, რომელმაც, მოგების მიღების მიზნით, გარკვეული თანხა ჩადო კომპანიაში, ამ უკანასკნელის გაკოტრების შემთხვევაში კარგავს თავისი ქონების მხოლოდ იმ წილს, რომელიც კომპანიაში ჩადო და მეტს არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობა გვხვდებოდა აქა-იქ რენესანსულ ევროპაში და ახალი დროის ინგლისში, ის ოდენ ცალკეულ გამონაკლისს წარმოადგენდა და მხოლოდ 1855 წლიდან გახდა ბიზნესსამყაროს განუყოფელი ნაწილი.

თუმცა კაპიტალიზმის სხვა შემადგენელი ელემენტების მსგავსად, შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპიც თურმე გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე თავად კაპიტალიზმი. და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვიდრე ფეოდალიზმიც კი. ამ პრინციპის პირველი გამოვლინება, რომლის შესახებ გამიგია, გვხვდება მონათმფლობელურ რომში.

წინასწარ შევთანხმდეთ, რომ მონათმფლობელობა გაუმართლებელი და უპატიებელი ცოდვაა და ყველაფერს, რაც შემდგომში წერია, შევხედოთ ეკონომისტის (ან, გნებავთ, იურისტის) პერსპექტივით. მონა წარმოადგენს მფლობელის საკუთრებას და, ამდენად, მფლობელი მონის ქმედებებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. მეორე მხრივ, თუ მონა გადაწყვეტს, სამაგიერო გადაუხადოს მფლობელს და განგებ დაწვავს ვინმეს სახლს ან ჩაძირავს ვინმეს გემს – რა ქნას „საწყალმა“ მფლობელმა? ამიტომ რომაული კანონმდებლობა ზღუდავდა მონათმფლობლის პასუხისმგებლობას, თუკი მონის ქმედებები არ იყო მფლობელის პირდაპირი მითითების შედეგი.

დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა გავრცელდა ფინანსურ საქმიანობაზეც, რის შედეგადაც წარმოიშვა მეტად უცნაური და საინტერესო ინოვაცია. მდიდარი რომაელი აფუძნებს ბიზნესს, რომლის სათავეში აყენებს საკუთარ მონას. მონას აქვს მოქმედების თავისუფლება და მის სახელზე, დღევანდელი ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, იხსნება ანგარიში – ე.წ. peculium-ი. იმ შემთხვევაში, თუ მონა ვერ მართავს ბიზნესს სათანადოდ, კრედიტორს აქვს შესაძლებლობა, დაისაკუთროს პეკულიუმი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ის. მონათმფლობლის პასუხისმგებლობა სრულდება პეკულიუმით, თუკი მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მონა სრულიად თავისუფალი იყო თავის ბიზნესგადაწყვეტილებებში.

თუ არ ჩავთვლით მონას, ეს ინსტიტუტი ძალიან ჰგავს დღევანდელ კორპორაციულ შეზღუდულ პასუხისმგებლობას. გარდა იმისა, რომ ინვესტორის ზარალი შეზღუდულია, მისი ჩართულობა ბიზნესის საქმიანობაში მინიმალურია და მას აქვს დივერსიფიკაციის საშუალება – მთავარია ფინანსური განათლების მქონე მონები ეყოს.

ამ ამბიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველ რიგში, მიუხედავად სკოლის წიგნებიდან მოყოლებული ჩვენი წარმოდგენებისა, მონები ძველ რომში არ იყვნენ მხოლოდ შავი მუშები და სახლის მსახურები. ბიზნესის წარმატებულ მართვას გინდა რომში და გინდა დღეს სერიოზული ცოდნა, უნარები და ნიჭი სჭირდება. მეორე – ასეთ ინსტიტუციურ მოწყობას სჭირდება გარანტია იმისა, რომ მონისა და მფლობელის ინტერესები სინქრონიზებული იქნება[1]. შესაბამისად, მონას უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ იზრუნოს ბიზნესის (და, შესაბამისად, მფლობელის) მოგების მაქსიმიზებაზე. ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი მონის უპირველესი ინტერესი და ოცნება მისი თავისუფლებაა, უაღრესად მარტივად მიიღწეოდა. წარმატებული მონა-მენეჯერი იღებდა შემოსავალს, რომელიც უკავშირდებოდა ბიზნესის წარმატებას და, რაც მთავარია, მას ჰქონდა უფლება, თავი გამოესყიდა. ერთი მხრივ, თითქოს მფლობელის ინტერესებში არ იყო წარმატებული მონის გათავისუფლება – სხვა თუ არაფერი, ვინ გაუშვებს თავისი ნებით ადამიანს, რომელიც შემოსავლის წყაროა? მაგრამ რომაელებმა აქაც იპოვეს გამოსავალი – განთავისუფლებული მონები ინარჩუნებდნენ ყოფილ მფლობელებთან თანამშრომლობის ვალდებულებას. ამით მფლობელისა და მონის ინტერესები სრულიად სიმეტრიული იყო და მფლობელი, რომელიც უშვებდა (არა უფასოდ) მონას, სანაცვლოდ იძენდა უკვე წარმატებულ ბიზნესპარტნიორს. დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა საკმაოდ პოპულარული გახდა – მონები მფლობელის სახელით მართავდნენ უძრავ ქონებას, ახორციელებდნენ სავაჭრო და საბანკო ტრანზაქციებს. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის ყოვლად უცნაური ფაქტი, რომ საკმაოდ ხშირი იყო რომაელების მიერ საკუთარი თავის მონობაში მიყიდვა, რადგან ამით მათ ჰქონდათ კარიერული წინსვლის შანსი, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონოდათ. რა საჭიროა იურიდიული რეფორმა, თუ არსებული ინსტიტუტების ინტერპრეტაცია შეიძლება მაქსიმალურად გაწელო?

ამდენად, ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა ფინანსური ინოვაცია, რომელიც ამცირებდა ინვესტორის რისკს, აძლევდა მას რისკის დივერსიფიცირების საშუალებას, ქმნიდა მენეჯერული ნიჭის გამოვლენის და ეფექტიანი გამოყენების სტიმულს და წარმოადგენდა ვაჭრობის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

 

 

[1] ეს პრობლემა დღესაც ერთ-ერთი ძირეულია ფირმის თეორიაში – როგორ უნდა უზრუნველყოს ფირმის/კომპანიის მფლობელმა მისი დაქირავებული მენეჯერის მის (მფლობელის) და არა საკუთარ ინტერესებში მუშაობა, მუდმივი მონიტორინგის გარეშე იმ შემთხვევაში, თუკი მფლობელისა და მენეჯერის ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს? სტანდარტული პასუხია, რომ მენეჯერი უნდა ინაწილებდეს კომპანიის მართვის რისკს და, ამდენად, მას საკუთარი რესურსები (რაიმე ფორმით) უნდა ჰქონდეს დაბანდებული ბიზნესში.