კრემლი: პუტინი და ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის ევროპულ-უკრაინულ იდეას არ ემხრობიან

კრემლი: პუტინი და ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის ევროპულ-უკრაინულ იდეას არ ემხრობიან

კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ცეცხლის დროებით შეწყვეტის ევროპულ-უკრაინულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ. რუსული მხარის თქმით, კიევმა დონბასის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა. კრემლის საგარეო პოლიტიკის კურატორის, იური უშაკოვის ინფორმაციით, პუტინთან სატელეფონო საუბრის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი იყო და ამის მიზეზი მაიამიში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ მხარეების პოზიციებზე კონსულტაცია გახლდათ.

„მთავარი ის არის, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს უკრაინელებისა და ევროპელების მიერ შემოთავაზებულ ცეცხლის დროებით შეწყვეტის ვარიანტზე მსგავსი პოზიცია აქვთ,“ – განაცხადა უშაკოვმა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა ნებისმიერ კონტექსტში ომის გახანგრძლივებას და დამატებით მსხვერპლს გამოიწვევს, თუნდაც მასზე თანხმობა რეფერენდუმისთვის მომზადების ფარგლებში მიიღწეს.

მოგეხსენებათ, რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ დონბასზე სრულ კონტროლს ითხოვს. ამჟამად რუსეთი რეგიონის 90%-ს აკონტროლებს, თუმცა უკრაინელებისაგან დარჩენილი 10%-ის დათმობასაც ითხოვს. საერთო ჯამში კი, რუსული შეთავაზება უკრაინის ტერიტორიის 20%-ის კონტროლს ითვალისწინებს.

„დონალდ ტრამპი შეთანხმების მიღწევის რეალური პერსპექტივის შესახებ რუსეთის შეფასებას ყურადღებით უსმენდა, – განაცხადა კრემლის საგარეო პოლიტიკის კურატორმა. – ტრამპი დაჟინებით მიჰყვება იმ პოზიციას, რომ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა აუცილებელი და საუბრობდა აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შთამბეჭდავ პერსპექტივაზე“, – აღნიშნა უშაკოვმა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.